Accessibility links

logo-print

დიდების მემორიალის ნგრევიდან ლარსის გახსნის გადაწყვეტილებამდე


გასული კვირა თბილისსა და მთელ საქართველოში განსაკუთრებით მძიმედ დაიწყო. ჯერ კიდევ შაბათ დღეს, 19 დეკემბერს, ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქებამ დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მალევე გაკეთდა განცხადებები, რომ 28 მეტრის სიმაღლის ბეტონის კონსტრუქციის აფეთქებისას უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა. ხალხი სახლებიდან გამოიყვანეს, მაგრამ არ გააფრთხილეს, რომ კორპუსებს მოშორებოდნენ. ამ ამბავს რამდენიმე სახელმწიფო მოხელის - მათ შორის, იმერეთის გუბერნატორ ირაკლი ჩოგოვაძის - თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა კითხვები, რომლებიც ამ ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით დაისვა, დღემდე არსებობს. აფეთქებული დიდების მემორიალის ადგილას პარლამენტის შენობა უნდა აშენდეს. ქუთაისელების განწყობა კი მემორიალის მიმართ ასეთი იყო:

დიდების მემორიალის აფეთქება ქუთაისში
”დარჩეს მემორიალი, მის გვერდზე უამრავი ტერიტორიაა და აშენდეს იქ პარლამენტი.”

აფეთქების შედეგად დაზარალებული ირაკლი ჯინჯიხაძე იხსენებს, რომ ხალხი ბინებიდან კი გამოიყვანეს, მაგრამ არავის უთქვამს, კორპუსებს მოშორებოდნენ. დედა-შვილი ჯინჭარაძეებისგან განსხვავებით, ის გადარჩა, თუმცა ყველა ნეკნი დაზიანებული აქვს.

ამ შემთხვევას 21 დეკემბერს ქუთაისში ჩასულმა ოპოზიციამ იქვე გამართულ მიტინგზე მისცა შეფასება. ”ალიანსი საქართველოსათვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს დააკისრა:

”როგორც ყველაფერში, აქაც ერთი ადამიანის მიერაა გადაწყვეტილება მიღებული და მას უნდა მოეთხოვის პასუხი. ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილია.”

მემორიალის ნგრევის ფაქტს საკუთარი ისტორიის ნგრევა უწოდა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

მიმდინარე კვირაში გადაწყდა, რომ თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის მიზნით, პრაიმერი 2010 წლის 31 მარტს გაიმართება, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს კი წინასწარ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენის ვადა თებერვლის ბოლომდე განესაზღვრათ. პრაიმერის ინტერპარტიულმა ჯგუფმა, რომელიც სამი სუბიექტისგან შედგება, 25 დეკემბერს წინასწარი არჩევნების ჩატარების წესების პროექტი წარადგინა. ეს ჯგუფი ამ ეტაპზე სამი სუბიექტისაგან შედგება: ”კონსერვატიული პარტია”, ”ხალხის პარტია” და ” მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.” წინასწარი არჩევნების ჩატარების პროექტი კი 17 პოლიტიკურ ორგანიზაციას დაეგზავნა. მათ შორის არიან: ”ალიანსი საქართველოსთვის”, ”საქართველოს გზა”, ”ლეიბორისტები”, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და სხვ. მათ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დათანხმდებიან ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლაზე, თუ დამოუკიდებელ სუბიექტად ჩაერთვებიან მერის არჩევნებში.

ამ კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამსჯელო თემა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მომავალი წლის მარტში გახსნის ფაქტი გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადების თანახმად, გადაწყდა, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქართული და რუსული მხარეები შეადგენენ ოქმს, რომელშიც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ჩაიწერება. ნინო კალანდაძის განმარტებით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნება არა მხოლოდ მეზობელი სომხეთის ინტერესთა მომსახურების მიზნით, როგორც სატრანზიტო მექანიზმი, არამედ გაიხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, ასევე ქართულ ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

გია ხუხაშვილი
ლარსის გახსნის გადაწყვეტილებაში გარკვეულ ეკონომიკურ საფრთხეებს ხედავს ექსპერტი გია ხუხაშვილი:

”ქართულ პროდუქციას ადევს ემბარგო რუსულ ბაზარზე... როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა რუსეთზე პრაქტიკულად შეწყვეტილია, როგორ უნდა ისარგებლოს საქართველოს მოქალაქემ ამ საზღვრით?! ეს საზღვარი ამუშავდება ცალმხრივად, ცალმხრივ ინტერესზე. ძირითადი ინტერესი აქ არის სომხეთისა და რუსეთის.”

შეგახსენებთ: ყაზბეგი-ზემო ლარსის სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 2006 წლის ივლისში რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.

ამ კვირაშიც გრძელდებოდა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა სხვადასხვა დონეზე.

კვირის დასაწყისში, 21 დეკემბერს, სახელმწიფო სტრატეგიის ირგვლივ შეხვედრების მესამე რაუნდი უშიშროების საბჭოს აპარატში გაიმართა. მსჯელობდნენ პარლამენტშიც.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს სტრატეგია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ანექსიის შეჩერებას გულისხმობს. ამ მიზნის მიღწევას, დოკუმენტის თანახმად, საქართველო მშვიდობიანი გზით გეგმავს.

”შევეცადოთ პრიორიტეტები განვსაზღვროთ არა თბილისიდან, არამედ დაველაპარაკოთ ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს და იმათ ვკითხოთ, რა ურჩევნიათ პირველ რიგში, მეორე რიგში და მესამე რიგში”, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაქსიმ ღვინჯიას გამოხმაურება კი ასეთი გახლდათ:

„ვიცი, რომ სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ეყრდნობა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არიან. ბუნებრივია, ასეთი სტრატეგია ჩვენთვის ყოვლად უინტერესოა. ამ სტრატეგიის მიზანი ჩვენზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა და აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადის მხარდაჭერაა. მასში რეალობა და ახალი პირობები გათვალისწინებული არ არის.“

აქევ გეტყვით, რომ სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა 2010 წლის ივნისის ბოლომდე შემუშავდება.

სენატორი რიჩარდ ლუგარი
მედიის ინტერესი გამოიწვია 22 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილმა ანგარიშმა ”შეერთებული შტატების პოლიტიკა და სტაბილურობა საქართველოში”, რომელსაც რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის წერილი ახლავს და რომელშიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თემა რუსეთის აგრესიის ჭრილში განიხილება. ლუგარი მოუწოდებს ობამას ადმინისტრაციასა და ნატოს წევრ ქვეყნებს შეიმუშაონ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სისტემური სტრატეგია და განიხილონ საქართველოს თავდაცვითი გადაიარაღების საკითხი. სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ ინიცირებულ ანგარიშში შემავალი რეკომენდაციები, ექსპერტების აზრით, საქართველოსთვის აუცილებელია და იძლევა იმის საფუძველს, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს ველოდეთ.

ანგარიშში ვკითხულობთ: ”რუსეთის არმია, იმის ნაცვლად, რომ დაეხია უკან ომამდე არსებულ პოზიციებზე და შეემცირებინა სამხედრო წარმომადგენლობა, რასაც საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვს, აშენებს მუდმივ ბაზებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.”

თბილისში ამ ანგარიშის წარდგენას პოლიტოლოგების გამოხმაურება მოჰყვა. რადიო თავისუფლებამ შეფასება კახა გოგოლაშვილს სთხოვა: ”შეერთებული შტატების საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის დეგრადაცია აუცილებლად დააზიანებს არა მარტო საქართველოს ინტერესებს, არამედ შეერთებული შტატებისა და მთელი დასავლეთის ინტერესებსაც.”

და ბოლოს, ამ კვირის მთავარ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმადაც, 26 დეკემბრიდან თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული ავიარეისები აღდგება. ამის თაობაზე საქართველომ თხოვნით მიმართა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს, - იუწყება ამავე სამინისტროს პრესცენტრი. ირკვევა, რომ საახალწლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული რეისების განახლების სურვილი ქართულმა კომპანია ”აირზენამ” გამოთქვა და რუსეთის სატრანსპორტო უწყებას სათანადო წერილი გაუგზავნა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა ცნობა, თითქოს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსთვის საქართველოს მიემართოს თხოვნით, ოფიციალურმა თბილისმა უარყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მოსკოვში ფრენის ნებართვა კერძო კომპანიამ ითხოვა. ამ საკითხზე კვირის დასაწყისში მან ოფიციალური განცხადება გააკეთა:

”გაცხადდა, თითქოსდა ქართულმა მხარემ მიმართა ნებართვისთვის. ეს ასე არ არის. კერძო კომპანიამ მიმართა ნებართვისთვის. ალბათ, ამისთვის სპეციალური პროცედურები არსებობს, რის საფუძველზეც განიხილება საკითხი და ან მიიღებენ თანხმობას, ან არა. ხელისუფლება ამ პროცესში არ მონაწილეობს.”

კომპანია „აირზენას“ წარმომადგენლმა ნინო გიორგობიანმა კი კომპანიის გადაწყვეტილება ასე ახსნა:

”ავიაკომპანია „აირზენამ“ გადაწყვიტა მიემართა რუსეთის საავიაციო ხელისუფლებისათვის რეისების აღდგენის თაობაზე, კერძოდ, საშობაოდ და საახალწლოდ ჩარტერული რეისების აღდგენის შესახებ - 26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, ყოველდღიურად. ასევე ვითხოვეთ რეგულარული რეისების აღდგენა 5 იანვრიდან, რაზეც პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ ვთვლით, რომ თუ ეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მორიგი პი-არ კამპანია არ არის, ჩვენ რეგულარულ რეისებზე მალე მივიღებთ ნებართვას.”

ტურისტულ სააგენტოებში ორი დღეა იყიდება თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული ავიარეისების ბილეთები. „აირზენაში“ არაოფიციალურად აცხადებენ, რომ, თუ პირდაპირი ჩარტერული ფრენის ნებართვა ვერ მიიღეს, ბილეთების მფლობელებს მოსკოვში ერევნის გავლით მაინც გაამგზავრებენ.

მოსკოვმა საქართველოსთან საავიაციო ურთიერთობა პირველად 2006 წლის შემოდგომაზე შეაჩერა, როდესაც თბილისში, ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. ავიარეისების აღდგენა მხოლოდ 2008 წლის დასაწყისში მოხერხდა. ამავე წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა ისევ შეწყდა. დღემდე მგზავრები საქართველოდან რუსეთში საჰაერო ტრანსპორტით მოხვედრას მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით ახერხებენ.
XS
SM
MD
LG