Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს უფლებადამცველს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა სურს


სერგეი კოვალიოვი
სერგეი კოვალიოვი
ცნობილი რუსი უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი და მისი კოლეგა ერნსტ ჩერნი საქართველოში იმყოფებიან. ისინი 25 დეკემბერს ჩავიდნენ ქუთაისში, სადაც სააპელაციო სასამართლოში დაიწყო რუსეთის მოქალაქის ვლადიმერ ვახანიას საქმის განხილვა. 2009 წლის სექტემბერში სასამართლომ ვახანია დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვასა და ჟურნალისტური პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქართველ უფლებადამცველთა და პოლიტიკურ ორგანიზაციათა ნაწილმა ვლადიმერ ვახანია პოლიტიკურ პატიმრად სცნო. თუმცა, ცნობილი რუსი უფლებადამცველი კატეგორიულ დასკვნებს მოერიდა და მხოლოდ რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

“კატეგორიული ვერ ვიქნები, და ვერ ვიტყვი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რადგან გამოძიების მასალების დიდ ნაწილზე ხელი არ მიგვიწვდება", აღნიშნა კოვალიოვმა. "ხოლო ის, რაც ხელმისაწვდომია, ქართულ ენაზეა და საჭიროა დრო, რომ ვინმემ ეს დოკუმენტები შეისწავლოს. თუმცა, საქმეში აშკარად ჩანს შეუსაბამობები. ვახანიას ჯერ ჩამოართვეს ორივე პასპორტი და არ დაუბრუნეს ის დეპუტატებისა და ადვოკატების თხოვნის მიუხედავად. მერე კი უცებ ჩაატარეს ჩხრეკა და აღმოუჩინეს იარაღი. კაცი სულელი უნდა იყო, რომ დოკუმენტები გქონდეს ჩამორთმეული და შეიძინო ავტომატი და ხელყუმბარა.”

ცნობილი რუსი უფლებადამცველი საქართველოში რამდენიმე დღეს დარჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მას სურს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სერგეი კოვალიოვსა და ერნსტ ჩერნის მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG