Accessibility links

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა, რომ რვა ადამიანი დაიღუპა ირანში უკანასკნელი ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობის დროს. ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლი იმ ხანგრძლივი საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში, რომელმაც ირანი 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიცვა.

თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში შაბათ-კვირას გამართულ საპროტესტო გამოსვლებს ირანის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებებით უპასუხა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე 300-მდე პირი დააკავეს. ირანის რეფორმისტების ვებსაიტი “პარლემანიუსი” 28 დეკემბერს იმაზეც წერს, რომ ხელისუფლებამ დააპატიმრა, სულ მცირე, შვიდი რეფორმისტი, რომელთაგან სამი ოპოზიციური მწვანეთა მოძრაობის ლიდერის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, მირ ჰოსეინ მუსავის, თანამებრძოლები არიან. დაკავებულთა შორის არის ასევე “ირანის თავისუფლების მოძრაობის” გენერალური მდივანი ებრაჰიმ იაზდი. აი, რა უთხრა ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს თავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ამირ კორამმა:

“იაზდის დაპატიმრების ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ხელისუფლებას სურს ზეწოლა მოახდინოს თავისუფლების მოძრაობაზე. მათ სურთ გვაიძულონ, რომ შევწყვიტოთ ჩვენი საქმიანობა.”

საპროტესტო გამოსვლების კულმინაცია იყო 27 დეკემბერი, აშურას ფესტივალი, როდესაც ირანის დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ათასობით დემონსტრანტი ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაიძახოდა:

“სიკვდილი ხამენეის! სივდილი ხამენეის!”

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა, რომ შეტაკებისას რვა ადამიანი დაიღუპა, თუმცა საქმე ისე წარმოადგინა, რომ დემონსტრანტები არ დაუხოცავს პოლიციას, რომლის წარმომადგენლები თურმე მხოლოდ ჰაერში ისროდნენ. დაღუპულთა შორის არის ოპოზიციის ლიდერის, მირ ჰოსეინ მუსავის, 20 წლის ძმისშვილი ალი. მიმართვაში, რომელიც ოპოზიციურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ოპოზიციის ლიდერი მეჰდი ქარუბი კითხულობს, თუ რით ახსნის ხელისუფლება იმას, რომ უდანაშაულო ადამიანების სისხლი შიიტი მუსლიმანების მთავარი დღესასწაულის – აშურას - დროს დაიღვარა. აშურას დღესასწაული, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის სახელს უკავშირდება, 27 დეკემბერს, ირანის დიდი აიათოლას, ჰოსეინ ალი მონტაზერის, გარდაცვალების მეშვიდე დღეს დაემთხვა.
XS
SM
MD
LG