Accessibility links

logo-print

მოლდავეთში შობის აღნიშვნის დღეზე ვერ შეთანხმდნენ


საახალწლო ნაძვის ხე, კიშინიოვი, მოლდავეთი

საახალწლო ნაძვის ხე, კიშინიოვი, მოლდავეთი


შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი - 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი - მოლდავეთში კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური უთანხმოების საბაბი. მეტიც, წელს ამ დისკუსიამ მთავრობასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.

როდის უნდა ვიზეიმოთ შობის დღესასწაული?

ბევრ ქვეყანაში ამ კითხვას მარტივად გასცემენ პასუხს, მაგრამ სხვაგან ვითარება ცოტა უფრო რთულია.

მოლდავეთში, მაგალითად, შობას სამნაირად აღნიშნავენ. ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრები ამ დღესასწაულს ძველი კალენდრით, 7 იანვარს ზეიმობენ; პროდასავლური ორიენტაციის ინდივიდები და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები ამ დღესასწაულს, ახალი - გრიგორიანული - კალენდრის თანახმად, 25 დეკემბერს აღნიშნავენ. კიდევ სხვებმა კი კომპრომისულ ვარიანტს მიაგნეს და შობას ორივე ჯერზე ზეიმობენ.

კიდევ ერთ ჯგუფს კომუნისტები შეადგენენ, რომლებიც შობის დღესასწაულს საერთოდ არ აღნიშნავენ და მხოლოდ ახალი წლის დადგომას ზეიმობენ ხოლმე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - 1991 წლიდან - მოლდაველებს შორის არ წყდება კამათი შობის დღესასწაულის თარიღის დაკანონებასთან დაკავშირებით. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.

ქვეყნის ახალმა, პროდასავლურმა, მთავრობამ გადაწყვიტა 25 დეკემბერი ოფიციალურად გამოეცხადებინა დღესასწაულად - 7 იანვარი, ცხადია, ძალაში დარჩა. ამ ნაბიჯმა მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განაწყენება გამოიწვია და კიდევ ერთხელ განაახლა მოლდავეთისთვის აქტუალური დისკუსია რუსეთსა და რუმინეთთან არსებული კავშირების შესახებ:

კიშინიოვის ქუჩებში განსხვავებულ თვალსაზრისებს შეხვდებით.

„ჩვენი ხალხის ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტეს დაბადება 7 იანვარს უნდა ვიზეიმოთ. რუმინელები რატომ არ აკანონებენ 7 იანვარს ოფიციალურ დღესასწაულად, ჩვენი მართლმადიდებლობის პატივსაცემად?“ - გვითხრა ერთმა ქალმა.

„ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, 25 დეკემბერი ჩვენც უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ 7 იანვარიც დღესასწაულად უნდა დარჩეს, რათა არავინ იყოს დისკრიმინაციის მსხვერპლი“, - განაცხადა დედაქალაქის კიდევ ერთმა მცხოვრებმა ქალმა.

საახალწლოდ მორთული კიშინიოვის ქუჩა


ეს დისკუსია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტიურად გასულ ზამთარს დაიწყო, როცა ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, კომუნისტმა ვლადიმირ ვორონინმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქის მთავარ მოედანზე ნაძვის ხეს 30 დეკემბრამდე არ დადგამდნენ, ანუ დადგამდნენ დასავლური შობიდან რამდენიმე დღის მერე.

ამ უპრეცედენტო ნაბიჯმა ლიბერალი მოლდაველების პროტესტი გამოიწვია. მათ შორის იყო კიშინიოვის პროდასავლელი მერი, დორინ კირტოაკა, რომელიც ოფიციალურ აკრძალვას არ დამორჩილდა და, მისი ბრძანებით, ქალაქის ცენტრში ნაძვის ხე 9 დეკემბერს აღმართეს.

იმავე ღამით ნაძვის ხე პოლიციამ აიღო, მოედნის მთავარი მოედნის მიმდებარე ტერიტორია კი გადაკეტა.

წელს ვორონინი პრეზიდენტი აღარ არის და საშობაო ნაძვის ხეები ქვეყანაში ბევრ ადგილას აღიმართა დასავლური შობის წინ.

მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილება, 25 დეკემბერი ოფიციალურ დღესასწაულად გამოეცხადებინა, უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომელიც კვლავ მოსკოვის გავლენიანი საპატრიარქოს ერთგული რჩება.

ეკლესიამ მწვავედ გააკრიტიკა მთავრობა - განაცხადა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ მორწმუნეებში „დაბნეულობა“ გამოიწვია, და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს:

„ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ის მოლდავეთის ეკლესიის წინამძღოლთან, ვლადიმირთანაც შევათანხმეთ. ძალიან გაგვაკვირვა მათი მხრიდან პოზიციის და ქცევის შეცვლამ, მაგრამ ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. მთავრობის პრიორიტეტია იმის უზრუნველყოფა, რომ მოლდავეთის ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები დაცული იყოს“, - განაცხადა მან.

ქვეყანაში მოქმედი კიდევ ერთი მართლმადიდებელი მიმდინარეობა - რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შემავალი ბესარაბიის მიტროპოლია - ამ დავაში არ ჩარეულა.

უკვე წლებია, მიტროპოლია საშობაო წირვას ორჯერ ატარებს, ორივე მხარის დასაკმაყოფილებლად.

მიტროპოლიის ბევრი მღვდელი არ ეთანხმება ეკლესიის ჯიუტ პოზიციას და მას ძალაუფლების გაზრდის სურვილის ქონაში ადანაშაულებს.

„როდის აღნიშნავს ადამიანი ამა თუ იმ დღესასწაულს - ეს აბსოლუტურად პირადი არჩევანია. რატომ არ უნდა დაწესდეს 25 დეკემბერი დღესასწაულად, თუკი ბევრი მორწმუნე ახალი კალენდრით ზეიმობს შობას? მათ, ვინც შობას ძველი კალენდრით აღნიშნავს, შეუძლიათ კვლავაც ასე მოიქცნენ - ამ დღეს მათ არავინ ართმევს“, - ამბობს მიტროპოლიის მღვდელი იოან კუინტუ და დასძენს: „მორწმუნეების ემოციებით მანიპულირების გზით პრობლემების შექმნა და პოლიტიკური თამაშების თამაში ძალიან იოლიაო.“

ასეა თუ ისე, მოლდავეთში წელს შობას ისევ ორჯერ იზეიმებენ - ოღონდ ამჯერად ორივე ჯერზე ეს დღესასწაული ოფიციალურად დაკანონებული იქნება.
XS
SM
MD
LG