Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - კულტურის მოღვაწე


18 იანვარი, კვირა
“ღია” დღიურებს ორნაირად წერენ: ან “ბუღალტრულად” აღწერენ დღეს, ასე და ასე იყოო, ან ესეს ამსგავსებენ, თითქოს, როგორც ვწერ, მართლაც ასე რომ ყოფილიყო, უკეთესადაც ვიცხოვრებდით, უკეთესებიც ვიქნებოდითო.
არის მესამე გზაც:
საქართველოში მუდმივმა ექსპედიციებმა, დილიდან დაღამებამდე საველე მუშაობამ, ისტორიულ-გეოგრაფიულმა დაზვერვებმა და თავისივე, თითქმის უცვლელ, ბუნებრივ გარემოში სიძველეთა დაკვირვებამ დღიურების სხვანაირად წერაც მასწავლა - ამ ტოპონიმთა თუ სიძველეთა აღნუსხვა და თითქოს “ფიქრთა დოკუმენტის” შექმნა. ეს სამეცნიერო დღიურებია, გამოვსებულ რვეულებად რომ მიდევს აქვე, ჩემს თავთან, თაროზე. ამგვარი წერა დღეს არ გამომივა: რადიოეთერში ტექსტთა კითხვა და სქელტანიან წიგნში მოხვედრის პერსპექტივა, უნებურად, ჩემს ტექსტსაც ამსგავსებს განვლილი დღის, ალბათ, არაფრით გამორჩეული მოვლენების სხვის წასაკითხად და, თითქოს, თავმოსაწონად, უცებ დაწერილს.

19 იანვარი, ორშაბათი
ნათლისღებაა. დილიდან ჯერ “თბილისის მთაში” ავდივართ: წყნეთი, სამადლო, კვესეთი, მერე კი ხეობაში ვეშვებით - ბეთნიისაკენ. თოვლია და ყინვა, ლურჯი ცა და “ფილტვიანი” ჰაერი. მანქანა ციგასავით მიქრის, გრძელ გზებსა და უსახურ აგარაკებს მიკრულ ორღობეებში. ხეობის ფსკერთან, ვერეს ვიწრო, კლაკნილ ხეობაში ბეთანიის ტაძარია, სკოლის მოწაფეობისას ფეხით, ყოველი მხრიდან რომ მივადგებოდით ხოლმე კვირაში სამჯერ, სამშობლოს სიყვარულის გულის მოსაოხებლად, ხარაჩოებზე საძრომიალოდ, წარწერათა გადმოსაწერად, რესტავრატორებთან საბაასოდ, აგვიხსენით გინდა თუ არა, ესა და ეს აქა და აქ რატომ ხატიაო (დღეს ეს მშვენიერი ხალხი ჩვენი კოლეგები და თანამეინახენი არიან, ღიმილით რომ იხსენებენ ხოლმე აბეზარი მოწაფეების ჩაძიებულ კითხვებს), ცეცხლზე მომზადებული ცხელი, უხეში მწვანილით შეაზავებული “აჯაფსანდალი” კი ყველზე სანუკვარი სადილი იყო დამშეული მოგზაურისთვის, რომელსაც მდუმარედ მყოფი, ბერებივით მცხოვრები რესტავრატორები გვიწილადებდნენ ხოლმე. დღეს აქ მონასტერია, დღესაც გვეძახიან ტრაპეზზე ბერები, დღესაც პირველად ჩასულებივით მივჩერებივართ თამარის ფრესკას, შეშის ღუმელით გაბოლილ ტაძარში კი სულ ზემოთ, რომელიღაც სარკმელში ცერისოდენა წარწერა კვლავ გვახსენდება, იმ წლებში ჩვენი ყოფნისას სულ შემთხვევით რომ აღმოჩნდა, ტაძრის მხატვრის, სოფრომის დაწერილი XIII საუკუნეში – “არ მარტო ვარ შავპირი, ჭეშმარიტად მსაჯულო ყოველთაო, ნუ მარტო ჰქმენ ყოველთა ქრისტიანეთა წმინდათა შენთაგან”. მისი კითხვისას ხალხსავსე სამეცნიერო კონგრესებზეც კი ვერ იკავებდა ცრემლს დიდი ქართველი მეცნიერი, ჩვენი მაშინდელი მასპინძელი და მასწავლებელი, ბეთანიის მხატვრობის სწორუპოვარი მკვლევარი ეკა პრივალოვა.
ბეთანიიდან უკანა გზა უფრო იოლია – აღმართ-აღმართ გზადაგზა ვჩერდებით და დიდი ციგით ვასრიალებთ ბავშვებს, რომლებიც აქ პირველად კი არა, ჩვენსავით, მე 19-ედ მოგზაურობენ, თოვლში კიდევ უფრო კმაყოფილები და ლოყებალეწილები.

20 იანვარი, სამშაბათი
დღეს “კაბინეტური”, დასავლურ-ქართული, “ბაგრატ-გელათის” დღე მაქვს. ბაგრატის ტაძრის აღდგენის უამრავი კითხვის საპასუხოდ კონსტრუქტორებისა და ინჟინრების მთელი კოჰორტა მოდის ჩემს ამჟამინდელ, ნათხოვარ, ერთი ბეწო ოთახში. გამოცდილი პროფესიონალების დაჯერებითი, კვლევებით შემაგრებული პასუხები ფანტავს ჩემს ნელ შიშს, ბაგრატის ტაძრის აღდგენის თობაზე რომ გაკრთება ხოლმე...
ქუთაისის მუზეუმის საგანძური კი ყველაზე გასაოცარი რამაა, რაც კი ამ წლების მანძილზე მინახავს – ჩვენი ჯგუფის მიერ ახლად გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ის ხატები, ჯვრები, შესამოსლები, ხელნაწერები, რომლებიც გელათის გაძარცვას გამოარიდეს 20-იან წლებში ტრიფონ ჯაფარიძემ და გიორგი ბოჭორიძემ. მათივე ხელით ყუთებში ჩალაგებული საგანძური ხშირად პირველად იხსნება. ენით აუწერელი სიმდიდრე უნდა აღიწეროს, დამუშავდეს და საგამოფენოდ მომზადდეს ქუთაისის იმ ახალი მუზეუმისთვის, რომლის პროექტირებაც უკვე მიმდინარეობს გერმანელ კოლეგებთან ერთად.

21 იანვარი, ოთხშაბათი
მუშაობა დღესაც ტიფლისში მიწევს (ტიფლისს ვამბობ მაშინ, გული გარეთ რომ მიმიწევს და აქ კი ქაღალდები მაკავებს, გინდა-არ გინდა ხელმოსაწერად გამზადებული თუ ხელმოსაწერად მოსამზადებელი, ულევი და მოსაბეზრებელი, თუმცა შეუცვლელი და ნამდვილი ჩინოვნიკისთვის უკვე ბუნებრივიც, ჩინოვნიკისთვის, ამასობაში სერიოზული ყმაწვილკაცივით რომ გამოვზარდე ჩემს თავში).
ამ დღესვე მიწევს შეხვედრები, მოკლე-მოკლე და ხშირი, ჩემი მოგონილი ანდაზის მიხედვით წარმართული: “ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა მოკლე შეხვედრაა!”

22 იანვარი, ხუთშაბათი
ისევ გავივაკეთ. კახეთის გზის გასწვრივ, აქეთ-იქით ხევხუვებში მარცვლებივითაა აცმული სარესტავრაციო ძეგლები. ამჯერად ისე უნდა დავგეგმოთ, არც უნახავი დაგვრჩეს მიმდინარე სამუშაო და არც თოვლმა და ბუქმა შეგვიფერხოს დღევანდელი მარშრუტის საბოლოო წერტილში, ალავერდში ჩასვლა, სადაც მთავარი – რთული და მრავლმხრივი - სამუშაოები უკვე მესამე წელია, მიდის. შეჩერების პირველი პუნქტი აკურის “მამა დავითია”, 995 წელს ილარიონ ქართველის აშენებული თავისი დედისა და დის სამონასტროდ, დავით გარეჯის კუთვნილ მამულში.
ბზარები, ბზარები, ბზარები... ბზარები გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი მტერი. ვინც მხვდება ყველა ბზარებზე მელაპარაკება – ბერიც და ერისკაციც, სადაც მივდივარ, ბზარების ლიკვიდაციას ვახდენთ და ვებრძვით, რასაც ვგეგმავთ, სულ ბზარების საწინააღმდეგო “სტრატეგიას” შეიცავს. ეს ნახევრად ხუმრობით, თორემ ათასი წელი რომ კაცის ხელი არ შეეხება დიდებულ ნაშენსა თუ ნაკვეთ-მოხატულს, ძლივს მოღწეული იქნება, ცხადია – სიდიადითა და განუმეორებლობით აღბეჭდილიც!
მოვიარეთ ძველი და ახალი შუამთა, ორივე – ახლად რესტავრირებული (ყველას ვურჩევ, ჩაბრძანდეს და ნახოს, რა მშვენიერი გამოვიდა!), თელავის “სობორო” (ეგებ წელს გავაკეთოთ აქ რამე...) და ალავერდი, უძველესი მონასტრის თანამედროვედ მოწყობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში: ძველში გამართული უახლესი მარნებით, სამკითხველოთი, სიძველეთსაცავით, მეურნეობით. ახლა რიგში მთავარი ტაძარია, შელეწილი და მტრის ფილაკავანით “დამღიერებული” კედლების აღდგენა არცთუ იოლი იქნება.

23 იანვარი, პარასკევი
თბილისი. ახალი სამსახურის აწყობა ძალიან საინტერესოდ მიდის. მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დავარქვით. მასში თანავარსკვლავედივით შედის ჩვენი სამშობლოს უმთავრესი კომპლექსები და ძეგლებით სავსე ტერიტორიები ვარძიაში, უფლისციხეში, ნოქალაქევში, სხვაგანაც. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა ამიერიდან მთელ საქართველოს მოიცავს. მეცნიერების, მართვის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა და პოპულარიზაციის ერთიანი, მოქნილი გაერთიანება ახალ პერსპექტივებს სახავს. ძალა ერთობაშია – ამ პრინციპით შევებით დიდიან-პატარიანად ახალ ამოცანებს, ამას ყველა გრძნობს და რეგიონებიდან სიხარულით მოდიან, ახალი იდეებითა და ენთუზიაზმით. ამ ხალხის მოსმენა და იდეათა საქმიანი დაგეგმვა – ყველას სასიამოვნო ენერგიით გვავსებს. ბიუროკრატიული რუტინაც მოეშვა და მთავარ მიზანს დაექვემდებარა.

24 იანვარი, შაბათი
სამსახურში გამომცემლებს ვხვდები. რაც ამ წლების განმავლობაში მასალა დაგვიგროვდა, ყველას აინტერესებს: ხიდები, რელიეფები, წყაროები, ნაციხრები, მათი გარემო – თოვლით გადაპენტილი მთები თუ შემოდგომის მზიანი მინდვრები, ტექსტებით და აღწერილობით, ახალი დაკვირვებითა და მონაცემებით. ვადგენთ გამოცემების სიას. ჩემს სტიქიაში ვარ. აქაც ვაცილებთ საბჭოთა კავშირის ნარჩენებს, სამშობლოს ტრადიციული გაგება ბრუნდება, სადაც ხარ, ისაა “ქვეყნიერების ჭიპი” – ჯიხაიშში თუ წევაში, მერჯევში თუ მო და მნახეზე... აღდგენილი სიძველეებიც ჯაჭვად იკვრება, მოვლის სისტემაც მუდმივი ხდება, დიდი ხნის დავიწყებული ისევ ახლდება. წინ კიდევ უამრავია გასაკეთებელი...
XS
SM
MD
LG