Accessibility links

logo-print

ხუთ წიგნად აკინძული ”ვეფხისტყაოსანი”


ხუთ წიგნად აკინძული ”ვეფხისტყაოსანი”

ხუთ წიგნად აკინძული ”ვეფხისტყაოსანი”

პროექტ "ჩვენ და ვეფხისტყაოსნის" ფარგლებში გამოიცა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ხუთტომეული, რომლის პრეზენტაციაც 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. დარბაზში მყოფი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხუთტომეულის გამოცემას წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.

ზუსტად ერთი კვირის წინ სიუჟეტი მოვამზადე, რომლის ერთადერთი კითხვა ასე ჟღერდა: წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ერთი კვირის წინ ხუთტომეულის პრეზენტაცია ჯერ არ იყო გამართული, თორემ სიუჟეტი სრულიად განსხვავებული გამომივიდოდა.

„ვეფხისტყაოსნის“ ხუთტომეულის პრეზენტაციაზე შეკრებილი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ გამოცემას წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებს. მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილიც:

“ეს არის ჩვენი საგანძური და როდესაც საგანძურს ასეთი ყურადღება ექცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვცოცხლობთ. ეს არის უდიდესი მოვლენა და განსაკუთრებული სიხარული, რაც მე, როგორც ადამიანმა, წელს შევიგრძენი.”

ფილოლოგი და პედაგოგი გია მურღულია თავს ბედნიერ ადამიანად თვლის იმის გამო, რომ ხუთტომეულში, სხვა დანარჩენ 200 ავტორთან ერთად, მისი წერილიც შევიდა:

”ეს ხუთწიგნეული დიდი შენაძენია მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ მიზეზს დაგისახელებთ. აქ შერჩეულია საუკეთესო ნაფიქრი და ნააზრევი ”ვეფხისტყაოსანზე”. აქ იღება ფანჯარა, საიდანაც ადამიანს შეუძლია იმ სამყაროში შეიხედოს, რომელსაც ”ვეფხისტყაოსანი” ჰქვია და სწორედ მაშინ მიხვდები, რა მარტო იყავი, სანამ მის გარეშე ცხოვრობდი.”

„ერთი არაკი უნდა მოგაგონოთ: ”ჭინჭრაქა ესრე უგუნურია: რა იქუხებს, გულაღმა გადაბრუნდება, თუცა ცა არ დაექცეს, ფეხი მივაშველო, რომ ქვეყანა არ წახდესო; და წერო, ამპარტავნებით, თუ არ სვლაში, ორ ფეხს არ დასდგამს, ჩემის სიმძიმით ქვეყანა არ ჩატყდესო”. ჭინჭრაქას უგუნურება და წეროს ამპარტავნება რომ არა, რა გამაბედვინებდა იმ პროექტის წამოწყებას, რომელიც რუსთაველის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად“, - აი, ასე იწყებს საკუთარ სიტყვას პროექტის იდეის ავტორი ჟურნალისტი მანანა კარტოზია. მისი თქმით, ალბათ, ბედისწერა იყო ისიც, რომ სადაც კი იმ პერიოდში მივიდა, ყველგან ”ვეფხისტყაოსანს” გადაეყარა. ასე შეხვდა ის მხატვარ ქეთი მატაბელსაც. ხუთტომეულიდან ერთ-ერთი, მეოთხე ტომი, სწორედ ქეთი მატაბელის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შექმნილი ფოლიანტებისაგან შედგება.

”მე და ქეთი შეთქმულები გავხდით: დავიწყეთ სიარული ხელნაწერთა ინსტიტუტში, წიგნსაცავებში, ბიბლიოთეკებში”, - ამბობს მანანა კარტოზია.

ეს ყველაფერი დაახლოებით სამ წელს გაგრძელდა. თავიდან მხოლოდ ერთი წიგნის შექმნის იდეა არსებობდა, მაგრამ მოგვიანებით იმდენი მასალა დაგროვდა, რომ ერთ წიგნში ჩატევა, უბრალოდ, წარმოუდგენელი გახდა. ერთ ტომად დაკაბადონებული წიგნი ხუთად დაიშალა:

წიგნი პირველი: ეს გამოცემა მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი გამოსაცემად მოამზადა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ”ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამ და ამ კომისიის მიერ მიღებულ ბოლო რედაქციას წარმოადგენს. გამოცემას თან ერთვის ლექსიკონი, რომლის საბოლოო ვერსია ეკუთვნის გურამ კარტოზიას. ვეფხისტყაოსნის ტექსტი შეიცავს 1673 სტროფს, რომელთაგან 10 კომისიამ რუსთველურად ჩათვალა და პირველად შეიტანა ამ გამოცემაში.

წიგნი მეორე: მოგითხრობთ „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. გამოცემა წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ და შოთა რუსთაველის შესახებ ენციკლოპედიური მიდგომით თავმოყრილ კრებულს. მასში იხილავთ ინფორმაციას თითქმის ყველა იმ პირზე, ვინც „ვეფხისტყაოსანთან“ არის დაკავშირებული, 1000-ზე მეტ საილუსტრაციო მასალას, 200-ზე მეტი ავტორის სტატიასა და ნაშრომს.

წიგნი მესამე: „ვეფხისტყაოსანს“ მოგვითხრობენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული და მხატვარი მამია მალაზონია.

წიგნი მეოთხე: „ვეფხისტყაოსანს“ წარმოგიდგენთ ქეთი მატაბელი. მხატვარი წარმოგიდგენთ ორიგინალურ ფოლიანტებს, რომლებიც სპარსულ, ჩინურ, ინდურ მოტივებზეა შექმნილი.

წიგნი მეხუთე: „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ბიბლიოგრაფია. მკითხველი სამი საუკუნის განმავლობაში დაბეჭდილ „ვეფხისტყაოსნის“ 300-ზე მეტ გამოცემას ერთიანად ეცნობა.

როგორც მეოთხე წიგნისა და „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შექმნილი ფოლიანტების ავტორი ქეთი მატაბელი ამბობს, „ვეფხისტყაოსანზე“ თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრება ფიქრობდა, სერიოზულად მუშაობა კი 80-იანი წლებიდან დაიწყო. შთაგონების წყარო რუსთველოლოგ ვიქტორ ნოზაძისა და ვახტანგ თავაქარაშვილის ილუსტრაციები გახდა. მისი ფოლიანტები კოლაჟის პრინციპზეა აგებული და მათ ანალოგი არ მოეძებნება. ხუთტომეულის დიზაინი გიორგი ბოხუას ეკუთვნის. პროექტში ის წელიწად-ნახევრის წინ ჩაერთო და მასზე მუშაობა ორი კვირის წინ დაასრულა. მისი თქმით, ხუთტომეულის დიზაინის შესაქმნელად მან გრაფიკული დიზაინის უკანასკნელი მიღწევები გამოიყენა. როგორც მან აღნიშნა, ამ სტილის გრაფიკული დიზაინი საქართველოში ჯერ არ არის შემოსული და იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება მას დადებითად აღიქვამს.

როგორც პრეზენტაციაზე გაირკვა, ხუთტომეული განსაკუთრებული მონაპოვარი გახდება იმ კოლექციონერებისათვის, რომლებიც უკვე წლებია „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებს აგროვებენ. გურამ ახალაიას, ფონდ „იავნანას“ აღმასრულებელ დირექტორ,ს პირველი „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში სწავლისას აჩუქეს. სწორედ მას მერე დაიწყო მან კოლექციის შეგროვება. ის განსაკუთრებით ამაყობს „ვეფხისტყაოსნის“ პირველი, 1712 წლის, გამოცემით და ამბობს, რომ აღნიშნული ხუთტომეული რაც უფრო მეტ სკოლაში და კარგი მასწავლებლის ხელში მოხვდება, მით უფრო კარგი საქმე გაკეთდება ქართული ლიტერატურის ისტორიის განვითარებისათვის:

”ვეფხისტყაოსნის” ხუთტომეულის ტირაჟი, რომლის გამოცემაზეც საგამომცემლო ჯგუფი „ჯეო-ექს ფაბლიშინგი“ და სტამბა „სეზანი“ მუშაობდა, 300 ცალს შეადგენს და ის ლიტერატურულ არტ-კაფე ”ქარავანში” გაიყიდება.
XS
SM
MD
LG