Accessibility links

logo-print

პროკურორი მუხროვანის საქმეზე განსასჯელთა ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვს


23 დეკემბერს ხანგრძლივი საბრალდებო სიტყვის წაკითხვის შემდეგ პროკურორმა მოსამართლისგან მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ საქმეში მთავარი ფიგურებისთვის გრძელვადიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა. საინფორმაციო სააგენტო “სივილ.ჯორჯიას” ცნობით, პროკურორმა კობა ოთანაძისთვის 30 წლიანი პატიმრობა მოითხოვა; რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის, ლევან ამირიძისთვის - 29 წელი; მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაურის, შოთა (მამუკა) გორგიაშვილისთვის კი - 19 წელი. პროკურორმა ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურისთვის, გენერალ კობა კობალაძისათვის 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ოთხივე განსასჯელს ბრალად ედება ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. თუმცა ოთხივე მათგანი ამ ბრალდებას უარყოფს. პროკურორმა 4-წლიანი პატიმრობა და 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა მე-3 ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის კახა კობაიძისთვის, ხოლო 4-წლიანი პატიმრობა და 20 000-იანი ჯარიმა - პირველი ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის დავით სულხანიშვილისათვის. სასამართლო განსასჯელთა ადვოკატების დასკვნით სიტყვას შემდგომ სხდომებზე მოისმენს.
XS
SM
MD
LG