Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი აპროტესტებს მოსკოვისა და სოხუმის ახალ ენერგეტიკულ შეთანხმებას


თბილისი მწვავედ აპროტესტებს ”როსნეფტისთვის” მიცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სახელმწიფო კომპანია აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე სადაზვერვო-საძიებო სამუშაოებს განახორციელებს. საუბარია შავი ზღვის შელფის გუდაუთის მონაკვეთის შესწავლაზე, ნახშირწყალბადების მარაგის აღმოჩენის მიზნით. ადგილობრივ კომპანია ”აფხაზტოპსს” და "როსნეფტს" შორის ხელშეკრულება 24 დეკემბერს გაფორმდა. ამავე დღეს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ შეთანხმებას დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროშიც. საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევის გზით რუსეთი საქართველოს ანექსიას განაგრძობს. პარალელურად, საუბარია უზარმაზარ ეკოლოგიურ ზიანზე.

ტერიტორია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიას შესასწავლად გადაეცა, დაახლოებით 3900 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ერთდროულად ორი ბურღის ამოქმედებით, ”როსნეფტი” შეეცდება მოიძიოს ენერგიის ახალი წყარო, იპოვოს ნახშირწყალბადების მარაგი, რაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

24 დეკემბერს სოხუმში რამდენიმე ხელშეკრულების საზეიმო ვითარებაში ხელმოწერის შემდეგ, ”როსნეფტის” პრეზიდენტმა სერგეი ბოგდანჩიკოვმა თქვა, რომ მისი კომპანია ”აფხაზეთში კარგი მიზნებით შედის” და თან, დაახლოებით, 15 მილიარდი რუბლის დახარჯვასაც აპირებს.

კრემლის მიერ აფიშირებული ”კარგი მიზნების” უკან თბილისი სრულ განუკითხაობას ხედავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აწარმოოს დაზვერვითი და საძიებო სამუშაოები საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიებისა და განვითარების მიზნით, ღიად და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ კი, "საზღვაო სამართლის შესახებ" გაეროს 1982 წლის კონვენციას, ამასთან, საქართველოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და საქართველოს კანონს "ნავთობისა და გაზის შესახებ".

24 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას მწვავე შეფასებები მოჰყვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კანდელაკის აზრით, კრემლი მსგავსი ნაბიჯებით ”საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის დაკანონებას ცდილობს.” კანდელაკი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მსგავს ფაქტებს უყურადღებოდ არ დატოვებს. პარალელურად მზადდება სამოქმედო გეგმაც.

”ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ სტრატეგიაზე ამგვარ შემთხვევებთან დაკავშირებით, რათა კომპანიებს, რომლებიც გადაწყვეტენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინვესტიციების განხორციელებას, პრობლემები შეექმნათ დასავლეთში, სადაც მათ ასევე აქვთ ბიზნესი. ჩვენ ვიცით, რომ, მაგალითად, იმავე კომპანია ”როსნეფტს” გააქვს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მერწმუნეთ, არსებობს მრავალი ძალიან ქმედითი ინსტრუმენტი, რათა ამგვარ, უაღრესად მტრულ, ნაბიჯებს მიეცეს სათანადო რეაგირება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კანდელაკმა.

თბილისში მიიჩნევენ, რომ ”როსნეფტსა” და სეპარატისტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო ზრდის ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს, რომელიც უკვე აშკარად გამოიკვეთა სოჭის ოლიმპიადისთვის რუსეთის მზადების ფონზე. გავიხსენოთ, რომ დიდი ოდენობით ინერტული მასალის მოპოვება სწორედ აფხაზეთის სანაპირო ზოლიდან აბსოლუტურად უკონტროლოდ მიმდინარეობს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელი გია გაჩეჩილაძე ”როსნეფტის” გეგმებთან კავშირში დიდ საფრთხეზე ლაპარაკობს:

”ბურღვითი სამუშაოების პროცესში, როგორც წესი, იღვრება დიდი რაოდენობის ნავთობი, რომელიც, ფაქტიურად, ანადგურებს როგორც ფლორას, ასევე ფაუნას. ეს იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი აფხაზეთის რეგიონისა და იქ ტურიზმის ინდუსტრიისათვის.”

მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელი გია გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ”როსნეფტის” ხელით კრემლი შეგნებულად ანადგურებს აფხაზეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს, რადგან შემდეგ იქ, რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების ჩასახლებით, საბოლოოდ შეცვალოს დემოგრაფიული მდგომარეობა.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტი დავით ნარმანია კი მიიჩნევს, რომ რუსეთს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან, პოლიტიკურის გარდა, დიდი ეკონომიკური ინტერესიც აკავშირებს. ექსპერტი გულისხმობს ”სიმდიდრეებს, იქნება ეს ტურიზმის განვითარების პოტენციალი, უკვე არსებული თუ სამომავლო რესურსები.” ხოლო განაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ნარმანიას აზრით, რუსეთი ცდილობს ეკონომიკური სარგებლის მიღების ყველა შანსის გამოყენებას, მათ შორის - აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე. ნარმანია თვლის, რომ რუსეთის

„როსნეფტი“ შავი ზღვის შელფის გუდაუთის მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის შესაძლო მარაგების შესწავლას იწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ ”ქართული მხარე გამოიყენებს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას საქართველოს სუვერენული უფლებების დასაცავად და რუსული მხარის ამ მეკობრული ქმედებების აღსაკვეთად.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG