Accessibility links

logo-print

ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფული დებიუტი


ანიტა რაჭველიშვილი-კარმენი "ლა სკალას" სცენაზე

ანიტა რაჭველიშვილი-კარმენი "ლა სკალას" სცენაზე

"თბილისის კონსერვატორიიდან - 'ლა სკალამდე'"; "პირველი ქართველი მომღერალი, რომელმაც 'ლა სკალას' სეზონი გახსნა", - წერს ქართული პრესა. "7 დეკემბერს 'ლა სკალას' სცენაზე ვარსკვლავი დაიბადა", - წერს საფრანგეთის "ფიგარო". "ანიტა რაჭველიშვილი ყვავილებსა და აპლოდისმენტებში 'აბანავეს'", - აღნიშნავს "ნიუ-იორკ ტაიმსი"... მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუსიკის კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ 25 წლის ქართველი მეცო-სოპრანოს დებიუტი "ლა სკალაში" ტრიუმფალური იყო. მაგრამ ანიტას წარმატებებით ტკბობის დრო არა აქვს. იგი ახლა პალერმოშია და შობის დღეებშიც კი ახალ პარტიაზე მუშაობს.

ოპერის მოყვარულებმა საქართველოში ინტერნეტით მოვუსმინეთ თბილისის კონსერვატორიისა და "ლა სკალას" სკოლის კურსდამთავრებულს, რომელსაც ჯერ კიდევ სამი წლის წინ ასეთ ტრიუმფს ვერავინ უწინასწარმეტყველებდა, - ერთ-ერთმა გერმანულმა რადიოსადგურმა გადმოსცა პირდაპირი რეპორტაჟი მილანიდან.. ლასკალას ახალი სეზონის გახსნა და "კარმენი" მთლიანად უჩვენეს ფრანგულ-გერმანულ ტელეარხ "არტეზეც"... ჰოდა, სულ სხვა არის, როცა საკუთარი თვალით იხილავ, მართლაც რომ, გრანდიოზულ წარმატებას და როცა ამას სხვა გეტყვის - საქართველოს კულტურის მინისტრი, საქართველოს ელჩი იტალიაში, რომლებიც "კარმენის" პრემიერას დაესწრნენ, ან თუნდაც "ნიუ-იორკ ტაიმსის" მუსიკალური მიმომხილველი... როცა იხილავ და, რაც მთავარია, მოუსმენ ანიტას მგრძნობიარე, ემოციურ ხმას - ეს, სხვათა შორის, ფრანგული გაზეთის, "ფიგაროს" შეფასებაა... ანიტას სწორედ ფრანგული ენის შესახებ ვკითხეთ: რამდენად გაუძნელდა ფრანგულად სიმღერა "ლა სკალაში". ენა არ ვიცოდი, ამიტომ ბევრი ვიმუშავე, მით უმეტეს, რომ სპექტაკლში, სიმღერის გარდა, დიალოგებიცაა ჩართული. ორი თვე სწორედ ენის შესწავლის მიზნით ვცხოვრობდი პარიზშიო... შეიძლება ამიტომაც აღფრთოვანდნენ ანიტას დებიუტით ფრანგი კრიტიკოსები.

"კარმენის" აფიშა "ლა სკალაში"
და არა მარტო ფრანგები. იტალიელებიც კმაყოფილები იყვნენ. უფრო მეტიც, ჟურნალისტები და მუსიკალური კრიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ "მეტი წილი" ოვაციებისა, რომელიც "ლა სკალას" სეზონის გახსნაზე მობრძანებულმა პუბლიკამ გამართა, სწორედ ანიტას ეკუთვნოდა. ეს მაშინ, როცა სპექტაკლის დირიჟორი იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკოსი, დანიელ ბარენბოიმი. ხოზეს პარტია კი იმღერა იონას კაუფმანმა, რომელიც ვაგნერის "ლოენგრინის" უბადლო შემსრულებლად ითვლება.

ანიტას ვკითხეთ, ხომ არ აპირებს, გერმანულ ოპერაშიც სცადოს ბედი. რატომაც არაო, გვითხრა. თუმცა, ახლა სულ სხვა გეგმები მაქვსო: ანიტა პალერმოს ოპერის თეატრში "ნაბუკოს" დადგმისთვის ემზადება. მაისში ისევ "კარმენს" იმღერებს, ამჯერად - ბერლინში. ოღონდ ეს არ იქნება ემა დანტეს წარმოდგენა - "ლა სკალაში" დადგმული "კარმენის" რეჟისორისა, რომელსაც წარმოდგენის დასრულების შემდეგ დარბაზი სტვენით და უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა (მეორე დღეს არაერთმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა უწოდა ემა დანტეს ინტერპრეტაციას "ვულგარული" და "უხეში")... "არტეს" ეთერში კარგად ჩანდა, როგორ ამშვიდებდა სცენაზე რეჟისორს ანიტა და როგორ ყვიროდა ”ბრავოს”... ჩვენთან საუბარში კი ანიტა რაჭველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ემა დანტეს სპექტაკლში მნიშვნელოვანია ეპოქის ატმოსფეროს შექმნა და დამცირებულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გამოხატვა, აგრეთვე რელიგიის თემა, რომელსაც "კარმენის" ინტერპრეტაციის დროს, როგორც წესი, არ ეხებიანო.

"მე ძალიან მომწონს ემას რეჟისურა", - გვითხრა ანიტა რაჭველიშვილმა და დაგვეთანხმა, რომ "კარმენი", გარკვეული თვალსაზრისით, ფემინისტური სპექტაკლია.

ბოლოს, რა თქმა უნდა, წინასწარ მივულოცეთ ახალი წელი ახალგაზრდა მომღერალს, რომლის შესახებ საუბრისას ნოდარ ანდღულაძემ თქვა, ანიტას წარმატება მთელი ქართული კულტურის წარმატებააო, და ვკითხეთ, როდის ვიხილავთ თბილისში.

"ახალ წელს ვაპირებდი, მაგრამ 'ნაბუკომ' დამაყოვნა. პრემიერისთვის ვემზადები. როგორც კი საშუალება მექნება, აუცილებლად ჩამოვალ", - გვითხრა ანიტა რაჭველიშვილმა.
XS
SM
MD
LG