Accessibility links

logo-print

საქართველოში ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამოაცხადა. ერთი თვით ადრე საშუალო წლიური ინფლაცია მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენდა. დაბალი ინფლაციის მიზეზად გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი სახელდება, რომელმაც საქართველოზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.

საპროცენტო მაჩვენებელი რომ გაეზარდა ეროვნულ ბანკს, მაშინ ეს იქნებოდა იმის მანიშნებელი, რომ ფულის მასა იზრდება ეკონომიკაში
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 5 პროცენტი, უცვლელი დატოვოს. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი განმარტავს:

”საპროცენტო მაჩვენებელი რომ გაეზარდა ეროვნულ ბანკს, მაშინ ეს იქნებოდა იმის მანიშნებელი, რომ ფულის მასა იზრდება ეკონომიკაში, ბანკები აქტიურად აკრედიტებენ ეკონომიკას და, აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ცდილობს ფულის მასა შეზღუდოს. მაგრამ ვხედავთ, რომ უძრავი სურათი გვაქვს ეკონომიკაში.”

თუმცა კი ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ საბანკო სექტორი საგრძნობლად გააქტიურდა. ბანკის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაში წერია, რომ საბანკო სისტემაში დეპოზიტების ზრდის ტენდენცია კვლავაც გრძელდება. კომერციულმა ბანკებმა გაააქტიურეს საკრედიტო ოპერაციები, რის შედეგადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღინიშნა ბანკების საკრედიტო პორტფელების ზრდა. მოსალოდნელია, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საკრედიტო აქტივობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდესო, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრესრელიზში.

მაგრამ ეს აქტივობა რომ ნაკლებად აისახება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე, ამაზე თავად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაც მეტყველებს. კომიტეტმა დაადგინა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელი არ შეცვლილა. ის მიმდინარე წელს მინუს 4 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკის ატივობის ასეთი მაჩვენებელი განაპირობებს ინფლაციის დონესაც. ის დეკემბრამდე 2 პროცენტის ფარგლებში იყო, დეკემბრის ბოლოს კი, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 3-4 პროცენტი იქნება. ეკონომიკის ექსპერტ ნიკო მჭედლიშვილის კომენტარი:

”ინფლაციის მაჩვენებელი არის ნორმალური მაჩვენებელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეკონომიკა სტაგნაციიდან არ გამოსულა. აქედან გამომდინარე, ინფლაციაც დაბალია, ფასები არ იზრდება და ხალხი არ ყიდულობს არაფერს.”

დადებითი შედეგები, რასაც შეიძლება ინფლაციისგან ელოდებოდე, მალევე გაუქმდება. სამაგიეროდ, მოსახლეობის ხელში არსებული სახსრები გაუფასურდება
ეს, რაც შეეხება ამჟამად არსებულ ვითარებას. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მომავალი წლის პროგნოზიც გამოაქვეყნა. ვარაუდობენ, რომ 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დადებითი 2 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. რაც შეეხება ინფლაციას, მომავალი წლისთვის მისი საპროგნოზო მაჩვენებელი 6 პროცენტის ფარგლებში იქნება. ბევრი ექსპერტის აზრით, ზომიერი ინფლაცია ეკონომიკის ზრდის თანმხლები ეფექტია და მას დადებით შეფასებასაც კი აძლევენ. სხვაგვარად ფიქრობს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

”დადებითი შედეგები, რასაც შეიძლება ინფლაციისგან ელოდებოდე, მალევე გაუქმდება. სამაგიეროდ, მოსახლეობის ხელში არსებული სახსრები გაუფასურდება და მათ შეეძლებათ ნაკლები საქონელი და მომსახურება მიიღონ იმავე ფულად, რაც მათ ჰქონდათ.”

მიმდინარე წლის მანძილზე, ინფლაციის დაბალი დონის შედეგად, პროდუქციის ფასები უმნიშვნელოდ იზრდებოდა. საახალწლოდ კი სასურსათო პროდუქტებზე, ტრადიციისამებრ, ფასების საგრძნობი მატება შეიმჩნევა. მატება წლის ბოლო დღეებიისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა და სწორედ ის განაპირობებს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ორიდან 3-4 პროცენტამდე ზრდას.
XS
SM
MD
LG