Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ნავთობი შორეული აღმოსავლეთიდან ჩინეთისკენ დაიძვრება


28 დეკემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩავიდა, სადაც ახალი ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო. აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მაგისტრალი მხოლოდ ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობისა და გაზის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას აზიის ბაზრების ათვისების ხარჯზე.

კომპიუტერის მაუსზე თითის დაჭერით ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა რუსეთის მზადყოფნა, დააპუროს აზიური ვეფხვი. რუსეთის ახალი “აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის ნავთობსადენი”, რომელიც ირკუტსკის ოლქისა და ბაიკალის ტბის მახლობლად, ტაიშეტში, იღებს სათავეს, შორეული აღმოსავლეთის პორტ კოზმინოს დაუკავშირდება, იქიდან კი რუსეთის ნავთობი აზიის ქვეყნებამდე უკვე ტანკერით გადაიზიდება. რუსეთის კომპანია “ტრანსნეფტის” პრეზიდენტმა ნიკოლაი ტოკარევმა, რომლის კომპანიას ნავთობსადენის მშენებლობა 22 მილიარდი დოლარი დაუჯდება, 28 დეკემბერს სვერდლოვსკში ახალი ნავთობსადენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

“ეს პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს გავიდეთ სრულიად ახალ, მზარდი და პერსპექტიული აზიისა და წყნარი ოკეანის ბაზრებზე. სადღეისოდ რუსეთი წარმოდგენილია აქ, ოღონდ დაუშვებლად მცირე მოცულობით. მთავარი ის კი არაა, რომ ჩვენ ნავთობის გაყიდვას ვგეგმავთ. მთავარია თანამედროვე ტექნოლოგია, ესაა შორეული აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ ციმბირის განვითარება.”

როდესაც ახალი ნავთობსადენი მთლიანად შევა ექსპლუატაციაში, ის რუსეთს შესაძლებლობას მისცემს ჩინეთს ყოველწლიურად 30 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდოს. პრიმორსკში მყოფმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ “აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის ნავთობსადენი” განავითარებს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთს:

“აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მაგისტრალის ექსპლუატაციაში გაშვება, პირველ ყოვლისა, შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად ვაწარმოოთ ნავთობის მოპოვება აღმოსავლეთ ციმბირისა და იაკუტიის რეგიონში. იგი გზას უხსნის აღმოსავლეთ ციმბირის ნავთობს აზია-წყნარი ოკეანის პერსპექტიული ბაზრებისაკენ და ხელს უწყობს რუსეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.“

ზემოხსენებული ნავთობსადენის გარდა, რუსეთი ჩინეთთან დამაკავშირებელი კიდევ რამდენიმე მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს. პარალელურად განვითარდება საპორტო შესაძლებლობები და აშენდება რამდენიმე ახალი ტანკერი ნავთობისა და თხევადი გაზის ოკეანით ტრანსპორტირებისათვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG