Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ახალ წლამდე ჩაიკეტება


სასაზრვრო შლაგბაუმი მდინარე ენგურის ხიდზე
სასაზრვრო შლაგბაუმი მდინარე ენგურის ხიდზე
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვარი ახალ წლამდე ჩაიკეტება და 15 იანვრამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ოკუპირებული სოფლიდან შეატყობინეს. რესპონდენტის ცნობით, რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ამჟამადაც აკონტროლებენ ე.წ. საზღვარს, მის გახსნამდე გამშვებ პუნქტებს იმ შემოვლით გადასასვლელებთან მოაწყობენ, რომლითაც ადგილობრივები ყველაზე ხშირად სარგებლობენ. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ზუგდიდში გადასვლა, ამბობს რესპონდენტი. მისივე ცნობით, ადგილობრივები ზუგდიდში გადასვლას მალულად ახლაც ახერხებენ, რაც რისკთან არის დაკავშირებული, რადგან იქ ჩასაფრებულები არიან რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ადამიანებს აკავებენ და გალის მილიციაში გადაჰყავთ, - ამბობს ოკუპირებული სოფლის მკვიდრი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის შემოვლით გზებზე ახალი გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოეპოვებათ. თუმცა, როგორც ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ამის შესახებ ოკუპირებული სოფლებიდან მოსახლეობამ შეატყობინა. ”ახალი გამშვები პუნქტების გახსნის შემდეგ ადგილობრივებს სპეციალური საშვის აღება მოუწევთ, რადგან უიმისოდ ისინი ე.წ. საზღვარს ვერ გადალახავენ. საშვებს კი, სავარაუდოდ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია გასცემს.”

აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტი სამ სოფელთან გაიხსნება - საბერიო-ფახულანის, ოტობაია-განმუხურის და ხურჩა-ნაბაკევის შემოვლით გადასასვლელებთან, სადაც მხოლოდ რუსი მესაზღვრეები განთავსდებიან.
XS
SM
MD
LG