Accessibility links

logo-print
2009 წელი სამცხე-ჯავახეთისთვის კარგი წელი იყო – ასე აფასებენ პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში პოსტკრიზისულ წელს. ახალციხის მუნიციპალიტეტში მთავარ მოვლენად გზების მშენებლობა, სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია და გაზიფიცირება სახელდება. მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი ამბობს, რომ 2010 წლისთვის ძირითადი აქცენტი უკვე სოფლებზე გაკეთდება:

,,ბევრი რამ გაკეთდა - როგორც გზები, ასევე სასმელი წყალი - მარტო 14 სოფელში, ქალაქს თავი, რომ დავანებოთ. მოწესრიგდა სოფლამდე მისასვლელი გზები, თუმცა პრობლემები მაინც რჩება. პრიორიტეტები ისევ და ისევ რჩება სარწყავი და სასმელი წყლები, სოფლის გზები, იმიტომ რომ წვიმების და ღვარცოფების დროს ისევ გასაკეთებელია.”

მიმდინარე წელს დადებითად აფასებენ ადიგენშიც. პრიორიტეტები, ახალციხის მსგავსად, აქაც იგივეა, თუმცა მუნიციპალიტეტის ახლად დანიშნული გამგებელი, სიმონ პარუნაშვილი, ფიქრობს, რომ გარდამავალი პროექტები მომავალ წელს დასრულდება:

,,2009 წელს ბევრი რამ გაკეთდა, თუნდაც მოასფალტება. ალბათ, 2010-ში დამთავრდება ადიგენის სრული მოასფალტება.შიდა სოფლის გზები მოიხრეშა და გაკეთდა, სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაცია მოხდა ბევრ ადგილას, სკოლებში სახურავები და ფანჯრები გამოიცვალა. კარგი იყო იმით, რომ 8 მილიონი დაიხარჯა ადიგენისთვის.”

სამხარეო ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ პოსტკრიზისული 2009 წელი ნაყოფიერი წელიწადი იყო რეგიონისთვის. პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში, ლაშა ჭკადუა, აცხადებს, რომ 2010 წელს უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონში და, შესაბამისად, მეტი ტურისტის მიღებასაც შეძლებს:

,,ძალიან ნაყოფიერი წელი იყო, ბევრ რაიონში ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა. განხორციელდა სოფლის დახმარების პროგრამა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სულდა-კარწახის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია. 2010 წელს ამ გზის მშენებლობა დასრულდება და შეუერთდება წალკას, რაც შეამოკლებს მანძილს თბილისამდე. გაიხსნება კარწახში ახალი საბაჟო, რაც მეტი ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მოგვცემს და მოიზიდავს ბევრ ტურისტს.”

ამ დროისათვის რეგიონი საახალწლოდ ემზადება. ექვსივე მუნიციპალიტეტი ნაძვის ხის, განათებისა და კონცერტებისთვის, ჯამში, 100 ათას ლარამდე ხარჯავს.
XS
SM
MD
LG