Accessibility links

მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ ბევრი სტატია არ გამოქვეყნებულა. „ნიუ-იორკ ტაიმსში“, „ბოსტონ გლოუბში“ და რამდენიმე სხვა გამოცემაში მოკლე ცნობები დაიბეჭდა საქართველოსა და რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთის გახსნის პერსპექტივაზე, ამ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ჰანსიორგ ჰაბერის მიერ რუსეთის გაკრიტიკებაზე იმის გამო, რომ საქართველოსთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება სათანადოდ არ სრულდება.

ორშაბათს - 21 დეკემბერს - ევროპის გაზეთების ყურადღება კლიმატის ცვლილებების შესახებ კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგებმა მიიქცია. პრესა უკმაყოფილო იყო იმით, რომ კონფერენციაზე ვერ მოხერხდა სათბური გაზების ემისიის შესამცირებლად სავალდებულო შეთანხმება. ევროპელი ჟურნალისტები იქვე იმედიანად ლაპარაკობდნენ რამდენიმე კვირაში ბონში დანიშნული შეხვედრის შესახებ და მსჯელობდნენ იმაზე, რომ არსებობს პერსპექტივა გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა კლიმატის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელ კომისიას გადაეცეს.

„კოპენჰაგენში განცდილ მარცხს შესაძლოა დამანგრეველი შედეგები მოჰყვესო“, - წერდა ბელგიის ყოველდღიური

„სტანდაარდი“ და დასძენდა: „ისღა დაგვრჩენია დავასკვნათ, რომ ლიდერებმა უმტყუნეს მსოფლიოს. ისევე როგორც მიუნხენი მეორე მსოფლიო ომის წინ, მალე კოპენჰაგენიც პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობისა და პოლიტიკური უმწეობის სიჭარბის სინონიმი გახდება. მაგრამ კოპენჰაგენში განცდილმა მარცხმა შესაძლოა მეორე მსოფლიო ომზე კიდევ უფრო მძიმე შედეგებიც მოიტანოს. ... მათ, ვისაც სახელმწიფოს ლიდერობის სურვილი აქვს, ჩვენ პასუხისმგებლობის ბევრად უფრო მეტ გრძნობას, უფრო მეტ განცდას და მეტ გამბედაობას ვთხოვთ, თვითგადარჩენისთვის გასაცოდავებული ბრძოლის ნაცვლად. ოცდამეერთე საუკუნე იმ ხალხს ეკუთვნის, ვისაც ეს ესმისო“, - დაასკვნიდა ბელგიის „სტანდაარდი“ 21 დეკემბრის ნომერში.

სამშაბათს, 22 დეკემბერს, ევროპის გაზეთების ერთ-ერთი მთავარი თემა სერბია გახდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბელგრადმა სწორედ ამ დღეს შეიტანა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გასაწევრიანებლად. პრეზიდენტ ბორის ტადიჩის ნაბიჯს პრესა დადებითად შეხვდა, თუმცა იქვე აღინიშნებოდა, რომ სერბიის მხრიდან გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობების ნაწილი დაკმაყოფილებული არ არის.

„სერბიისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ჯერაც ძალიან ადრეაო“, - წერდა გერმანიის წამყვანი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ და განაგრძობდა: „სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმება, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პირველ საფეხურს წარმოადგენს, ევროკავშირს კვლავაც არ დაუნერგავს იმის გამო, რომ სერბიაში ჯერაც არ დაუპატიმრებიათ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი რატკო მლადიჩი. ამ განაცხადით სერბიის მთავრობა მეორე ნაბიჯს პირველის წინ დგამს. მთავარი სკანდალური გარემოება ის არის, რომ სერბთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება მლადიჩის გაეროს ტრიბუნალისთვის გადაცემას - პარლამენტს კი სრებრენიცაში მომხდარი გენოციდი არ დაუგმია. მიუხედავად ამისა, იტალიამ, ესპანეთმა და შვეციამ ყურად არ იღეს ევროკავშირის სხვა წევრთა რჩევა და ბელგრადს განაცხადის შეტანისკენ უბიძგეს. რეგიონისთვის მშვიდობის მოტანა თუ სურს, ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე უნდა იდგეს. ძველი და ახალი ისტორიიდან სწორედ ამ გაკვეთილის სწავლა შეგვიძლიაო“, - წერდა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ სამშაბათის ნომერში.
ოთხშაბათს, 23 დეკემბერს, დასავლეთის პრესას უკვე საშობაო განწყობა მოედო. ევროპის გაზეთებში არაერთი სტატია დაიწერა - მათ შორის, სანტა კლაუსის დიეტაზე დასმის პერსპექტივისა თუ ბავშვების მხრიდან შობის დღესასწაულის აღქმის შესახებ.

ესპანეთში გამომავალი ყოველდღიური „ვანგარდია“ დაინტერესდა, პოლიტკორექტული სამყარო ტრადიციულად მსუქან სანტა კლაუსს სირთულეებს ხომ არ ჰპირდება. „დღევანდელი სამყარო იმდენად პოლიტკორექტულია, რომ პრობლემას გლობალური დათბობა კი არა, აზროვნების გაყინვა წარმოადგენს. სანტა კლაუსს, როგორც პერსონაჟს, ჯერჯერობით, ამ თვალსაზრისით, თავს არავინ დასხმია, მაგრამ მისი დღეები დათვლილია. ახლა უკვე ნებისმიერ მომენტში შეიძლება ის დიეტაზე დასვან და ტრენაჟორზე შეაყენონ. მაგრამ ეს კიდევ არაფერია - შემდეგ ხალხი მას ბრალს დასდებს, რომ ის თავის ხარირემს სასტიკად ეპყრობაო“,

- წერდა ესპანეთის „ვანგარდია“ 23 დეკემბერს.

24 დეკემბერს შეერთებული შტატების გაზეთები ბევრს წერდნენ სენატის გადაწყვეტილების შესახებ - იმ დღეს მან, 60 ხმით 39-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტი. 871 მილიარდ დოლარად შეფასებული რეფორმის მიზანია სამედიცინო დაზღვევა ხელმისაწვდომი გახადოს იმ ათეულობით მილიონი ამერიკელისთვის, ვინც დღეს დაზღვევის გარეშე ცხოვრობს.

კენჭისყრა, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, „დემოკრატებს კიდევ უფრო აახლოებს მიზანთან, რომლისთვისაც ისინი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ - პრეზიდენტი ობამა კი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა შიდაპოლიტიკაში თავისი მთავარი ინიციატივის განხორციელებას.“ გაზეთში აღნიშნულია, რომ 1895 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სენატი კენჭისყრისთვის შობის წინა დღეს შეიკრიბა. ამოქმედების შემთხვევაში, ეს კანონი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას განაახლებო, წერდა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ 24 დეკემბერს.

25 დეკემბერს - დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულზე - გაზეთებში ბევრი დაიწერა საშობაო წირვის დროს ვატიკანში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალმა უსაფრთხოების მიზნით აღმართულ ღობეზე გადასვლა, რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტესთან მიახლოება და მისი წაქცევა შეძლო. როგორც გაირკვა, ინციდენტის მომხდენმა ქალმა, 25 წლის სუსანა მაიოლომ, პაპთან მიახლოება გასული წლის საშობაო წირვაზეც სცადა, თუმცა მაშინ მას დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.

ბევრი სხვა გამოცემის მსგავსად, ბრიტანეთის „გარდიანი“ პაპის ირგვლივ უსაფრთხოების დაცვის ხარისხზე წერდა. „ისმის შეკითხვები, რატომ დაუშვეს მაიოლო წირვაზე. მას შარშანდელ შუაღამის მსახურებაზეც გუშინდელის მსგავსი წითელი ზედატანი ეცვა - მაშინ ის ღობეზე გადახტა, მაგრამ დაცვამ იატაკზე დაგდებით პაპთან მიახლოების საშუალება არ მისცა“, - წერდა „გარდიანი“ და დასძენდა:

„პაპის დაცვას შვეიცარიელი მცველები, ვატიკანის პოლიცია და იტალიის პოლიცია უზრუნველყოფენ. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს იმ ღონისძიებების დროს, რომლებსაც პაპი ესწრება. მოედანზე მოხვედრის ყველა მსურველმა პოლიციის სადგურს უნდა ჩაუაროს, ტაძარში შესვლის წინ კი ისინი მეტალის დეტექტორებით მოწმდებიან. მაგრამ უსაფრთხოების ანალიტიკოსები ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას, საჯარო გამოსვლებისას პაპი სათანადოდ დაცული არ არისო“, - წერდა ბრიტანეთის „გარდიანი“ 25 დეკემბრის ნომერში.
XS
SM
MD
LG