Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ სეფაშვილი - მომღერალი


15 მარტი, კვირა
კვირა გათენდა.
გვიან გავიღვიძე. წუხელ კონცერტი მქონდა და გვიან დავწექი.
დღიურები არასოდეს მიწარმოებია, ბავშვობაში ყოველთვის მიკვირდა, რატომ აკეთებდნენ ამას ჩემი თანატოლები. დილის ჩვეულებირივი რიტუალების შემდეგ აუცილებელი ყავის ჭიქა დავიჭირე ხელში და ტელევიზორთან მოვკალათდი, ძალიან მაინტერესებს საინფორმაციო გამოშვებები. როგორც ყველა მოქალაქეს, ძალზე მაღელვებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც სწრაფად იცვლება.
თავისუფლების დღიურები - მერაბ სეფაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:21 0:00
საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი საინფორმაციო გადაცემებია, ალბათ იმიტომ, რომ არსად მსოფლიოში არ ხდება ამდენი სიახლე და ცვლილება, თუნდაც ერთი კვირის ან დღის განმავლობაში, იქნება ეს პოლიტიკაში, თუ სხვა სფეროში.
ნაშუადღევს წამოვედი ოფისში, სადაც ჩემი მეგობრები იკრიბებიან ხოლმე და მეც აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ. ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის ხელოვნებაზეც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრების აზრი წუხანდელ კონცერტზე.
5 საათზე ხმის რეჟისორმა დამირეკა - 6-ის ნახევარზე სტუდიაში უნდა ვიყო, ახალ ალბომზე ვმუშაობთ. მუშაობის განწყობა, რატომღაც, არ მაქვს...
შეხვედრა არ გადამიდია, მაინც წავედი. სტუდიაში, როგორც ყოველთვის, საქმიანი გარემო დამხვდა და სიზარმაცეც უკვალოდ გაქრა. ყოველთვის ასეა, როდესაც აღმოვჩნდები ხოლმე იმ სამყაროში, სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ყოფნა, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. აქ დროც შეუმჩნევლად მიქრის, ისე დამაღამდა, ვერც გავიგე...

16 მარტი, ორშაბათი
შეიძლება, ერთფეროვანი დღის რეჟიმი გამომივიდეს, მაგრამ დროის ამ შუალედში მთავარი საქმე ახალ ალბომზე მუშაობაა, რომელიც საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს... რაც არის, არის, ტყუილს ვერ დავწერ...
დილით სანდრო, ჩემი უმცროსი ვაჟი, სკოლაში მიდის ხოლმე. სანამ სახლიდან გავა, ვესაუბრები სწავლა-განათლებაზე, სხვადასხვა თემაზე. სანდროს არ უყვარს ბევრი საუბარი. ვცდილობ, მეგობრული „წახუმრებითი“ საუბრის მეშვეობით გავიგო მისი აზრები, შეხედულებები, არ გამომრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი ეტაპი მის ცხოვრებაში. მაგრამ ამის გაკეთებას მაინც დელიკატურად ვცდილობ, ბიჭია, ხომ გესმით...
უფროსი ვაჟი ცალკე ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, მაგრამ დღის განმავლობაში ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, რამდენჯერმე დარეკვა და ერთმანეთის მოკითხვა. ოჯახის წევრებმა დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვიცით, თითოეული ჩვენგანი სად არის და რას საქმიანობს.
ნაშუადღევს სტუდიისკენ გავეშურე. სახლთან, მეზობლებთან საუბარში შევყოვნდი. ხუთწუთიანი „დაგეგმილი“ შეყოვნება მიკითხვ-მოკითხვის მიზნით ნახევარსაათიან საუბარში გადაიზარდა. სხვათა შორის, ძალიან ხშირად მეკითხებიან: „რა იქნება?“
ბუნებრივია, ხალხი წუხს დღევანდელი სიტუაციის გამო. ეჰ, ნეტა ვიცოდე, მზა რეცეპტებს გამოვუწერდი ყველას და პრობლემებიც აღარ გვექნებოდა...
სტუდიაში მოვედი, გავაგრძელე წინა დღეს დაწყებულ სიმღერაზე მუშაობა. სიმღერაზე მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნოა. ძნელია იმ განცდების გადმოცემა, რაც სტუდიაში მეუფლება ხოლმე. დაღლას მხოლოდ მუშაობის დასრულების შემდეგ ვგრძნობ, მანამდე კი არაფერი მახსოვს. არც დრო...
როგორც ყოველთვის, დამაღამდა.
გვიანი ღამეა. სახლში მისვლას არ ვჩქარობ, მინდა რამდენიმე წრე შემოვუარო ქალაქის ცენტრს. რა ლამაზია თბილისი! როგორი ბედნიერი ვიქნები, როცა ჩემს თბილისში გაღიმებული სახეებით ივლის ყველა!
ვიძინებ... კარგად!

17 მარტი, სამშაბათი
ადრე დილით მეგობრების ზარმა გამაღვიძა. პახმელიაზე ხომ არ გამოხვალო, საუზმეზე დამპატიჟეს. მივედი, ცოტა ხანს გავჩერდი, გავიხსენეთ ძველი კურიოზები, ვიცინეთ, მაგრამ ჩემი კონდიცია საკმარისი არ აღმოჩნდა საუზმის გასაგრძელებლად და გადავწყვიტე, ჩუმად გავპარულიყავი. გაპარვა არ გამჭირვებია...
4-ზე ჟურნალისტთან შეხვედრა მაქვს დანიშნული, კინაღამ დამავიწყდა! საკმაოდ ტაქტიანი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დამირეკა და შემახსენა. დროზე მივედი, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე.
ალბათ, ცხოვრებამ მოიტანა - ყველა ქართველს არაჩვეულებრივი პოლიტოლოგი ჰგონია თავი. სხვანაირად არც იქნება, როცა ირგვლივ ყველა და ყველაფერი პოლიტიკის ირგვლივ ტრიალებს. ჩემი ყველა ინტერვიუც აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტს ბოლოს მაინც პოლიტიკისკენ მიჰყავს. ვცდილობ, თავი ავარიდო იმ საკითხებზე საუბარს, რაშიც კომპეტენტური არ ვარ. როცა რამეზე პასუხის გაცემა არ მინდა, ხუმრობაზე გადავდივარ ხოლმე, იუმორი მშველის. საერთოდ, მარტო ჟურნალისტებთან ურთიერთობისას კი არა, ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც.
მოსაღამოვდა, სტუდიაში წასვლის დროა. წავედი...

18 მარტი, ოთხშაბათი
გვიან გავიღვიძე, რადგან სტუდიაში გვიანობამდე ვიყავი. მოღრუბლული ამინდია, ვერ გაიგებ წვიმს თუ მხოლოდ აპირებს. მეც გადმომედო განწყობა, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი შინ, მაგრამ... თავს ძალას ვატან, „ტელეიმედში“ ვარ წასასვლელი. ვდგები, ვიწყებ მოწესრიგებას. წავედი...
„ტელეიმედმა“ გამოთქვა ახალი სიმღერისთვის კლიპის გადაღების სურვილი, უნდა შევთანხმდეთ გადაღების ვადებსა და პირობებზე. შეხვედრა შედგა, ტექნიკური მხარე, ფაქტობრივად, მოწესრიგებულია. რეჟისორთან სასაუბროდ ხვალისთვის შევთანხმდით.
ოფისში გამოვიარე, მეგობრები მოვინახულე, ვისაუბრეთ.
სტუდიიდან ხმის რეჟისორმა დამირეკა, რაღაცეებია შესაცვლელი. გავიქეცი.
და, როგორც ყოველთვის, გვიანობამდე ჩავრჩი....

19 მარტი, ხუთშაბათი
დილით დამირეკეს შაბათს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, მარნეულში უნდა შედგეს. ბაირამობის დღესასწაულები იწყება და დამპატიჟეს. ბაქოში ვიზიტის დროს აზერბაიჯანელების ერთი ძალიან საყვარელი ძველი სიმღერა ჩავწერე აზერბაიჯანულ ენაზე. საოცარია, საქართველოში როგორღა გაიგეს ამის შესახებ, ალბათ ჩემი მეგობრების საშუალებით. მოკლედ, რეპერტუარიც მზადაა.
ნაშუადღევს კლიპის რეჟისორს შევხვდი „ტელეიმედში“. თითქოსდა უმნიშვნელო დეტალების განხილვამ დიდი დრო წაიღო, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასაზუსტებელი. იმედია, სათქმელს ამ სიმღერის მეშვეობით ვიტყვი და ხალხი მალე ნახავს ახალ კლიპს.
საღამოს ისევ სტუდიაში მივდივარ.
სიმღერაზე მუშაობა თითქმის დავასრულეთ.

20 მარტი, პარასკევი
გვიან გავიღვიძე, გუშინ გვიანობამდე ვიმუშავე. თვალის გახელაც მეზარება, რატომღაც დილიდანვე დაღლილი ვარ. მეუღლეს ყავის მომზადება ვთხოვე. როგორც წესი, თვითონ ვიმზადებ საუზმეს, მაგრამ ამ დილით ყველაფერი მეზარება. დილის საინფორმაციო გადაცემებს ვუყურებ. გაღიზიანებისა და უკმაყოფილების მეტი არაფერი ისმის გადაცემაში გამოსული ოპონენტებისგან. მიდი, გაიგე, რომელია მართალი, რომელი - მტყუანი. საბოლოო ჯამში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცალ-ცალკე ყველა ქულების მოპოვებას ცდილობს და ხალხი არავის ახსოვს, ჩემს ხალხზე არავინ ფიქრობს. საცოდაობაა ამათი მთელი დღე მოსმენა, ნერვებისშლაა მხოლოდ... ტელევიზორი გამოვრთე, წავედი კლიპის რეჟისორთან შესახვედრად. დღეს საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ დეტალებზე.
მანქანით მივდივარ „ტელეიმედისკენ“. საცობში მოვხვდი, დრო ნელა მიდის... რეჟისორს დავურეკე, გავაფრთხილე, რომ ცოტას დავაგვიანებ. არ მიყვარს დაგვიანება, მაგრამ ეს ჩვენი მოძრაობა და საცობები პრობლემად იქცა. არავის უნდა დათმობა და, საბოლოო ჯამში, ყველანი ვაგვიანებთ.
ისრაელიდან დამირეკეს. კონცერტზე მითანხმდებიან, აპრილის პირველ დეკადაში აპირებენ მის ორგანიზებას. ვუპასუხე, რომ დავფიქრდები და დავურეკავ, პასუხის მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე. მიჭირს ქვეყნიდან შორს წასვლა ამ არეულ სიტუაციაში.
დღეს რაღაც ძალიან დაზაფრული ვარ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, თუმცა არც ძალიან ხშირად...
მივაღწიე „ტელეიმედამდე“, შევხვდი რეჟისორს. საბოლოო დეტალებზეც შევთანხმდით.
მეგობრებთან წამოვედი ოფისში, ძალიან მჭირდება დღეს მათთან ერთად ყოფნა.
საღამოა. ისევ სტუდიაში მივდივარ...

21 მარტი, შაბათი
დღეს ადრე მომიწია ადგომა. მარნეულში მივდივარ კონცერტზე.
საღამოსაც კონცერტი მაქვს, ოღონდ თბილისში.
ძალები ისე უნდა გავანაწილო, რომ ერთმა კონცერტმა მეორე არ დააზარალოს. ეს ხუმრობით, თორემ როცა იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს, პირიქით, ივსები ენერგიით.
დავარდნამდე შემიძლია სიმღერა.
ყავას ვსვამ და იმაზე ვფიქრობ, რომ მარნეულის გზაზე კარგ თათრულ ქაბაბს შევჭამ.
ახლა რადიო "თავისუფლებაში" მივდივარ დღიურების ჩასაწერად.
ყველას ვუსურვებ თავისუფლებას!
XS
SM
MD
LG