Accessibility links

logo-print
1 თებერვალი, კვირა
ჩემი კვირადღე შვიდ საათზე იწყება. ვდგები. "ფიტნესში" მივდივარ და ორი საათი მწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობ: სირბილი, ვარჯიში, მასაჟი. მერე ეკლესიაში მივდივარ და იქ მეუღლესთან ერთად ვგალობ.
მსახურების შემდეგ ცოტას ვსეირნობთ ქალაქში - საელჩომდე ფეხით მივდივართ. ცოტა ხნით საელჩოში ვჩერდები, იმეილები რომ წავიკითხო.
დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდია - სადილი, ფილმი...
ბავშვებს ვურეკავთ – ისინი ინგლისში არიან. თბილისში დეკემბერში იყვნენ, როცა თოვლი იყო. თოვლის პაპა გააკეთეს.

2 თებერვალი, ორშაბათი
ორშაბათს საელჩოში ადრე უნდა წავიდე, ბევრი საქმეა. ჩვენი ორი თანამშრომელი სოხუმსა და გალში იყვნენ. აფხაზეთის შესახებ გაიმართა შეხვედრა UNOMIG-ის უფროსთან.
თბილისში ახალი პრემიერი დაინიშნა.
საელჩოში კოლეგებთან ერთად მიმდინარე მოვლენების შესახებ ვსაუბრობთ, მერე ისინი ანგარიშებს ამზადებენ. მეგონა, რომ ლონდონის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ლონდონში არავინ იყო. დიდი თოვლია და სამსახურში ვერ მოვიდნენ.
მართლა! ლონდონში ნახევარი მეტრი თოვლია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. არც ავტობუსები, არც მეტრო. გზები გადაკეტილია თოვლის გამო...
და იმ განყოფილებაში, რომელთანაც მე ვმუშაობ, მხოლოდ ერთი კაცია სამსახურში. ინგლისში ასეთი თოვლი ბოლოს როდის იყო, აღარც მახსოვს...

3 თებერვალი, სამშაბათი
სამშაბათი დაიწყო ქართული ენის გაკვეთილით. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყოველ კვირას ორი საათის განმავლობაში ქართულს ვსწავლობ. ლამაზი ენაა. შესანიშნავი მასწავლებელი მყავს, ნანა შავთვალაძე. ვფიქრობ, ქართული ენის ცოდნა უფრო მიადვილებს ხალხთან ურთიერთობას, რაც ელჩისთვის ძალიან მნიშვენლოვანია.
შემდეგ ქართველ დიპლომატებთან მქონდა სამი-ოთხი შეხვედრა. საღამოს კი ოფიციალურ სადილზე ვიყავი საფრანგეთის ელჩთან.
დღევანდელმა დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა: შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, თანამშრომლებთან სხვადასხვა საკითხების განხილვა...

4 თებერვალი, ოთხშაბათი
ოთხშაბათობით და შაბათობით სპორტულ დარბაზში დავდივარ. ამ შაბათს 17 კილომეტრი სირბილი მაქვს დაგეგმილი. ვნახოთ...
თავს მშვენივრად ვგრძნობ. ვთვლი, რომ სპორტულ ფორმაში ყოფნა მეხმარება სამუშაოს უფრო ნაყოფიერად შესრულებაში.
ამ დღესაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ჩვეულ რიტმში მუშაობა, შეხვედრები...
ლონდონში ისევ დიდი თოვლია...

5 თებერვალი, ხუთშაბათი
დღეს გვინდა ვნახოთ ფოტოგამოფენა ერთი ამერიკელისა, რომელმაც საქართველოში 90 წლის წინ იმოგზაურა. გამოფენა ქარვასლაშია. სვანეთის ბევრი მშვენიერი სურათი ვნახეთ.
მშვენიერი სურათები საღამოსაც ვიხილეთ, როცა მანანა ბობოხიძეხთან სახლში მივედით. მან ჩემი და ჩემი მეუღლის პორტრეტები დახატა. ნამუშევრები უნიკალური და მშვენიერია! ძალიან კმაყოფილი ვარ.
მერე იტალიის ელჩთან მივედით სახლში. მიღება ჰქონდა, ბევრ ჩემს კოლეგას შევხვდი დიპლომატიური კორპუსიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სასიამოვნო იყო – ბევრი პოლიტიკური საქმის შესახებ ვისაუბრეთ.

6 თებერვალი, პარასკევი
დღეს ბრისტოლის რადიოს ჩემთან ინტერვიუს აღება უნდოდა. თემა თოვლი უნდა იყოს, რაც, ალბათ, გასაკვირი არ არის. ინგლისის ქალაქი ბრისტოლი თბილისთან არის დაძმობილებული. ბრისტოლში დიდი თოვლია. ბავშვები სკოლაში არ დადიან. აეროპორტი, გზები დაკეტილია. რადიოს აინტერესებს, როგორი ამინდია თბილისში, ხშირად მოდის თუ არა თოვლი თებერვლის თვეში.
მე მგონი, თებერვლისთვის თბილისში უჩვეულოდ კარგი ამინდია, მზიანი და შედარებით თბილი. შარშან ამ დროს ძალიან ციოდა. მახსოვს, რომ არჩევნებისთვის რთული იყო გადაადგილება.
მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერვიუ დღეს არ შედგა – ბრისტოლში კიდევ უფრო დიდი თოვლი მოსულა.

7 თებერვალი, შაბათი
ისევ სპორტულ დარბაზში მივდივარ. დღეს აქ შედარებით დიდხანს ვაპირებ დარჩენას. შევძლებ, გავირბინო 17 კილომეტრი თუ ვერა? ორი საათის შემდეგ – წარმატება!
ახლა კი შემიძლია დღიურის ბოლო სიტყვები დავწერო...
XS
SM
MD
LG