Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკრაში ჩასახლებულმა დევნილებმა რკინიგზა გადაკეტეს


სოფელ სკრაში ჩასახლებულმა დევნილებმა ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს. სკრის დასახლებას ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დენი გაფრთხილების გარეშე გათიშეს, ქვითრებში კი აღმოაჩინეს, რომ დავალიანება ჰქონდათ.

კოტეჯებში ჩასახლებულ დევნილებს კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო უფარავს. 100 კოლოვატი ელექტროენერგიის მოხმარება მათ უფასოდ შეუძლიათ. დევნილები აცხადებენ, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო „ენერგოპროჯორჯიის“ მიერ მათზე დარიცხულ დავალიანებას ვერ გადაიხდიან.

აქციის მონაწილეები დევნილთა და განსახლების მინისტრის ჩასვლას ითხოვდნენ. თავიდან მათთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები მივიდნენ და დევნილებს რკინიგზის გახსნა მოსთხოვეს.

დევნილთა შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა მანანა ჭამპურიძემ განაცხადა, რომ პრობლემა დაურეგისტრირებელმა დევნილებმა წარმოქმნეს, რომლებსაც სახელმწიფო შეღავათით სარგებლობა შეუწყდათ. აქციაზე ჭამპურიძემ ყველა დევნილს ხელახალი რეგისტრაციისკენ მოუწოდა.

რკინიგზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც აქციის მონაწილეებმა პირობა მიიღეს, რომ მათი პრობლემა უახლოეს ხანში გადაწყდება. მოგვიანებით, სოფელში ენერგეტიკისა და დევნილთა და განსახლების მინისტრებიც ჩავიდნენ. როგორც კობა სუბელიანმა აღნიშნა, მან უკვე დააყენა ენერგოკომპანიასთან შუამდგომლობა ვალის ეტაპობრივი გასტუმრების თაობაზე. მისი თქმით, დევნილები 100 კილოვატიანი შეღავათით ისევ ისარგებლებენ და დავალიანებას დენის ეკონომიის ხარჯზე გაისტუმრებენ.
XS
SM
MD
LG