Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადურ წულაძე - მსახიობი


22 ნოემბერი, კვირა
„ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება...“
არ ვიცი, რა იწვის და სად დნება, მაგრამ დიდ ავანტიურაში რომ გავები - ფაქტია. რომელი ლევ ტოლსტოი ან შეყვარებული ეგზალტირებული კურსისტკა მე ვარ, რომ დღიურები ვწერო?! „Дорогой мой дневник, тебе вверяю я свои сокровенные мысли”.
მაგრამ რადგანაც დავპირდი, რას იზამ, არც ვირი მოკვდა, არც ვირის პატრონი.
სხვათა შორის, ღმერთმა დამიფაროს, მე კანტი არა ვარ, მაგრამ ეგეთი „უფერული“ ცხოვრება, მას რომ ჰქონდა, ვერ წამომიდგენია! მაგრამ - „სულიერი!!!“
კარგი, დავიწყოთ...
თავისუფლების დღიურები - ბადურ წულაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:14:29 0:00

გამაფრთხილეს, გადაღებისთვის პირველ საათზე მზად იყავიო. მეც პირველი საათისთვის მოვემზადე. ჩავიცვი, რაც საჭირო იყო და...
გავიდა დღე - „ни слуху ни духу...“
დავიწყე კითხვა. შრი აურობინდო მანამდე არ წამიკითხავს -საოცარი ფილოსოფოსი, უფრო მისტიკოსი. საერთოდ, ფილოსოფოსი, მით უმეტეს, მისტიკოსი, არ შეიძლება, მართალი იყოს ან ცდებოდეს. ის არის თავის თავთან და მარტო თავის თავთან. შენ მას უნდა ელაპარაკო მის ენაზე. შეიძლება დაამყარო კონტაქტი ან არა, შეიძლება გზის პატარა მონაკვეთს მაინც გაუყვე. აი, საოცრება – „Кто-то постановил, что бог должен быть таким-то, таким-то, или это не бог. По-моему же, мне дано лишь познать, что есть бог.“
და როცა ამ მშვენიერებაში ვარ, დამირეკეს, არიქა, მანქანა გელოდებათ სადარბაზოსთანო (შვიდის ნახევარია!!!). ჩავედი. სადაა მანქანა?! ამ სიცივეში და ქარში ველოდე 20 წუთი და, რასაკვირველია, გავცივდი. იყო მომენტი, ვიფიქრე, ერთი მაგათი გადაღებაც, ავალ სახლში და ჩავწვები თბილ ლოგინში-მეთქი. მაგრამ...
ასე გაცივებული მივედი გადაღებაზე. კიდევ კარგი, რთული სცენა არ იყო.
და აი, ვზივარ გაცივებული, ცხვირიდან მდის ნიაგარა, ვზივარ და ამ სტრიქონებს ვწერ. მგონი, საკმარისია, თორემ საერთოდ ვერაფერს ვეღარასოდეს ვეღარ დავწერ.
დღეს მიშა კალატოზიშვილის საღამო იყო და ვერ დავესწარი - გადაღება მქონდა. ძალიან მაინტერესებდა მისი ბოლო ფილმის ნახვა, მაგრამ ვერ შევძელი.
მიშა ჩემთვის იყო პატარა ბავშვი, რომელიც იყო ტიტო კალატოზიშვილის შვილი. და ტიტო იყო ჩემთვის უახლოესი მეგობარი. ამიტომ მე უფრო ტიტოსთან მქონდა ურთიერთობა, და მიშა ბავშვობიდან მახსოვს.
ტიტო გენიალური პიროვნება იყო! იალტაში, საწყალი ტიტო რომ გარდაიცვალა, „სკაპენის ოინებს“ იღებდა და მერე მიშას მოუწია ფილმის დამთავრება.
მიშას გარდაცვალება რომ გავიგე... „მეწყინა“ ალბათ ის სიტყვა არ არის, ემოციაც ვერ გამოვხატე ვერანაირად. ვერ წარმომიდგენია, როგორ... ეს - ახალგაზრდა კაცი და მე ამხელა... არ ვიცი... ძალიან ძნელია. როდის რა მოხდება და როდის მოვა შენთან ის, რაც უნდა მოვიდეს, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია. და ამიტომ ჩემი ასაკის პრობლემაა - ხალხი მიდის. ირგვლივ თითქმის არავინ რჩება.
სამწუხაროა...

23 ნოემბერი, ორშაბათი
ნიკოლოზ მეორეს კარგად ჰქონდა საქმე. დაწერა: „Сегодня я подстрелил ворону“ და დღემდე ეს ფრაზა ყველამ იცის. მართალია, ცუდად კი დაამთავრა.
როგორც ყოველთვის, ველოდები, როდის მომაკითხავენ და გადაღებაზე წამიყვანენ.
რა ვქნა, ვკითხულობ...
და აი, როგორც იქნა, წავედით გადაღებაზე. ამ სიცივეში რესტორნის ვერანდაზე უნდა გვქონდეს გადაღება. არადა, მე გაციებული ვარ, დამავიწყდა თქმა.
საოცარია - გადაღებაზე გაიჩითა ვინმე ზანგი დანიელა, მგონი ნიგერიიდანაა, მგონი ფეხბურთელი. რაც მთავარია, მშვენივრად ლაპარაკობდა ქართულად.
მგონი, ასრულდა „ზვიადისტების“ ოცნება - მალე მთელი მსოფლიო ქართულად ილაპარაკებსო.
მადლობა ღმერთს, მალე მოვრჩი გადაღებას და სახლში წამიყვანეს.
ისე ცუდად ვიყავი, უცებ აღმოვჩნდი ლოგინში.
სამშაბათ დილით ვწერ ორშაბათის ამბავს - დღიურო, მაპატიე!

24 ნოემბერი, სამშაბათი
დღეს ლექცია მაქვს უნივერსიტეტში. ვერ გავიგე საერთოდ, რომელი კურსია. ისე აურიეს ყველაფერი, რომ ამის გაგება შეუძლებელია. საერთოდ, სარეჟისოროზე ასე ჩარიცხვა მიუღებლად მიმაჩნია.
გასაგებია, ორჯერ ორი აფრიკაშიც და საქართველოშიც უდრის ოთხს. ხელოვნებაში ეგრე არ არის. შეიძლება ისეთი ვინმე მიიღო, რომელმაც ბევრი რამ არ იცის, და შენ, მარტო შენ, დაინახე მასში შემოქმედი. და, საერთოდ, ვინც კარგად - სწორად - პასუხობს „უნარებზე“, ის ახლოს არ უნდა გააკარო ხელოვნებას. მან უკვე ყველაფერზე იცის პასუხი, თან ისეთი, როგორიც სხვას აწყობს.
და კიდევ, ეს „კრედიტები“! შეიძლება, პედაგოგი ელოდოს, როდის გაუთავდება ეს კრედიტები უნიჭო მევიოლინე სტუდენტს?
ან ეს ნიშანი „აქტიურობაში“?!
მე ამიხსნეს, რომ ეს ნიშნავს: სტუდენტი შეკითხვებს სვამს, საერთოდაც აქტიურობს... და ეს ყველაფერი რო ფიქციაა, ვერ ხვდებიან?
საერთოდ, სიტყვა „ლექცია“ მე არ მიმაჩნია სწორად. ლექციებს კითხულობდნენ საზოგადოება „ცოდნაში“. იყიდდი აბონემენტს და გიკითხავდნენ ლექციებს. აქ უნდა იყოს სახელოსნოს პრინციპი. სტუდენტები თვითონ უნდა სწავლობდნენ, ხელმძღვანელი კი დავალებებს უნდა აძლევდეს, აკონტროლებდეს და ზომიერ ფარგლებში უსწორებდეს.
როგორ შეიძლება, ლექციებით რეჟისორობა ისწავლო?
ცოდნა... სამწუხაროდ, ლიტერატურა - „ნიხტ!“ სახვითი ხელოვნება, მუსიკა, კინო - იგივე!
ВГИК-ში მე არაფერს მასწავლიდნენ - თვითონ ვისწავლე ყველაფერი. პედაგოგი კი გვერდში მედგა. არავის არაფერს არ ეხვეწებოდნენ: არ გინდა? - არავინ გაძალებს.
აუდიტორიაში სიცივეა - ეს ჩვენ არ გვეხებაო?! არავითარი ტექნიკა! რაც არის, სტუდენტს არ აძლევენ - გააფუჭებსო. სტუდენტმა უნდა გადაიღოს, იმუშაოს, და ნაკლებად უსმინოს ჩემს ლექციებს. აი, როცა მასალას გადაიღებს, მაშინ გვექნება საუბარი. არ ვიცი - გასაგებია?
ღამის 12 საათამდე მქონდა გადაღება. და ეს უკვე სხვა საინტერესო თემაა - სერიალი.

25 ნოემბერი, ოთხშაბათი
ეს რა დილა გამითენდა?
დილიდან მესმის ბრახაბრუხი სადარბაზოში. რა ხდება? თურმე, ჩვენმა საყვარელმა მერიამ გადაწყვიტა ბუნკერების ლიკვიდაცია. ესე იგი ყოველ დილით ამხელა სახლის მობინადრეები (16 სართული, 6 სადარბაზო) ნაგვით ხელში ყუთებთან ხვდებიან ერთმანეთს. იქვე შეიძლება პატარა კაფე გავხსნათ. ყავას დალევენ, ისაუბრებენ...
ამბობენ, გერმანიაში გააუქმეს ბუნკერებიო. მაგრამ გერმანიაში გერმანელები ცხოვრობენ და იქ ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი ორგანიზებული. ერთი ნახეთ, სად დგას ჩვენთან ნაგვის კონტეინერები და რა მდგომარეობაა ირგვლივ.
ჩვენ სახლში „მუსოროპროვოდი“ იყო და ნაგავს მაინც აივნიდან ყრიდნენ. ახლა კი იცოცხლე...
მალე ალბათ კანალიზაციასაც გააუქმებენ და ღამის „გარშოკებს“ დაგვირიგებენ.
ონკანი ეზოში?
მგონი, ვიღაც ჩინოვნიკმა ან კერძო პირმა შეიძინა ეს კონტეინერები საზღვარგარეთ იაფად და ახლა ცდილობს, გაასაღოს. არ ვიცი... ჩვენ არაფერს გვეუბნებიან და არც გვეკითხებიან.
ახლა კი - სულიერებაზე. ორი დღის წინათ დამირეკეს მოსკოვიდან - რუსეთის კინომსახიობთა გილდიას 20 წელი შეუსრულდა და მთხოვეს, ვიდეომისალმება გავუგზავნო.
დიდი სიამოვნებით შევასრულე ეს მისია. ტექნიკური მხარე თავის თავზე აიღო ტელეარხმა „მზემ“, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ.
ეს იყო 1989 წელი. მართალია, ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩვენ უკვე ყველანი ერთად ვმარხავდით მას.
ვიყავით რომანტიკულად განწყობილი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საბჭოთა კავშირის კინომსახიობთა გილდია.
სათავეში გვედგა ჟენია ჟარიკოვი. საქმეში ყველა რესპუბლიკის წარმომადგენლები ჩავებით. საქართველოდან მე გამგზავნეს, რადგანაც ყველა მიცნობდა.
რამდენი ვიმუშავეთ... რამდენს ვკამათობდით და, როგორც იქნა, დავაარსეთ გილდია.
მსახიობთა პირველი ფესტივალი კალინინში (ახლანდელ ტვერში) ჩავატარეთ. მანამდე ასეთი არ არსებობდა მსოფლიოში. მახსოვს, როგორ დადიოდა მსახიობი შაგალოვა და აგროვებდა ხელმოწერებს, რომ ქალაქისთვის ძველი სახელი დაებრუნებინათ.
მე ვუთხარი - დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს, მაგრამ მოდი მოვითხოვოთ, რომ კალინინგრადსაც დაუბრუნონ ძველი სახელი - კენიგსბერგი-მეთქი. მიტრიალდა და წავიდა.
გენიალური ფესტივალი იყო! არავინ არაფერს გვიბრძანებდა და როგორც ჩვენ გვინდოდა, ისე მოვაწყვეთ ყველაფერი. სხვათა შორის, რონალდ რეიგანი მივიღეთ საპატიო წევრად.
შემდეგი ფესტივალი გემზე ჩავატარეთ. გემს „ფელიქს ძერჟინსკი“ ერქვა. რაც ჩვენ იმ ფესტივალზე დრო ვატარეთ!!! თან ვოლგაზე ზემოთ-ქვემოთ დავდიოდით. კარგი დრო იყო! კარგი იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვიყავით და უსაზღვრო ენერგია გვქონდა.

26 ნოემბერი, ხუთშაბათი
როგორც იქნა, გამოვიძინე.
დღეს ლექციები სამ საათზე მეწყება და თავს ამის უფლება მივეცი. ერთ-ერთი სტუდენტი აპირებს დადგას ფრაგმენტები გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილიდან“. მაგრამ დიაპაზონი ლიტერატურაში ძალიან ვიწრო აქვთ. ბევრი რამ არ წაუკითხავთ. თავი რომ დავანებოთ მსოფლიო ლიტერატურას, ქართულიც საკმაოდ ცუდად იციან.
ნელ-ნელა ვეცნობით მსოფლიო კლასიკას, ამ გზით მაინც. მაგრამ წაკითხვა ერთია - უნდა გესმოდეს ავტორის ჩანაფიქრი და შენი დამოკიდებულება უნდა გქონდეს წაკითხულის მიმართ.
დღეს მერამდენედ ვნახე გოდარის Vivre sa Vie. ფილმი რომ გენიალურია, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. ახალი სიტყვაა, ახალი ენა კინოში, მაგრამ ამდენი ალუზია, ციტატა... რეჟისორი თავისუფლად ფლობს მსოფლიო კულტურას.
ერთმა სტუდენტმა განაცხადა: მე იმიტომ არ ვკითხულობ და არ ვუყურებ ფილმებს, მეშინია სხვისი გავლენის ქვეშ არ მოვექცეო. თუ უნიჭო ხარ, მოექცევი-მეთქი. სხვას რატომ არ ეშინია?! მაგალითების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ბუნუელი - ეს სუპერსურეალისტი - ამბობდა, ტრადიციების გარეშე ხელოვნება არ არსებობსო.
შენ კი რისი გეშინია, ისედაც არაფერი არ იცი...
,ახალი ტალღის“, ანუ „სინემატეკის“ ბავშვები დილიდან საღამომდე ისხდნენ სინემატეკაში (მაშინ არც DVD იყო და არც ინტერნეტი) და ფილმებს უყურებდნენ. ზეპირად იცოდნენ მთელი (მთელი!) მსოფლიოს კონემატოგრაფი.

27 ნოემბერი, პარასკევი
როგორც ყოველ პარასკევს, დღესაც წავედი ეგრეთ წოდებულ რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. რატომ აქამდე არ იყო უნივერსიტეტი, დღემდე ვერ გავიგე. იქ დამხვდნენ პირველკურსელები, რომელთაც უნდა ვასწავლო მსახიობის ოსტატობა.
უკვე ვთქვი, რომ ლექციებით მსახიობი ვერ გახდები. რამდენიც უნდა იკითხო ჟიულ ვერნი, წყალქვეშა ნავს ვერ გააკეთებ. ამიტომ ეს არის უფრო ვარჯიში, სადაც მე სტუდენტს ვაძლევ დავალებას. ის აკეთებს და მე ვუსწორებ. სტუდენტმა თვითონ უნდა ისწავლოს და არა მე ვასწავლო რაღაცები. სამწუხაროდ, ახლა ისეთი ინფანტილური სტუდენტი მოდის (თუმცა, თითქოს, პირიქით უნდა იყოს), ელოდება, როდის ჩაუდებ ნისკარტში საჭმელს. მოყოლა, იცოცხლე, კარგი ვიცი, მაგრამ მაინც ვერიდები ბევრ ლაპარაკს და ველოდები, ისინი რას გააკეთებენ და, მგონი, ნელ-ნელა ხვდებიან, რაშია საქმე და როგორ უნდა იმეცადინონ.
სამწუხაროდ, მათ სკოლის ატმოსფერო გადააქვთ ინსტიტუტში (მასწავლებელი - მოწაფე), მაგრამ მგონია, რომ სტუდენტები უფრო თავისუფლად უნდა აზროვნებდნენ და მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ. თავისუფლები უნდა იყვნენ შინაგანად და არა გარეგნულად. ბევრი სტუდენტი გარეგნულად გამოხატავს თავისუფლებას, თუმცა შინაგანად არ არის თავისუფალი.
ასე ვმეცადინეობდით ოთხ საათს.
ჩემს სტუდენტებში ვეძებ ინდივიდუალობას და არ მინდა, ყველა ერთმანეთს ჰგავდეს.
არის ასეთი ანეკდოტი. რესტორანში შედის სამი კაცი. შემოუსხდებიან მაგიდას. მოდის ოფიციანტი, შეკვეთა უნდა მიიღოს. ერთი ეუბნება: „მე მინდა ბიფშტექსი გარედან კარგად შემწვარი, შიგნიდან კი სისხლიანი.“ მეორემ, ძალიან სისხლიანი მინდაო, მესამემ კი - მე ძალიან შემწვარიო. ოფიციანტი მიდის ამ შეკვეთით შეფ-მზარეულთან და ეუბნება, სამი ბიფშტექსი დამიმზადეო. არ მინდა, რომ ინსტიტუტიდან გამოვიდეს სამი ბიფშტექსი.
შემდეგ რეზო ესაძესთან ერთად მქონდა ლექცია. სტუდენტები წინასადიპლომო ნამუშევრების გადასაღებად ემზადებიან. მე და რეზო მივედით დასკვნამდე, რომ აი, ახლა, მეოთხე კურსზე მოვიდნენ ისინი აზრზე, თურმე სად სწავლობენ და რა არის საჭირო.
სახლში საკმაოდ დაქანცული დავბრუნდი.
ცოტა დავისვენე და მერე, როგორც ყოველთვის, კითხვა დავიწყე. წიგნთან ბავშვობიდან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს.
ბაბუაჩემი, ლავრენტი წულაძე, მღვდელი იყო და სოფელ ჭანჭათში სკოლა ჰქონდა. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას და ჰქონდა უდიდესი ბიბლიოთეკა. რასაკვირველია, ბოლშევიკები რომ მოვიდნენ, ურმებით გაიტანეს ეს ბიბლიოთეკა და ბაბუაჩემიც მოკლეს. პატარა რომ ვიყავი, სოფელში, სხვენში, ზანდუკში იყო ის წიგნები, რაც ამ ბიბლიოთეკიდან შემორჩა და ეს იყო ჩემი პირველი წიგნები. მოკლედ, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კითხვა.
ერთხელ ზაზა ურუშაძემ თქვა ჩემზე (ერთად ვიყავით ფესტივალზე): როდის ასწრებდა რამეს ვერ გავიგე, ან როდის ეძინა - სულ წიგნი ეჭირა ხელშიო?!
ეს დღეც დამთავრდა.

28 ნოემბერი, შაბათი
ВГИК-ში რომ ჩავაბარე სარეჟისორო ფაკულტეტზე, მეგონა, ეს ყველაზე ადვილი პროფესიაა-მეთქი. ვფიქრობდი, რომ მსახიობი ჩემგან არასოდეს გამოვიდოდა და ბავშვობიდან არ მიყვარდა თვითშემოქმედება, მაგრამ მერე დავფიქრდი, როგორ მოხდა, რომ მსახიობი გავხდი. ჩემი ბავშვობა ომს დაემთხვა და წიგნები იშვიათობა იყო. დიდად არც კითხულობდნენ ჩემი ტოლები. ამიტომ, რასაც წავიკითხავდი, თანაკლასელებს ვუყვებოდი. ხანდახან, როცა მასწავლებელი კლასს ვეღარ უვლიდა, მე დამიძახებდა: „წულაძე, გამოდი!“ იმწუთას დაწყნარდებოდა კლასი და გატრუნული მისმენდა. ეტყობა, მაშინ გაჩნდა რაღაც. და მერე ВГИК-შიც კარგი პედაგოგი გვყავდა მსახიობის ოსტატობაში და იმან იგრძნო, რომ შემეძლო ეს საქმე.
ინსტიტუტში ჩემს თავს ვეუბნებოდი, სხვაზე ნაკლები რითი ვარ-მეთქი. კარგად ვსწავლობდი და თავს შეღავათს არ ვაძლევდი.
სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ იყო ორი საგანი, რომელიც ძალიან მიჭირდა: სუფთა წერა და ხაზვა. ალბათ პლატონი სწორი იყო, როცა თქვა, დამწერლობამ დაღუპა ცივილიზაციაო.
დღეს გასვენებაში ვიყავი. როგორც ჩვენ ვეძახით, „გოგი-ლადოს“ - ლადო და გოგი მესხიშვილებს - დედა გარდაეცვალათ. ხუთშაბათს უნდა ყოფილიყო გასვენება, მაგრამ ლადო ვერ ჩამოვიდა და დღეს დაკრძალეს.
მერე თავისუფალ საქართველოში მოვედი - რადიო თავისუფლებაში - და ვაგრძელებ ამ ჩემს აღსარებას.
XS
SM
MD
LG