Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენსიების ზრდამ თბილისის ბიუჯეტში ცვლილება გამოიწვია


გიგი უგულავა, თბილისის მერი
გიგი უგულავა, თბილისის მერი
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა, რომლის თანახმადაც მომავალი წლიდან თბილისში ყველა კატეგორიის პენსიონერი 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს. თბილისელი პენსიონერები მედიკამენტებისთვის 25-ლარიანი ვაუჩერითაც ისარგებლებენ და ამ ყველაფერს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიც დაემატება.

ყველა კატეგორიის პენსიონერზე გავრცელდება წამლის 25 ლარიანი ვაუჩერი და ასევე მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის შეღავათები
თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს დედაქალაქის 2010 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოში თბილისის ბიუჯეტი ჯერ კიდევ 13 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ თბილისის მერი გიგი უგულავა ახალი ინიციატივებით გამოვიდა, რამაც ბიუჯეტის პროექტის კორექტირება გამოიწვია. კერძოდ, თუ აქამდე 10 ლარიანი დანამატი მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის იყო განკუთვნილი, მომავალი წლიდან მას ყველა კატეგორიის თითქმის 170 ათასი თბილისელი პენსიონერი მიიღებს.

”არა 16 მილიონი ლარი, არამედ 20 მილიონი დაგვიჯდება ეს პროგრამა. თავისთავად ცხადია, ყველა კატეგორიის პენსიონერზე გავრცელდება წამლის 25 ლარიანი ვაუჩერი და ასევე მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის შეღავათები.”

გიგი უგულავას განცხადებით, ეს იმიტომ კეთდება, რომ დედაქალაქში ცხოვრება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რეგიონებში. გიგი უგულავას ოპონენტები, მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიციის დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ დედაქალაქის მერის სოციალური ინიციატივები პოლიტიკური ხასიათისაა და მოახლოებული არჩევნებითაა განპირობებული.

ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის აზრით, დედაქალაქში პენსიის მატება და ფარმაცევტული ვაუჩერის შემოღება უშუალოდ უკავშირდება თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება:

”ის, რომ თბილისში არის პირდაპირი არჩევითობა მერის, ამიტომაც ხდება პირდაპირ გაზრდა პენსიებისა თბილისში იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვოს. ჩვენ ამიტომაც ვითხოვდით, რომ ყველა დასახლებულ პუნქტში, ყველა სოფელში ყოფილიყო ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული პირი, რადგანაც დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ამ შემთხვევაშიც პენსია მთელ საქართველოში გაიზრდებოდა”, - ამბობს ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე.

ოპოზიციის კრიტიკას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე გამოეხმაურა. იგი განმარტავს, რომ ბოლო დროს ხალხის კეთილდღეობისა თუ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ყველა მეტ-ნაკლებად დიდი თუ პატარა ნაბიჯი ოპოზიციის მიერ ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება და ასეა არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ ყველა არჩევნების წინ:

სწორედ დასაქმებაა საუკეთესო სოციალური პროგრამა, იმიტომ რომ კაცობრიობას დასაქმებაზე უკეთესი სოციალური პროგრამა ჯერ არ გამოუგონია
”უბრალოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მას აქვს იმის საშუალება, რომ ცოტა მეტი გადაუხადოს, თვითონ დაუმატოს. ერთმა რაიონმა შეძლო, მეორეს ამის საშუალება არა აქვს. სამაგიეროდ, მეორე რაიონმა შეიძლება რაღაც შეღავათი გაუკეთოს. ეს არ ნიშნავს, რომ დისკრიმინაციულია ერთი მეორის მიმართ. დისკრიმინაციული იქნებოდა, ერთისთვის რომ გამოგვერთმია და მეორისთვის მიგვეცა. ამით თვითონ სოციალური დახმარების იდეის, ადგილობრივი თემის ჩართულობის იდეის, ადგილობრივი მმართველობის როლის დაკნინება ხდება ოპოზიციის მიერ. სახელმწიფოს ამით არაფერი აკლდება. სახელმწიფომ თქვა, რომ არის 80 ლარი და ამ 80 ლარს იღებს სუყველა.”

თბილისის 2010 წლის ბიუჯეტში პენსიონერებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარების გარდა, ჩადებულია სხვა ფენის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებიც - მაგალითად, უმუშევართა კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ მრავალშვილიან ოჯახთა დასაქმებით დახმარების პროგრამა. სწორედ ამიტომ გიგი უგულავამ დედაქალაქის მომავალი წლის საფინანსო გეგმას დასაქმების ბიუჯეტი უწოდა:

”ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში ძალიან ბევრი სოციალური პროექტია, თუმცა სწორედ დასაქმებაა საუკეთესო სოციალური პროგრამა, იმიტომ რომ კაცობრიობას დასაქმებაზე უკეთესი სოციალური პროგრამა ჯერ არ გამოუგონია.”
თბილისის 2010 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 670 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხის თითქმის 80 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტებია.
XS
SM
MD
LG