Accessibility links

“Christmas in the Heart” - ბობ დილანის მოულოდნელად ნოსტალგიური, კეთილი და სევდიანი განაცხადი


„შობა გულში“ - ასე ეწოდება ამერიკელი მუსიკოსის, ბობ დილანის, ბოლო ალბომს, რომელიც ძველი, ყველასათვის ცნობილი საშობაო სიმღერების დილანისეულ ინტერპრეტაციებს შეიცავს. თანამედროვე ამერიკული კულტურის ამ ლეგენდარული წარმომადგენლის - როკის, ქანთრის, ფოლკისა და ბლუზის ჟანრებში მომუშავე მუსიკოსის მიერ ასეთი ალბომის გამოშვებამ კრიტიკოსები და მსმენელები ერთნაირად გააკვირვა.

„ეს ალბომი, ერთსა და იმავე დროს, სასიამოვნოცაა და სულელურიც, უჩვეულოც და ინტიმურიც, ნაზიც და ტლანქიც, გიჟურიც და ძველმოდურიც, დამაბნეველიც და საყვარელიც. მთელი დეკემბრის განმავლობაში ჩემს სახლში მხოლოდ ეს მუსიკა იქნება ჩართული“ - ასე შეაფასა ერთ-ერთმა ამერიკელმა კრიტიკოსმა ბობ დილანის ბოლო ალბომი, სახელწოდებით „შობა გულში.“

„დილანის ხმა თქვენს ბებერ მთვრალ ბიძას მოგაგონებთ, რომელიც ოჯახურ პიანინოს უბრახუნებს, ძველ და ნაცნობ მელოდიებს უკრავს, მაგრამ ამ ალბომში ეს მელოდიები კლასიკური ჰოლივუდის კინომუსიკის სტილშია გადაწყვეტილი“, - დაწერა მეორემ და დასძინა, დღესასწაულს ამ მუსიკის გარეშე ბევრად ხალისიანად აღნიშნავთ, არ გირჩევთ ამ ალბომის ყიდვასო.

კრიტიკოსთა გამოხმაურება მართლაც სხვადასხვანაირი და, ძირითადად, რადიკალურად განსხვავებულია: ალბომი ან ძალიან მოსწონთ, ან, პირიქით, მას სასტიკად აკრიტიკებენ. მაგრამ ერთ რამეში ყველა თანხმდება: ბობ დილანის გადაწყვეტილება, ძველი, ყველასთვის ძალიან ნაცნობი და, ცოტა არ იყოს, გაცვეთილი საშობაო სიმღერების ალბომი ჩაეწერა, ამ მუსიკოსის შემოქმედებით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და უჩვეულო ნაბიჯი იყო.

არადა, ბობ დილანი სწორედ მოულოდნელი ნაბიჯებით და იმიჯის, ჟანრების, გარეგნობის თუ ჟღერადობის მუდმივი ცვლილებით არის ცნობილი.

მის 50-წლიანი შემოქმედების შესახებ საუბრისას დღეს არავინ ერიდება აღმატებული ეპითეტების ხმარებას. 1941 წელს დაბადებული ბობ დილანი, რომლის ნამდვილი სახელი რობერტ ალენ ციმერმანია, ნამდვილი ლეგენდა და საკულტო ფიგურაა. ბევრი მას თანამედროვე ამერიკული კულტურის უდიდეს შემოქმედადაც კი მიიჩნევს.

ეს ლეგენდა 1960-იანი წლების სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მღელვარების და ცვლილებების დროს დაიბადა, როცა აკუსტიკური გიტარით და ტუჩის გარმონით შეიარაღებული გამხდარი ახალგაზრდა ბიჭი მთელი თაობის „ხმა“ და წარმომადგენელი გახდა.

„The Times They Are A-Changing”, “Blowing In the Wind”, Mr Tambourine Man“, “A Hard Rain's A-Gonna Fall" - ეს სიმღერები სამოციანი წლების ერთგვარ ჰიმნებად იქცა. თავად დილანი კი სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი თაობის სიმბოლო იყო.

1963 წლის 28 აგვისტოს, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის კულმინაციურ მომენტში - „ვაშინგტონზე მსვლელობის“ დღეს, როცა მარტინ ლუთერ კინგმა რასობრივი თანასწორობის შესახებ ისტორიული სიტყვა - „I Have A Dream- მე მაქვს ოცნება”- წარმოთქვა, სხვა რამდენიმე მუსიკოსთან ერთად ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დილანიც მივიდა და ასიათასობით დემონსტრანტს ადამიანების ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის შესახებ უმღერა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ჩვენი კოლეგა რობერტ კოლსონი, უკვე წლებია დილანის მსმენელია. მის ცნობილ პოლიტიკურ სიმღერებს შორის ის რამდენიმეს გამოარჩევს:

დილანის ახალი ალბომი Christmas In The Heart
„’Masters of War’ ძალიან ძლიერი სიმღერაა - იმ ადამიანების ემოციური, ბობოქარი მხილება, რომლებიც ომებით, ძალადობით და სამხედრო ინდუსტრიით მოგებას ნახულობენ. „John Brown“, რომელიც მას სტუდიურ ალბომში არ შეუტანია, ასევე ძალიან ძლიერი სიმღერაა დედაზე, რომელიც საკუთარ ვაჟს ომში გზავნის ურა-პატრიოტული სულისკვეთებით. თვლის, რომ ის გმირი გახდება. როცა მისი დასახიჩრებული და ტრავმირებული შვილი ომიდან დაბრუნდება, დედისთვის ომის მთელი საშინელება და აბსურდი ხდება აშკარა. დედა გაიაზრებს, რაოდენ ცდებოდა. ეს მართლა ძალიან ძლიერი სიმღერაა.“

თუმცა დილანი ძალიან მალე გაემიჯნა 60-იან წლებში ჩამოყალიბებულ თავის იმიჯს. ბევრი თაყვანისმცემლის თუ თანამოაზრე აქტივისტის უკმაყოფილების მიუხედავად, დილანმა აკუსტიკური გიტარა ელექტროგიტარით ჩაანაცვლა, მწვავე პოლიტიკური ტექსტების შემცველი აკუსტიკური ფოლკლორული მუსიკა კი - ელექტროინსტრუმენტებზე შესრულებული ბლუზით.

რობერტ კოლსონი მუსიკოსის ტრანსფორმაციას ასე ხსნის:

„ის 60-იანელთა თაობის წარმომადგენელია, მაგრამ დაბერდა და არა ისე, როგორც ბევრი სხვა მუსიკოსი, ვინც ცოცხალი გადარჩა, რომლებიც, უბრალოდ, იმეორებენ ძველ პოპულარულ სიმღერებს. დილანი მუდმივად იზრდებოდა და იცვლებოდა როგორც შემოქმედი და გადაჭრით გაემიჯნა 1960-იან წლებს. ბევრს კვლავ სურს ის 60-იანი წლების „ხმად“ აღიქვას, მაგრამ მათ, ვინც მის შემოქმედებას კარგად იცნობს, ასეთი დამოკიდებულება ძალიან ჩამორჩენილად ეჩვენებათ. ამით მისი შემოქმედების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის იგნორირება ხდება. “

რობერტ კოლსონი არც იმ თვალსაზრისს ეთანხმება, რომ ბობ დილანის მუსიკაში ვეღარ ვხვდებით პოლიტიკური და სოციალური პროტესტის შემცველ უწინდელ მუხტს. კოლსონის აზრით, ამ მუხტმა, უბრალოდ, ლოგიკური ტრანსფორმაცია განიცადა:

„ასაკის მატებასთან ერთად, მან ახალგაზრდული რადიკალიზმი დიდწილად დაკარგა - თავდაჯერებულობა, როცა გგონია რომ იცი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამყარო. ის თავს არიდებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხალხს უკარნახებს, რა და როგორ იფიქრონ. თუმცა კვლავაც ძალიან აქტიურია - ბევრს გასცემს ქველმოქმედებისთვის, ჩართულია ბევრ პროექტში, მონაწილეობდა „ჩვენ ვართ მსოფლიოშიც“, რომელიც შიმშილის დაძლევასა და უცხო ქვეყნების დახმარებაზე იყო მიმართული. ჩემი აზრით, მისი პირადი ცხოვრების და სიმღერების სილამაზე სწორედ იმაშია, რომ ის ადამიანებს დამოუკიდებლად აზროვნებისკენ უბიძგებს.“

ბობ დილანის მხრიდან საშობაო ალბომის ჩაწერაც თავისებური განაცხადია. ალბომისგან მიღებული მთელი შემოსავალი უსახლკაროთა დაპურებას ხმარდება. ამ ალბომის შესახებ დილანმა ერთადერთი ინტერვიუ მისცა გაზეთს, რომელსაც უსახლკაროები ყიდიან და მიღებული შემოსავლით თავი გააქვთ.
მუსიკალური თვალსაზრისით, ეს ალბომი „ფესვებთან“ დაბრუნების მცდელობას წარმოადგენს - ერთგვარ ნოსტალგიას 1950-იანი წლების მუსიკის მიმართ, რომელმაც დილანის მუსიკოსად ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია.

რობერტ კოლსონის აზრით, ამ კეთილ და მელოდიურ სიმღერებს დილანი სიამოვნებით ასრულებს და მათ განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:

„არა მგონია ხუმრობდეს - ის, უბრალოდ, ერთობა. ამაში არის განსხვავება. ჩემი აზრით, ის ძალიან გულწრფელია ამ ალბომში. რამდენიმე სიმღერა მსუბუქი და სასაცილოა - მაგალითად, ‘Must Be Santa’ და მისი ვიდეოკლიპიც. სხვა სიმღერები - მაგალითად, ‘I’ll Be Home for Christmas’ - ძალიან სევდიანია. თავიდან ამბობს, საშობაოდ სახლში ჩამოვალ, დღესასწაული ამის გათვალისწინებით დაგეგმეთო. სიმღერის ბოლოს კი გაამხელს, რომ შინ მხოლოდ ოცნებებით დაბრუნდება. ამას ძალიან სევდიანად ამბობს.“

ბობ დილანის ლეგენდად, ერთგვარ ამოუცნობ შემოქმედად ქცევას იმ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რომ წლების განმავლობაში მუსიკოსი ძალიან იშვიათდ თუ თანხმდებოდა ინტერვიუზე და საკუთარი თავის შესახებ მწირ ინფორმაციას გასცემდა. 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების განმავლობაში ჟურნალისტების მიმართ ის საკმაოდ სარკასტული, ქედმაღალიც კი იყო - მათ შეკითხვებს პირდაპირ არ პასუხობდა. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ვითარება შეიცვალა - ახლა უკვე დილანის რამდენიმე ძალიან გულწრფელი და ამომწურავი ინტერვიუ არსებობს, რომლებიც მან ჟურნალ „როლინგ სტოუნს“ თუ კინორეჟისორ მარტინ სკორსეზეს მისცა.

შემოქმედებითი თვალსაზრისით, ბობ დილანი კვლავ ძალიან აქტიურია - ხშირად გამოსცემს ახალ ალბომებს და ყოველწლიურად კვლავ 100-150 კონცერტს ატარებს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა მისი თაყვანისმცემლები ერთხმად გეტყვიან, რომ მუსიკოსის ვერც ერთი სტუდიური ალბომი სრულად ვერ გადმოსცემს მისი შემოქმედების სიღრმეს და მასშტაბს. როგორც რობერტ კოლსონი ამბობს, ბობ დილანის მთავარი ნიჭი ინტერპრეტაციისა და თხრობის უნარია - სიმღერებში მოთხრობილი ამბების ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად გაცოცხლების შესაძლებლობა:

„მისი სიმღერების სილამაზე დილანის მიერ ამა თუ იმ ამბის განსახიერებაშია ცოცხალი შესრულების დროს. ის ამბების ძალიან ძლიერი მთხრობელია. მის მიერ დაწერილი სიტყვები ნაკლებად მნიშვნელოვანია - როცა, უბრალოდ, მის ლექსებს კითხულობ, შეიძლება ამან დიდი შთაბეჭდილება არც მოახდინოს, მაგრამ როცა ამ ტექსტებს დილანი ასრულებს, - ამას კი ის თითქმის ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად აკეთებს, - ძალიან ძლიერი და შთამბეჭდავი ვარიაციები აქვს ხოლმე. ის სხვების და თავისი სიმღერების არაჩვეულებრივი ინტერპრეტატორია.“
XS
SM
MD
LG