Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო ლარსის გახსნის პლუსები და მინუსები



საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი შესაძლოა, მომავალი წლის მარტიდან გაიხსნას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ ოთხშაბათს, შვეიცარიის შუამავლობით გამართული მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდისას მხარეებმა მნიშვნელოვანი, მათ შორის საქართველოსთვის პრინციპული საკითხები განიხილეს. კალანდაძის ინფორმაციით, გადაწყდა, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქართული და რუსული მხარეები შეადგენენ ოქმს, რომელშიც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ჩაიწერება. ნინო კალანდაძის განმარტებით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება მიღებულია და ის გავრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე ქართულ ტვირთსა და სატრანსპორტო საშუალებებზე და მხოლოდ მეზობელი სომხეთის ინტერესთა შესაბამისი სატრანზიტო მექანიზმი არ იქნება.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შესაძლებლობას ნოემბრის დასაწყისიდან განიხილავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმაც გამართეს რამდენიმე შეხვედრა.

ყაზბეგი-ზემო ლარსის სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 2006 წლის ივლისში, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაიკეტა. ოფიციალურ მიზეზად სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დასახელდა, თუმცა საზღვრის ჩაკეტვა დაემთხვა საქართველოსთვის დაწესებულ სანქციებსა და ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანის აკრძალვას. სამი წლის თავზე რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა ანდრეი ბელიანინოვმა განაცხადა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მზადაა დღის განმავლობაში 600-მდე სატრანსპორტო საშუალება გაატაროს.

ქართველ ექსპერტებს ლარსის გახსნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ გამშვები პუნქტის გახსნით რუსეთი შეეცდება კონტროლი გააძლიეროს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე; და, თუ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა არ ექნება რუსეთთან და პროდუქციას არ გაიტანს, ლარსის გახსნა ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნება საქართველოსთვის. უფრო მეტიც, ფიქრობენ, რომ გახსნის შემთხვევაში, ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტით სრულფასოვნად მხოლოდ სომხეთი და რუსეთი ისარგებლებენ - რუსეთს გაუადვილდება გიუმრის სამხედრო ბაზის შენახვა, ხოლო სომხეთი რუსეთთან ინტენსიური ეკონომიკური კავშირის გაბმას შეძლებს.
XS
SM
MD
LG