Accessibility links

მომავალი წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე დედაქალაქში ჩაწერილი პირები თბილისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა. მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი ის ბრალდება გახდა, რომელიც გასულ კვირას ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა და რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება დედაქალაქში რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოყვანას და დედაქალაქში ჩაწერას გეგმავს.

იმ მიზეზებზე საუბარი, რის გამოც 25 დეკემბერს პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიღება გადაიდო, 28 დეკემბერს, ასევე პარლამენტის სხდომაზე, გაგრძელდა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის მიღებას წინ „შერატონ მეტეხი პალასში“ ორსაათიანი კონსულტაციები უძღოდა, რომელიც უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გაიმართა. თემა ერთადერთი იყო - ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მექანიზმის შემუშავება.

წინა კვირას ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა საარჩევნო სიები ხელოვნურად გაეზარდაო, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 28 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, აბსურდული ბრალდება უწოდა. ჩემთვის გაუგებარია ოპონენტების ბრალდება, თითქოს ხელისუფლება დედაქალაქში რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოყვანას და დედაქალაქში ჩაწერას გეგმავსო, - განაცხადა მან. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებებისა და ეჭვების გასაქარვებლად, ხელისუფლება მზად არის შეწყვიტოს ამომრჩეველთა რეგისტრაცია 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე.

”ალიანსი საქართველოსათვის” წევრი თინათინ ხიდაშელი ის ერთადერთი გამონაკლისი იყო არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, რომელიც „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ დღევანდელ კონსულტაციებს დაესწრო. თუმცა, როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეთანხმება კონკრეტული მექანიზმის შესაქმნელად ვერ შედგა, მიუხედავა იმისა, რომ, მისივე თქმით, შეთავაზება ძალიან მარტივად ჟღერდა: ”ეს არის, ერთი მხრივ, მოსახლეობის წინასწარი რეგისტრაცია და, მეორე, ეს არის ძველი პრობლემების მოგვარება, როდესაც ერთ ბინაში 70-75 ადამიანი იყო. ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და მეორე ეტაპი - ეს არის სიების ჩაკეტვა, რათა ჩვენ მოგვეცეს არსებული სიების გადამოწმების საშუალება”, - აცხადებს ხიდაშელი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ე.წ. სიების ჩაკეტვასა და რეგისტრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, აკაკი მინაშვილს. მისი თქმით, მსგავსი ქმედება იმ ადამიანთა უფლებების დარღვევა იქნება, რომლებსაც მართლაც სურთ საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის შეცვლა.

„ქართული დასის“ ლიდერი ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კიდევ ერთ მექანიზმზე საუბრობს. ეს არის მონიტორინგის ჯგუფების შექმნა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წევრებისაგან დაკომპლექტდება და სიების გადამოწმების სიმძიმე, ძირითადად, მათზე გადავა.

საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებას ექსტრემალური ნაბიჯი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. როგორც მან სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, უმჯობესია მათ თავი შეიკავონ მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.

მომავალი წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე დედაქალაქში ჩაწერილი პირები თბილისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე თბილისში ჩაწერილი პირები მიიღებენ მხოლოდ ბინადრობის მოწმობას, რომლითაც ისინი თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

დავით ბაქრაძისავე თქმით, ამ მოწმობების დაბეჭდვა და გაცემა ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
XS
SM
MD
LG