Accessibility links

logo-print

ავიამიმოსვლის აღსადგენად მოსკოვი დამატებით პირობებს აყენებს


თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული ავიარეისების განსახორციელებლად რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო ოფიციალური თბილისისგან ავიაკომპანიის ფრენის ლიცენზიას მოითხოვს და მას ძველ დავალიანებას შეახსენებს. რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა კი საქართველოს მთავრობისგან ავიამიმოსვლის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მოითხოვა. საკითხავია აფერხებს თუ არა ეს მოთხოვნები რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისების აღდგენას.

მოსკოვიდან პასუხი ჯერჯერობით არ ისმის. რუსეთის საჰაერო ადმინისტრაცია ოფიციალური თბილისისგან კერძო ავიაკომპანიის ლიცენზიას მოითხოვს. ეს მოთხოვნა და კიდევ სხვა შეკითხვები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ 24 დეკემბერს ფაქსით მიიღო. ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოკუჩავა აცხადებს, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს:

”მხოლოდ შვეიცარიის საელჩოთი იცვლება წერილები და ოფიციალური ფოსტა. ამ შემთხვევაში ოფიციალურად არაფერი არ მომსვლია და პასუხს იმ კითხვებზე, რაც აინტერესებთ, როგორც კი ოფიციალურად შემოვა წერილი, მაშინვე გავცემთ პასუხს.”

ავიაკომპანია „აირზენას“ არანაირი დავალიანება რუსეთის მიმართ არა აქვს. ამაზე ლაპარაკი იყო ერთი წლის წინ - იმ პერიოდში საქართველომ გადაიხადა საკმაოდ დიდი თანხა
”აირზენას” ფრენის ლიცენზიის მოთხოვნის გარდა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ქართულ მხარეს ძველი დავალიანების საკითხს შეახსენებს. ამის შესახებ არაფერია ნათქვამი ფაქსით მიღებულ შეტყობინებაში. არადა, რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოს ტრანსპორტის უწყებას უკვე გაუგზავნა ვალის ამსახველი დოკუმენტები.

კომპანია „აირზენაში“, რომელმაც მოსკოვს ფრენის განახლების ნებართვისთვის მიმართა, აცხადებენ, რომ მათ რუსეთის მიმართ დავალიანება არა აქვთ. „აირზენას“ წარმომადგენლის, ნინო გიორგობიანის, კომენტარი:

„ავიაკომპანია „აირზენას“ არანაირი დავალიანება რუსეთის მიმართ არა აქვს. ამაზე ლაპარაკი იყო ერთი წლის წინ - იმ პერიოდში საქართველომ გადაიხადა საკმაოდ დიდი თანხა.”

საქართველოს ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართ არსებული დავალიანება 2008 წლის გაზაფხულზე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენისას აღიარა. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოკუჩავა ამბობს, რომ მაშინ ქართულმა მხარემ დავალიანების დიდი ნაწილი -დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი - წინასწარ შედგენილი გრაფიკით გადაიხადა:

”იყო დარჩენილი 735 ათასი, თუ არ ვცდები, რომელიც უნდა გადარიცხულიყო ოქტომბრის ბოლომდე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა ცალმხრივად აუკრძალა ქართულ ავიაკომპანიებს ფრენა, რა თქმა უნდა, ამ თანხის გადახდაზე საუბარიც შეჩერდა.”

ბოკუჩავა აცხადებს, რომ ქართული მხარე დარჩენილ ვალსაც გაისტუმრებს, თუ საჰაერო მიმოსვლა განახლდება.
დავალიანების დაფარვის გარდა, მოსკოვი საქართველოსგან ფრენის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებსაც მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა განაცხადა. ივანოვის აზრით, უპრეცედენტოა იმ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. მისივე განცხადებით, საჭიროა თბილისმა უსაფრთხოების გარანტიები წარადგინოს.

საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრები პრაქტიკულად - ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში - წარუმატებლად დასრულდა ჯერ კიდევ წინა ვიზიტის დროს
თუ რა იგულისხმება ამ გარანტიებში, საქართველოს ტრანსპორტის ადმინისტრაციისათვის გაუგებარია, რადგან ავიაკომპანიისთვის გაცემული ლიცენზია იმის დამადასტურებელია, რომ კომპანია ფრენის უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს.

ფრენის უსაფრთხოების ნორმებზე არა, მაგრამ ფრენის შესახებ მოლაპარაკებათა ჩაშლის სხვა მიზეზებზე ისაუბრა მოსკოვიდან დაბრუნებულმა პოლიტიკური გაერთიანება ”სამართლიანი საქართველოს” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა:

”საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრები პრაქტიკულად - ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში - წარუმატებლად დასრულდა ჯერ კიდევ წინა ვიზიტის დროს და ამის განმაპირობებელი ფაქტორი, სამწუხაროდ, ისევ 19 დეკემბერი და ქუთაისში გმირთა მემორიალის დანგრევაა.”

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ტურისტულ სააგენტოებში ორი დღეა იყიდება თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული ავიარეისების ბილეთები. „აირზენაში“ არაოფიციალურად აცხადებენ, რომ, თუ პირდაპირი ჩარტერული ფრენის ნებართვა ვერ მიიღეს, ბილეთების მფლობელებს მოსკოვში ერევნის გავლით მაინც გაამგზავრებენ.
XS
SM
MD
LG