Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის სოხუმის უნივერსიტეტის გზა ქართველი და აფხაზი ხალხების გაერთიანების გზა?


შოთა მალაშხია (მარცხნივ) და ბეჟან ხურციძე
შოთა მალაშხია (მარცხნივ) და ბეჟან ხურციძე
როგორი კონტაქტები აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან? როგორ ვითარდება უნივერსიტეტი? რა სიახლეები აქვს მას, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას? შესაძლებელია თუ არა ის გახდეს მიმზიდველი აფხაზი ახალგაზრდებისათვის? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე შეეცადა.

”ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ყველა ლეგიტიმური სტრუქტურა გააქტიურდეს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სოხუმის უნივერსიტეტის მიღწევები საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გვინდა, რომ ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში სწორედ ეს უნივერსიტეტი იყოს ფიქსირებული და არა ის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა”, - ეს განცხადება პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ 23 დეკემბერს პარლამენტში გააკეთა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და რექტორი სპეციალურად მოწვეულ სხდომაზე იმ მიღწევების შესახებ საუბრობდნენ, რაც დევნილ უნივერსიტეტს ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდა. მიღწევებისა და სიახლეების შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ ისაუბრა: პოლონეთში, ტორუნის უნივერსიტეტში, მოგვეცა საშუალება წარგვედგინა ჩვენი დევნილი უნივერსიტეტი, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გვქონდა საშუალება მოგვეყოლა, თუ რატომ ვართ დევნილობაში, რა ტრადიციების მქონე უნივერსიტეტია ეს, როგორ მუშაობს ის სტუდენტებთან, დევნილებთან...”

უნივერსიტეტის თაოსნობით ცოტა ხნის წინ შეიქმნა აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტიც, რომელიც არა მხოლოდ აფხაზურ ენაზე წიგნების გამოცემით არის დაკავებული, არამედ, საერთოდ, აფხაზური კულტურის განვითარებით: ”ეს გახლავთ აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ აფხაზურად,

დიმიტრი გულიას თარგმანი, რომელსაც ახლავს პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის კომენტარები. ახლა ჩვენ კიდევ ერთ დიდი პროექტზე ვმუშაობთ - ეს არის აფხაზურ-ქართული ლექსიკონი და სხვა ქართველ კლასიკოსებსაც ვთარგმნით აფხაზურად.”

ლია ახალაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანია. ის ამბობს, რომ სოხუმში დარჩენილი - ჯერ კიდევ ომამდე გაყოფილი - უნივერსიტეტი მათი ნაწილია. რა ხდება აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მას უწოდებენ? რა რესურსი არსებობს?

ცნობილია, რომ სოხუმში საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, საერთოდ, საგანმანათლებლო სტრუქტურა - ეს ყველაფერი რუსულია და რუსულ ენაზე. ისიც ცნობილია, რომ აფხაზური ენის სექტორს მხოლოდ ფორმალური დატვირთვაღა შერჩა.

ლია ახალაძე: ”მე როგორც ვიცი, არის რესურსი აფხაზურ ფილოლოგიასა და ისტორიაში, მაგრამ უჭირთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, იურისპრუდენცია. აფხაზური სექტორი კი, როგორც ვიცი, მხოლოდ აფხაზურ ფილოლოგიაში დარჩათ და ისიც ფორმალურად. სკოლებშიც კი მხოლოდ მესამე კლასამდე ასწავლიან აფხაზურად, რადგან სამეცნიერო ტერმინოლოგია მათ აფხაზურად არა აქვთ დამუშავებული..”

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ 23 დეკემბერს ისიც თქვა, რომ მათი უნივერსიტეტი სიამოვნებით მიიღებდა აფხაზ სტუდენტებს და აფხაზურ ენასაც შეასწავლიდნენ.

თავის მხრივ, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს. თუმცა სანამ საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარების შესახებ უცვლელია, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეუძლებელი იქნება აფხაზეთის უნივერსიტეტი დასავლეთმა აღიაროს. ქართველ პროფესორებს კი, რომლებიც სოხუმის უნივერსიტეტის სახელით თბილისში განაგრძობენ მოღვაწეობას, იმედი აქვთ, რომ, აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში, გახლეჩილი უნივერსიტეტი ისევ გამთლიანდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG