Accessibility links

2010 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალქალაქში ჯერ არ დაუმტკიცებიათ, თუმცა საკრებულოში იციან, რომ პრიორიტეტები, გასული წლის მსგავსად, წყალსაკანალიზაციო სისტემის, გზების მოწესრიგებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უნდა მიენიჭოს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხაჩატურ აივაზიანი ამბობს, რომ საირიგაციო სისტემის გაუმჯობესებით ახალქალაქში მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვლება:

,,წყალსაკანალიზაციო სისტემები, საბავშვო ბაღები და სხვა. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ გვრჩება, სამუშაო ადგილებია. ჩვენ შევეცდებით, რომ დავამატოთ სამუშაო ადგილები მომავალ წელსაც. რაიონის 35 % ირწყვება. თუ ჩვენ საირიგაციო სისტემას დავაყენებთ, 70-80% მოირწყვება და ესეც კიდევ სამუშაო ადგილებია. კიდევ მთავარი ის არის, რომ განვავითაროთ საშუალო და წვრილი ბიზნესი.~

ახალქალაქის საკრებულოში 32 დეპუტატი და 5 ფრაქციაა. „ახალგაზრდულის“, „ნაციონალური მოძრაობის“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „აგრარული კომისიის“ წარმომადგენლები შეთანხმებულად მუშაობენ. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ოგანეს კარაპეტიანი, ფიქრობს, რომ ბიუჯეტი, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში დამტკიცდება:

,,ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა, მაგრამ საკრებულოში პროექტის განხილვა ორჯერ მოხდა. შევიტანეთ ცვლილებები და ახლა 90 %, ალბათ, აღარ შეიცვლება. A ბიუჯეტს შეიძლება უწოდო როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი, იმიტომ რომ ორივე თითქმის თანაბრად ვითარდება.~

2010 წლის ბიუჯეტის პროექტს კარგად იცნობს რეგიონალური განვითარების მინისტრის თანაშემწე ჰამლეტ მოვსესიანი. მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჯავახეთში ბიუჯეტი არ შემცირებულა:

,,იმის მიუხედავად, რომ მთელ ქვეყანაში კრიზისია, ჩვენი ბიუჯეტი მაინც არ შემცირებულა. სოფლებში აშენდება ახალი ობიექტები, გზები. თუ გასულ წელს ყოველ ერთ სულზე 7-8 ლარი იყო გამოყოფილი, წელს თანხა გაორმაგდა და იგი 15-16 ლარს შეადგენს. Eეს იძლევა იმის შანსს, რომ თავად სოფელმა გადაწყვიტოს გზა სჭირდება, წყლის აუზი, სკოლის რემონტი თუ კლუბი. თუ მომავალ წლებშიც ასე გავაგრძელებთ, სოციალური პრობლემები გადაიჭრება. ეს პრობლემები არა მარტო ახალქალაქში, არამედ ქუთაისში, აბლაურასა და სხვა რაიონებშიც არის.~

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხაჩატურ აივაზიანი ამბობს, რომ საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი საკრებულო ახალქალაქშია. ოპოზიცია აქ წარმოდგენილი თითქმის არ არის:

,,წევრების სიმრავლის მიხედვით, ახალქალაქის საკრებულო, ალბათ, მე-5-მე-6 ადგილზეა საქართველოში. დიდი საკრებულოა, თუმცა უკვე მესამე წელია ყველაფერი ნორმალურადაა: აქ ყველა საკითხი ერთხმად წყდება _ არა იმიტომ, რომ დიქტატურაა, არამედ ურთიერთგაგებაა.~

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა ადგილობრივი ტელევიზია ატვ-12-ის საშუალებით უკვე მოხდა, ახალქალაქელებს 2010 წლის ბიუჯეტის პროექტზე ერთი და იგივე პასუხი აქვთ:

,,არა, არ ვიცნობ, საქმის კურსში არ ვარ, თუმცა მინდა ვიცოდე.~

ახალქალაქის 2009 წლის ბიუჯეტი 5 მლნ 300 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო 2010 წლის ბიუჯეტის პროექტმა 5 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა.
XS
SM
MD
LG