Accessibility links

logo-print

ვის რას არგებს ლარსის გახსნა?


ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი


რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც 2006 წლის ივლისში რუსეთის გადაწყვეტილების შედეგად დაიხურა, ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტის პირველ რიცხვებში განაახლებს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალური სააგენტოც ადასტურებს და საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის მხარეებს შორის შეთანხმებულ სავარაუდო თარიღად პირველ მარტს ასახელებს. თანხმობას ქართული მხარე სომხეთის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით ხსნის. თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ამოქმედება საქართველოს სარგებელზე ბევრად მეტ პრობლემას მოუტანს.

ზემო ლარსთან დაკავშირებული კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება 23 ნოემბერს მოხერხდა, მხარეებს შორის რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შედეგად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკება რუსულ და ქართულ მხარეებს შორის შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლის შუამავლობით შედგა. შეხვედრაზე შუამავლის დასწრებას რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალური სააგენტოც ადასტურებს. თუმცა, მაშინ როდესაც იგივე სააგენტო ზემო ლარსის თემაზე რუსულ-ქართულ მხარეებს შორის ერევანში შემდგარი მოლაპარაკების შესახებ 30 ოქტომბერსაც იტყობინებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, ჩვენ რუსულ მხარესთან არავითარ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთო. იმავე წყაროს ცნობით, იმხანად მოლაპარაკება მხოლოდ სომხეთის მხარესთან მიმდინარეობდა და საქართველო ცდილობდა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა სომხეთის სასიცოცხლო ინტერესები.

სომხეთის სახმელეთო ტვირთების ტრანზიტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკონტროლო-გამშვები პუნქტის, ზემო ლარსის, გახსნისთვის პრინციპული მზადყოფნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხეთში სტუმრობისას ჯერ კიდევ ივნისში გამოხატა. თუმცა ამას დაახლოებით ორი თვით უსწრებდა წინ საზღვრის გახსნასთან დაკავშირებული მოსკოვიდან წამოსული პირველი სიგნალი, რომელიც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის პირველმა პირმა ანდრეი ბელიანინოვმა გაახმაურა. საკითხთან დაკავშირებით პრინციპული თანხმობა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა დაახლოებით ორი კვირის წინაც დაადასტურეს.

რუსეთის მხრიდან თავდაპირველად აქცენტი სწორედ სომხური ტვირთის ტრანზიტზე კეთდებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოთხშაბათს შემდგარი მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად მიიჩნევს იმას, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არც საქართველო დარჩება. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე საქართველოს შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

”ეს გადაწყვეტილება გავრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე საქართველოს ტვირთზე და, შესაბამისად, ქართულ სატრანსპორტო საშუალებებზე.”

ის, რომ მიცემული შესაძლებლობიდან საქართველო მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, ძალიან ეეჭვება ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილს. ექსპერტი თვლის, რომ ეკონომიკური დივიდენდი საქართველოსთვის მეტად მცირე იქნება. არსებული რეალობის აღქმა მას მხოლოდ პესიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.

”ქართულ პროდუქციას ადევს ემბარგო რუსულ ბაზარზე... როდესაც ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის პრაქტიკულად შეწყვეტილია რუსეთზე, როგორ უნდა ისარგებლოს საქართველოს მოქალაქემ ამ საზღვრით?! ეს საზღვარი ამუშავდება ცალმხრივად, ცალმხრივ ინტერესზე. ძირითადი ინტერესი აქ არის სომხეთისა და რუსეთის”, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

ეკონომიკური ხასიათის კითხვის ნიშნების გარდა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნას ეჭვები უსაფრთხოების კუთხითაც უკავშირდება. საფრთხისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი, ხსენებული პოლიტიკური პარტიის ინიციატივით, 13 ნოემბერს უშიშროების საბჭოს საგანგებო გაფართოებულ სხდომაზეც იხილებოდა.

ქრისტიან-დემოკრატები თვლიან, რომ უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების ამოქმედების გარეშე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა სერიოზულ პრობლემებს მოიტანს. აქცენტი კეთდება ისტორიის გაყალბების მცდელობაზე, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთისა და რუსეთის მიზანმიმართულ პროპაგანდაზე, რომ სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონი ეკუთვნის ოსეთს და რომ ის ადრე თუ გვიან დაუბრუნდება მას.

ქრისტიან-დემოკრატი ნიკოლოზ ლალიაშვილი ლაპარაკობს მძიმე სცენარზე, რომელიც, შესაძლოა, მოჰყვეს ხსენებული პროპაგანდის ხორცშესასხმელად რუსეთის მიერ სპეციალურად მომზადებული ხალხის სტეფანწმინდის რაიონში გადმოსვლას და ჩასახლებას.

”ეს აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს ადგილობრივ მოსახლეობასთან. კონფლიქტი შეიძლება დაიწყოს ისეთ მარტივ, ყოფით ნიადაგზე, როგორიც არის, მაგალითად, საქონელი ან სახნავ-სათესი მიწები... ხოლო მაშინვე, როდესაც დაიწყება კონფლიქტი, მას მოჰყვება ესკალაცია და, საბოლოო ჯამში, ვითომ ოსი მოსახლეობის დახმარების მოტივით, ეს ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო აგრესიაში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

მოხევეთა უსაფრთხოების დაცვის დამატებითი მექანიზმების აუცილებლობაზე საუბრობს ბევრი, მათ შორის ისინიც, ვინც, ქრისტიან-დემოკრატების მსგავსად, პრინციპულად ეთანხმება ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებას.

თუმცა რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ზემო ლარსის თემასთან კავშირში ნაკლებად განიხილავს საქართველოს ხელისუფლება. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის აზრით, რუსული აგრესიისთვის კანონიერად იქნება გახსნილი ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს.“

დაბოლოს, იმის შესახებ, თუ რამდენად არის მზად ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი უშუალო ფუნქციის შესასრულებლად. თანამედრო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობის გასაახლებლად ჯერ კიდევ 4 სექტემბერს იყო მზად, როდესაც მისი მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა და შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია შედგა. მოდერნიზება შეერთებული შტატების დაფინანსებით მოხერხდა და დანახარჯმა დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა. გაიყვანეს ახალი სატრანსპორტო ზოლები და დამონტაჟდა თანამედროვე საძიებო აპარატურა. საქართველოს საპატრულო პოლიციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებისათვის კი იქვე აშენდა საოფისე დანიშნულების შენობები და ყაზარმები. ასევე დამონტაჟდა უახლესი აპარატურა რადიაციულ ნივთიერებათა აღმოსაჩენად. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობის პროცესს კურირებდა აშშ-ის ინჟინერთა სამხედრო კორპუსი.

4 სექტემბერს, განახლებული ობიექტის პრეზენტაციის დღეს, აშშ-ის საელჩომ თბილისში სპეციალური განცხადება გაავრცელა. გამოითქვა იმედი, რომ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამოქმედდება და რომ საქართველო და რუსეთი ”შეძლებენ აღადგინონ სავაჭრო და ტურისტული კავშირები მომავალში.”
XS
SM
MD
LG