Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილი პედაგოგები პრეზიდენტისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ


”ტყვიას გადავურჩით და შიმშილით ნუ დაგვხოცავთ”, - ეს იყო მთავარი გზავნილი იმ დევნილი პედაგოგებისა, რომლებმაც ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღეა ცდილობენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან დიალოგს, მაგრამ უშედეგოდ.

ჩვენი თვითმიზანი არ არის ქუჩაში დგომა, ჩვენ საკუთარი პროფესიის შენარჩუნებას ვცდილობთ, - აცხადებდნენ ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებული დევნილი პედაგოგები, რომლებმაც, მათივე თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტს ხმა ვერ მიაწვდინეს და ახლა ერთადერთ გამოსავალს მშვიდობიან აქციებში ხედავენ.

”მოგვეცით დევნილ პედაგოგებს სიცოცხლისა და პროფესიული განვითარების საშუალება”; ”დევნილი პედაგოგები ტყვიას გადავურჩით და შიმშილით ნუ დაგვხოცავთ”, - ეს იმ გზავნილების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციის რკინის გალავანთან შეკრებილმა დევნილმა პედაგოგებმა პრეზიდენტს მიმართეს.

როგორც აქციის ორგანიზატორი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე აცხადებს, ისინი ნამდვილად არ აპირებდნენ ხელისუფლების წარომადგენლებთან აქციების გზით საუბარს, მაგრამ ზუსტად ერთი კვირის წინ თბილისში გამართულ დევნილ პედაგოგთა ფორუმზე, სადაც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი და რომელიც, მანანა ღურჭუმალიძის თქმით, სამინისტროდან რამდენიმე მეტრში, 23-ე საჯარო სკოლის დარბაზში, გაიმართა, მათ არავინ გამოხმაურებია და დევნილ პედაგოგთა პრობლემები სკოლის დარბაზს ვერ გასცდა. ფორუმზე შეკრებილმა პედაგოგებმა განათლების სამინისტროს მიაკითხეს, მაგრამ, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ კარიც კი არ გაუღეს:

”ეს იყო მათვის ძალიან შეურაცხმყოფელი. მე არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ეს გაიგოს და ვინმეს ამის გამო თავზე ხელი გადაუსვას. მე ეს ჯერ კიდევ მჯერა. ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ პრეზიდენტს ვკითხო, როგორ მოიქცეოდა თვითონ, როდესაც სამინისტროში მისულ 200-მდე დევნილ პედაგოგს სამინისტროდან არავინ გამოეხმაურა. მთელ სამინისტროში ვერ მოიძებნა ადამიანი, რომელიც მათთან დიალოგზე წამოვიდოდა,” - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მანანა ღურჭუმალიძე.

როგორც დევნილი პედაგოგები აცხადებენ, საპროტესტო აქციის მოთხოვნები, ძირითადად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რათა მათ ამ ნიადაგზე შეძლონ პროფესიული ღირსების შენარჩუნება. სოფ.ხეითის საჯარო სკოლის დირექტორი ნანული ბურძგლა საპროტესტო აქციაზე იმ მოთხოვნით გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ კვლავაც გააგრძელოს მათთვის კომპენსაციის გადახდა, რომელსაც ისინი წელიწად-ნახევრის განმავლობაში იღებდნენ, მაგრამ იანვრიდან, როგორც მათ ცოტა ხნის წინ განუცხადეს, აღარ მიიღებენ:

”განათლების სამინისტროში ვიყავით ერთი კვირის წინ მისულები და საერთოდ არავინ იკადრა ჩვენთან შეხვედრა. ჩვენ ხომ არ შევჭამდით მათ, არა? ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ მათხოვრული ხელფასი, რომელსაც აქამდე ვიღებდით, ისიც არ დაგვიკარგონ და შიმშილით არ დაგვხოცონ. ჩვენ, დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის და ფრონის ხეობის დევნილი პედაგოგები, მოსულები ვართ მორტო იმისათვის, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ დაგვიტოვოს ჩვენი მათხოვრული ხელფასი და შიმშილით სულს ნუ ამოგვხდიან. დაგვიტოვონ კომპენსაცია მანამდე, სანამ ჩვენს ხეობაში, ჩვენს ნასახლარებზე არ დავბუნდებით”, - ამბობს ნანული ბურძგლა.

აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგი ლელა აფშილავა რადიო თავისუფლებასთან დევნილი პედაგოგების სხვა მოთხოვნების შესახებ საუბრობს:

”რადგან ჩვენთან მათი მოსვლა ვერ მოხერხდა, ჩვენ მოვედით მათთან. მოთხოვნები, ძირითადად, სოციალურია და იწყება მე-13 ხელფასის ცრუ დაპირებით, თუმცა დევნილ პედაგოგებს სხვაც უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგალითად, აკრედიტაციის პრობლემა, რომელიც ჩვენ პირველ რიგში შეგვეხება და შესაძლებელია სკოლები დაიხუროს. არ გვინდა, რომ ის 500 დევნილი პედაგოგი, რომელიც ახლა მუშაობს, ისიც უმუშევარი დარჩეს; სახელმწიფომ მოახერხოს და შეუძინოს დევნილ პედაგოგებსა და მოსწავლეებს სახელმძღვანელოები”, - ამბობს ლელა აფშილავა.

ერთი კვირის წინ დევნილმა პედაგოგებმა თბილისში გამართულ ფორუმზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც დღეს დევნილი პედაგოგების წინაშე მდგარი ყველა პრობლემა აისახა. პრობლემათა არასრული ჩამონათვალი კი ასე ჟღერს: შეწყდეს დევნილების ”ძველ” და”ახალ” კატეგორიებად დაყოფა; პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფომ გამოყოს თანხა; მიღებულ იქნეს ნორმატიული აქტი, რომელიც დააკანონებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დევნილი პედაგოგების სამსახურში დასაქმების უპირატესობას შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გაგრძელდეს დევნილი პედაგოგებისათვის კომპენსაციის გაცემა. რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული პრობლემებია ასახული, საქართველოს პრეზიდენტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაეგზავნა, თუმცა ჯერჯერობით მას არავინ გამოხმაურებია, ისევე როგორც არავინ გამოხმაურებია 29 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილ დევნილ პედაგოგებს.

რადიო თავისუფლება შეეცადა აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაჰკავშირებოდა, მაგრამ მათი კომენტარის მოპოვება ვერ მოხერხდა.
XS
SM
MD
LG