Accessibility links

ცხინვალელ ჟურნალისტს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ


თემურ ცხოვრებოვი, ცხინვალში გამომავალ გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი

თემურ ცხოვრებოვი, ცხინვალში გამომავალ გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი

ცხინვალში გამომავალ გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ოსურ ინტერნეტგამოცემა „ოსრადიოს“ რედაქტორი ოლეგ კუდუხოვი საკუთარ სტატიაში თემურ ცხოვრებოვისა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დევნილთა უფლებების“ თავმჯდომარის, ზურაბ ბენდიანაშვილის, ელექტრონულ მიმოწერას აქვეყნებს. იგი ბენდიანაშვილს საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომელს უწოდებს და რამდენიმე ოს ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მასთან კავშირში ადანაშაულებს. ცხოვრებოვს და ბენდიანაშვილს ელექტრონული მიმოწერა მართლაც ჰქონდათ, მაგრამ ეს მიმოწერა ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის ფარგლებში მათ მომავალ შეხვედრას და დღის წესრიგის შეთანხმებას ეხება. ქართულ–ოსურ სამოქალაქო ფორუმს ჰოლანდიური ორგანიზაცია აფინანსებს და, ამ პროექტის ფარგლებში, ქართველი და ოსი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პერიოდულად საზღვარგარეთ ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. ცხოვრებოვმა სამოქალაქო ფორუმის ფარგლებში დახმარებისთვის ევროპულ საზოგადოებასაც მიმართა. მის წინააღმდეგ კამპანიის დაწყების ერთ–ერთ მიზეზად ეს მიმართვაც იქცა. როგორც თემურ ცხოვრებოვმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ეს სტატია კოკოითის გარემოცვიდან არის შეკვეთილი და მისთვის ზიანის მომტანი ვერ იქნება. –„მე არ ვიცი, ეს რატომ გააკეთეს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემთვის მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება, რადგან ის, რაც ღია მიმოწერით იყო, იმაზე მეტყველებს, რომ დასამალი არაფერი გვაქვს. მე კუდუხოვი ისეთი ბრიყვი არ მგონია, რომ ეს მისი მოსაზრებები იყოს. ის ან რაღაცას ვერ იგებს, ან ეს ყველაფერი შეუკვეთეს. ცხოვრება ყველას უნდა და მანაც ჩემზე დაბეჭდა. მე რაც დავწერე მიმართვაში, იქ ცუდი არაფერია. მასაც ესმის, ალბათ, რომ ევროპის გარეშე ვერსად წავალთ, რომ რუსეთიც დამოკიდებულია მსოფლიოზე და ევროპაზე. მაგრამ მე მიკარნახო, თუ როდის დავიწყო მოლაპარაკება, ეს არაკორექტულია. მე მგონია, რომ ეს პირადად კოკოითიმ არ შეუკვეთა. ეს უფრო მისი გარემოცვიდან მოხდა - ვისაც მასთან თავის მოწონება უნდა“, – აღნიშნა თემურ ცხოვრებოვმა.

ერთ–ერთ რუსულ ინტერნეტსაიტზე ცხოვრებოვთან საჯარო მიმოწერა არც ზურაბ ბენდიანაშვილმა უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ სტატიაში მისი პირადი ელექტრონული ფოსტიდან ამოღებული წერილებიც მოხვდა. ბენდიანაშვილის აზრით, მისი პირადი ფოსტა გატეხილია და ამის გამო სასამართლოში „ოსრადიოს“ რედაქტორის ოლეგ კუდუხოვის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. –„ოლეგ კუდუხოვი კოკოითის კუდი და მისი მსახურია. ეს სტატია შიდაპოლიტიკურ პროცესებს ემსახურება და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში გაჩენილ ოპოზიციას, ალბერტ ჯუსოევის სახით. ის ადამიანები, ვისზეც სტატიაშია საუბარი, - თემურ ცხოვრებოვი, მარია პლიევა, - ითვლებიან კოკოითის სერიოზულ ოპოზიციად. ამდენად, ამ სტატიის მიზანი იყო მათი ხმა, მათი გავლენა ოსურ საზოგადოებაზე ჩაეკლა და ამისთვის გამოიყენა ძალზედ სასაცილო და მარტივი ხერხი. მაგალითად, ის, რომ ქართველი, რომელთანაც მას კავშირი აქვს, აუცილებლად სპეცსამსახურის თანამშრომელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა, მაგრამ მივმართავთ სასამართლოს და სარჩელს შევიტანთ კუდუხოვის წინააღმდეგ, ღირსების შელახვისა და პირად ფოსტასა და პირად ცხოვრებაში უკანონო შეჭრის ბრალდებით“, –განაცხადა ზურაბ ბენდიანაშვილმა.

ოსი ჟურნალისტი თემურ ცხოვრებოვი, გარდა იმისა, რომ ცხინვალში გაზეთს უშვებს, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის დაფუძნებით არის ამჟამად დაკავებული. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იგი კოკოითის ხელისუფლებას სერიოზულ ოპონირებას უწევს და მისი დისკრედიტაციის მიზნით დაწყებული კამპანია ოსურ საზოდაგოებაზეა გათვლილი. ცხოვრებოვი იყო პირველი ადამიანი, ვინც ცხინვალში წიგნების - მათ შორის, ქართული წიგნების - დაწვის წინააღმდეგ გამოვიდა და ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორი მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურის განადგურებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG