Accessibility links

logo-print
მაია ბარათაშვილი მე სასტუმრო ”აჭარის” ჯაზკლუბ ”დავითში” 1995 წელს გავიცანი. კლუბში ის ყოველ კვირას რამდენიმე კონცერტს მართავდა. დღეს მაია ჩემი მეგობარია და ამიტომ თავს ავარიდებ ამ ნიჭიერი ქართველი მომღერლის ქება-დიდებას და, უბრალოდ, ცნობილი ბრიტანელი კრიტიკოსის ემი სპერლინგის სიტყვებს მოვიშველიებ. აი, რას ამბობს სპერლინგი: “მაიას შესრულებაში იგრძნობა სტილი, მას ახასიათებს რიტმის კარგი შეგრძნება, ხმის სიძლიერე და გამორჩეული ტემბრი. იგი კარგად ფლობს ჯაზის მომღერლისათვის ყველა აუცილებელ კომპონენტს, რასაც პოზიტიური ენერგეტიკა ემატება. მის ხმაში ზოგჯერ სევდანარევი ინტონაცია შეიმჩნევა, თუმცა მომღერალი აშკარად ცდილობს ეს დამალოს.” ინგლისელი კრიტიკოსის სიტყვებს დავუმატებდი, რომ მაიამ მიიღო კლასიკური მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრით და ის მრავალი საერთაშორისო ჯაზფესტივალის მონაწილეა. 2007 წელს მონტეკარლოს ჯაზის საერთაშორისო ორგანიზაციამ ბარათაშვილი წლის საუკეთესო ვოკალისტად დაასახელა. დღეისათვის მას უკვე 5 ალბომი აქვს გამოშვებული.

დღეს მაია ბარათაშვილი ჩვენი სტუდიის სტუმარია:

რადიო თავისუფლება: მაია, რა არის შენთვის თვისებრივად ჯაზი და, კიდევ, ის პროფესია არის თუ ჰობი?

მაია ბარათაშვილი: უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ სტუდიაში! შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჯაზი ჩემთვის საფორტიფიკაციო ნაგებობაა. მას სრულიად არ ვუკავშირებ საზოგადოებისგან ან გარე სამყაროსგან თავდაცვას. საქმე ისაა, რომ საერო ცხოვრებაში თავს დაცულად ვგრძნობ ორ შემთხვევაში: როცა უფლის კანონს ვასრულებ და როდესაც ვდგავარ სცენაზე. იაფფასიანი ”პოპსა” რომ მემღერა, მე წელში ასე გამართული არ ვიქნებოდი.

რადიო თავისუფლება: მაშინ დაგისვამ პროვოკაციულ შეკითხვას: რომელი ჯაზი უფრო მეტად გიზიდავს - ”თეთრი” თუ ”შავი”? ჩემთვის, წარმოიდგინე, ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა: შავკანიანი შემსრულებლების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირადად მე მიყვარს თეთრკანიანთა ჯაზი. მაინტერესებს შენი აზრი.

მაია ბარათაშვილი: რომ არ ყოფილიყო კლასიკური მუსიკა, რომ არ ყოფილიყო თეთრკანიანთა კულტურა, ჩვენ არ მივიღებდით დღევანდელ ჯაზს, რომელიც ასე გვიყვარს. თქვენ ხომ იცით, რას წარმოადგენს ჯაზის ე.წ. ”სამშობლო”, ნიუ ორლეანი! ძალიან უცნაური ადგილია - იქ საერთოდ არაფერი არ უნდა ყოფილიყო! იმ უცნაურ, უმძიმეს გეოგრაფიულ ლოკაციაში ქალაქის აგება აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო. როგორც ჩანს, დღევანდელი ჯაზი სხვადასხვა კულტურების ერთმანეთზე ზედდების შედეგად ჩამოყალიბდა. თუ არა თეთრკანიანთა კულტურა, ეს ჟანრი არ შეიქმნებოდა. მე გეტყვით: ”შავი” ჯაზი მიზიდავს თავისი ცეცხლით, პულსით, დრაივით, მაგრამ მას, საბედნიეროდ, თეთრი რასის წყალობით, რაფინირება და კულტურა შეემატა. ღმერთმა დამიფაროს, რასისტი არა ვარ და ამიტომაც ”იქაც და აქაც” ვარ! ნატ კინგ კოლი აფრო-ამერიკელი იყო, მაგრამ მას თეთრკანიანი შემსრულებლის კულტურა ჰქონდა. უბრალოდ, მიყვარს მაღალი დონის პროფესიონალები.

რადიო თავისუფლება: ახლა კი, მოკლედ, შენი ბოლოდროინდელი მოღვაწეობის შესახებ.

მაია ბარათაშვილი: გამოვუშვი უკვე მეხუთე კომპაქტდისკი. ეს არის კონსერვატორიაში ჩემ მიერ მარტის თვეში ჩატარებული კონცერტის აუდიოჩანაწერი. გამოგიტყდებით, ძალიან მიყვარს კონსერვატორიის დარბაზი, იმიტომ რომ იქ არსებობს კონცერტის ”ცოცხლად” ჩაწერის ყველა საშუალება. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგორ ბრილთან ერთად ”ლაივის” პირველმა ცდამ ბევრ მნიშვნელოვან ნიუანსში გამარკვია - ეს იყო დიდი გაკვეთილი! ის, რომ ახალი კომპაქტდისკი პროფესიონალების მიერ დადებითად შეფასდა, წინსვლისკენ მიბიძგებს.

დღევანდელი სიუჟეტი მინდა დიდი ბრიტანეთის საქართველოში ყოფილი ელჩის სტივენ ნეშის სიტყვებით დავასრულო: “როდესაც თბილისში ჩამოვედი, გაკვირვებული დავრჩი ისეთი ნიჭიერი მომღერლის აღმოჩენით, როგორიც მაია ბარათაშვილია. იმ პერიოდში იგი ხშირად მღეროდა ჯაზკლუბში. საოცარი კონტრასტი იქმნებოდა მაიას მუსიკის სიღრმისეულ ინტერპრეტაციას, მის მედიდურ მიხრა-მოხრასა და სმოგით სავსე კლუბის ბოჰემურ ატმოსფეროს შორის. თავისი დიდი ნიჭის მეშვეობით მაია ახერხებდა ამ ატმოსფეროს გარდაქმნას - მსმენელი ხვდებოდა, რომ ჯაზი ცოცხლობს და ვითარდება თბილისში.”
XS
SM
MD
LG