Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება კონფერენცია: ”გაზაფხულის პროტესტი: შეცდომები - შედეგები”


კონფერენციის ორგანიზატორია ჟურნალისტების, ექსპერტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შედის ჟურნალისტთა კავშირი ”ობიექტივი”, მოძრაობა ” 7 ნოემბერი”, საზოგადოებრივი დარბაზი, ქართული აკადემია, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, ცალკეული ჟურნალისტები და მედია-ჯგუფები. კონფერენციის მიზანია, შეაჯამოს 2009 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა - გაზაფხულის სამთვიანი პროტესტი და შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და გაერთიანებებს დაეგზავნება. კონფერენციაზე მოხსენებით 30-მდე ჟურნალისტი, ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი და ექსპერტი გამოვა. “კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ კონფერენცია ღიაა ქვეყანაში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და პოზიციისა. კონფერენცია ღიაა საზოგადოების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ”,-აღნიშნულია ღონისძიების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. კონფერენცია, სახელწოდებით ”გაზაფხულის პროტესტი: შეცდომები- შედეგები” 15.00-დან 19.00 საათამდე იმუშავებს. მოხსენებებს შორის გაიმართება დისკუსია, რომელშიც პოლიტიკური სპექტრი და აუდიტორია ჩაერთვება. საინიციატივო ჯგუფი კონფერენციის მასალებზე დაყრდნობით კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. რეკომენდაციათა ამ პაკეტის პრეზენტაცია კი 2010 წლის 16 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG