Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოჩიევი: ახალგორის მცხოვრებთაგან დივერსიულ ჯგუფებს ქმნიან


ბორის ჩოჩიევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი
ბორის ჩოჩიევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ახალგორის რაიონში მცხოვრები ხათუნა ჩარაევა დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ირწმუნება, რომ თბილისში სავაჭროდ ჩასული ჩარაევასთვის 30 ათასი ყალბი ამერიკული დოლარის აღმოჩენის ბრალდება პროვოკაციაა და მიზნად ახალგორის მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას ისახავს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამო, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართეს. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა დღეს სააგენტო რესს განუცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით საზღვარი, შესაძლოა, საერთოდ დაიკეტოს, რადგან ახალგორის რაიონის მცხოვრებთაგან, რომლებიც თბილისისკენ თავისუფლად მგზავრობენ, ტერაქტების განსახორციელებლად დივერსიულ ჯგუფებს ქმნიან. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს თბილისში აბსურდად და პროვოკაციად აფასებენ.

ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით გუშინ ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი გამოვიდა. პირველად მან ეს ინიციატივა რამდენიმე თვის წინ წამოაყენა, მაგრამ რუსული საოკუპაციო სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელობისგან და კოკოითის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მისი აზრით, საზღვარი ნახევარი წლის განმავლობაში მთლიანად უნდა ჩაიკეტოს, რომ დადგინდეს მოსახლეობისა და დევნილების ზუსტი რაოდენობა, რაც ბიუჯეტის განსაზღვრისთვის და სხვადასხვა პროგრამების ამოქმედებისთვის არის აუცილებელი. ჯუსოევის თქმით, ამჟამად მკვიდრი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ახალგორელების ნაწილი ერთდროულად - წეროვანშიც ცხოვრობს და ახალგორშიც. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ამჟამად წეროვანში მცხოვრები ახალგორელები დაბაში დაუბრკოლებლად შედიან და კოკოითის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ პენსიას და ხელფასს იღებენ.
XS
SM
MD
LG