Accessibility links

პრაიმერი დაინიშნა, სააარჩევნო კოდექსის მიღება გადაიდო


თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის მიზნით, პრაიმერი 2010 წლის 31 მარტს გაიმართება, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს კი წინასწარ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენის ვადა თებერვლის ბოლომდე განესაზღვრათ. პრაიმერის ინტერპარტიულმა ჯგუფმა, რომელიც სამი სუბიექტისგან შედგება, 25 დეკემბერს წინასწარი არჩევნების ჩატარების წესების პროექტი წარადგინა.

პრაიმერის ინტერპარტიული ჯგუფი ამ ეტაპზე სამი სუბიექტისაგან შედგება -”კონსერვატიული პარტია”, ”ხალხის პარტია” და ” მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.” წინასწარი არჩევნების ჩატარების პროექტი კი 17 პოლიტიკურ ორგანიზაციას დაეგზავნა. მათ შორის არიან ”ალიანსი საქართველოსთვის”, ”საქართველოს გზა”, ”ლეიბორისტები”, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და სხვ. მათ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დათანხმდებიან ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლაზე, თუ მერის არჩევნებში დამოუკიდებელ სუბიექტად ჩაერთვებიან.

”ამ ვადებს ჩვენ ვადგენთ მაქსიმალურად იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო მივცეთ კოლეგებს იმისათვის, რომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება”, -

განაცხადა პრაიმერის წესების პროექტის პრეზენტაციაზე ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა. პრაიმერის საინიციატივო ჯგუფის ადრესატი პარტიებისათვის პრაიმერის იდეა ახალი არ არის და, მხარდაჭერის შემთხვევაში, გადაწყვეტილებაც გაცხადებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ, არსებული რეალობის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” და ლეიბორისტული პარტია თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მეორე ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობს, მაგრამ პრაიმერის იდეას სკეპტიკურად უყურებს.

თუკი ოპოზიციის შიგნით არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი აზრი ჩამოყალიბდება, მაშინ ერთიანი კანდიდატის გამოვლენა შეიძლება არა აუცილებლად პრაიმერის, არამედ თუნდაც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით, - აცხადებენ ”ალიანსში საქართველოსათვის”. ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი განმარტავს, რომ არსებულ ვითარებაში არც პრაიმერში მონაწილეობას აქვს აზრი და არც, ზოგადად, არჩევნებში. თუმცა პრაიმერის გამართვამდე დრო საკმარისია და ცალკეული პარტიების სტრატეგიაში გზადაგზა, შესაძლოა, კორექტივებიც იქნეს შეტანილი. არგუმენტი კი, რომლითაც ინტერპარტიული ჯგუფი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პრაიმერში მონაწილეობაზე დაყოლიებას ცდილობს, შემდეგია: თუკი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთიან კანდიდატურაზე არ შეთანხმდება, არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს.

”ვკითხოთ საქართველოს მოსახლეობას, ვკითხოთ ჩვენს მხარდამჭერებს, თუ რომელი კანდიდატები მიაჩნიათ ამა თუ იმ ოლქში კონკურენტუნარიანად და რომელ კანდიდატს ექნება ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობისაგან. ამის მიხედვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა.”

ზვიად ძიძიგური ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძოდ, თბილისის მერის არჩევნებში ”კონსერვატიული პარტიის” კანდიდატია. მის გარდა, ამავე პოსტზე ოპოზიციიდან პრეტენზიებს აცხადებენ ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, ”ალიანსი საქართველოსთვის ” ლიდერი ირაკლი ალასანია, ”დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელი დავით იაკობიძე და ”ნეიტრალური პარტიის” ლიდერი ვალერი კვარაცხელია.

თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოკვეთის აუცილებლობა პრაიმერის ინიციატორი პარტიებისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საარჩევნო კანონში თბილისის მერის არჩევის ბარიერი 30 პროცენტით განისაზღვრა და უგულებელყოფილ იქნა ოპოზიციის მოთხოვნა 50 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემოღების შესახებ. ”საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი ორი მოსმენით მიღებულია. მისი მესამე მოსმენა და, შესაბამისად, მიღებაც 25 დეკემბერს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმის შემუშავების აუცილებლობის გამო გადაიდო. ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დედაქალაქში რეგიონების მოქალაქეების ჩაწერა-რეგისტრაცია ხდება:

”ის ნორმა, რომელიც საარჩევნო კოდექსთან არის დაკავშირებული და რომელიც გარდამავალ დებულებებს უკავშირდება, რომლის მიზანიც არის ის გადამოწმება და სიაში არაკვალიფიციური ამომრჩევლების აღმოჩენა, მე ვფიქრობ, რომ მაინც დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს.”

კონსულტაციაზე კი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით გაიმართა, საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები იმის შესახებ, სიების გადამოწმების რა დამატებითი მექანიზმი უნდა შეიქმნას, 28 დეკემბერს გაგრძელდება. საარჩევნო კოდექსის მისაღებად პარლამენტი მომავალ კვირაში კიდევ ერთ რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება.
XS
SM
MD
LG