Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის რადარები “ოკუპირებული ტერიტორიული” წყლებისათვის


ზაზა გოგავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ზაზა გოგავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე
საქართველოს გადაიარაღების საკითხი ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის არ არის მხოლოდ განცხადებების თემა. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე, გონიოში, დაიწყო რიგით მესამე ამერიკული რადარის დამონტაჟება, რაც უახლოეს მომავალში დასრულდება. ზემოხსენებული ინფორმაცია ამერიკულ მედიას დაუდასტურა შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეიმს კელიმ, რომელიც ამ დეპარტამენტში საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს. მსგავსი ამერიკული რადარები უკვე არსებობს ჩაქვსა და ანაკლიაში და ქართველ მესაზღვრეებს საზღვრის კონტროლში დიდ დახმარებას უწევსო, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გენერალმა ზაზა გოგავამ.

ზაზა გოგავა: “მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს სანაპირო დაცვის ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვა და ერთ-ერთი მიმართულება არის რადარები, რომელიც სანაპირო დაცვას და მის სამსახურებს ეხმარება გააკონტროლოს ტერიტორიული წყლები, უზრუნველყოს უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხი და მოგვაწოდოს ყოვლისმომცველი ინფორმაცია, თუ რა ხდება ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიულ წყლებში, როგორია მცურავი საშუალებების გადაადგილება და ასე შემდეგ. აქამდე გვქონდა რამდენიმე ასეთი რადარი, ახლა დაემატა გონიოს რადარი, რომელიც შეავსებს იმ “შავ ხვრელებს”, რომლებიც არსებობდა ჩვენს ტერიტორიულ წყლებში.“

თავისუფლება: “რომელია ყველაზე უფრო მგრძნობიარე, ყველაზე უფრო საშიში ხვრელი ამ თვალსაზრისით?“

ზაზა გოგავა: „მთელი ჩვენი ყურადღება არის მიპყრობილი ოკუპირებული ტერიტორიული წყლებისაკენ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ ოკუპირებული ტერიტორიულ წყლებისაკენ. მოგეხსენებათ, ხშირია ფაქტები, რომ კონტრაბანდული ტვირთები მოძრაობენ აღნიშნულ ტერიტორიულ წყლებში.“

თავისუფლება: “რამდენად ზუსტ კოორდინატებს გაწვდით ამერიკული რადარების პლანშეტი? იქნებ, გაიხსენოთ ერთი ორი ფაქტი, როცა რადარები დაგეხმარათ თქვენი მოვალეობის შესრულებაში.“

ზაზა გოგავა: “ყველა ის გამოვლენილი ფაქტი, რაც არსებობდა (ბოლო სამი წლის განმავლობაში 230-ზე მეტი), ყველა არის დამსახურება ამ უსაფრთხოების სისტემების. და არამარტო იმაში გვეხმარება ჩვენ, რომ დავაკავოთ კონტრაბანდული ან დამრღვევი მცურავი საშუალება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გაერთიანებული ვართ ბევრ იმ ხელშეკრულებაში, რაც არსებობს შავი ზღვის ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ამ არსებული რადარებით მოპოვებული ინფორმაციების გაცვლა მიმდინარეობს ყველა ჩვენს უცხოელ პარტნიორთან.“

თავისუფლება: „აგვისტოს ომის დროს იყო მცდელობა ანაკლიაში დამონტაჟებული რადარის განადგურებისა. მგონი, მას რაკეტაც ესროლეს. ამჟამად რა მდგომარეობაშია დაზიანებული რადარი?“

ზაზა გოგავა: “დიახ, იყო რადარის განადგურების ამგვარი მცდელობა. გარკვეულწილად, მათ [რუსეთის ჯარებმა] შეძლეს მისი დაზიანება. მაგრამ დაზიანება ყველანაირად აღმოფხვრილია. ამჟამად რადარი მოქმედებაშია და ჩვეულებრივად ასრულებს თავის სამუშაოს. რაც შეეხება გონიოს მესამე რადარს, იგი უახლოეს ხანებში შევა ექსპლუატაციაში. ახლა მიმდინარეობს მისი ტესტირება და როცა დასრულდება რადარის შემოწმება, მერე შევა ექსპლუატაციაში.“

და კიდევ ერთი ინფორმაცია განსახილველ თემასთან დაკავშირებით: ამერიკული რადარის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე, გონიოში, ევროპაში აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსის ოფიცერი ჩარლზ სამუელი ხელმძღვანელობს. რადარის ღირებულება შეერთებული შტატების 500 ათასი დოლარი იქნება. პარალელურად, მომზადდებიან ქართველი სპეციალისტები, რომლებიც რადარების შემდგომ ექსპლუატაციას უზრუნველყოფენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG