Accessibility links

logo-print
ამ ბლოგში 2009 წლის საუკეთესო ფილმების გახსენება მინდოდა. წერა დავიწყე, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ბლოგი უსაშველოდ გრძელი და ახალი წლისთვის სრულიად შეუფერებელი გამოდიოდა. ერთხანს თემის შეცვლაზეც ვიფიქრე. მაგრამ ოპტიმისტურ-საშობაო სიუჟეტი მაინც არ გამოვიდა.

ამდენი წვალების შემდეგ მით უფრო კარგად გავუგე ამერიკელ რეჟისორს, ორენ მოვერმანს, რომლის ფილმი ”მაუწყებელი” (The Messenger”) http://www.youtube.com/watch?v=2SYuzDcVUJg&feature=related - ჩემს სიაში, 2009 წლის საუკეთესო ფილმი - ნოემბერში გამოვიდა მსოფლიო ეკრანებზე და როგორც ამბობენ, ამერიკული კინოგაქირავების ”სივრცეში” კატასტროფული მარცხი განაცადა.

არცაა გასაკვირვი - პრემიერა სურათისა, რომელიც 2009 წლის დასაწყისში, ბერლინის კინოფესტივალზე უჩვენეს პირველად, ჯერ გაზაფხულისთვის, მერე შემოდგომისთვის გადაიდო. ბოლოს მაინც ზამთარში გამოუშვეს - მაშინ, როცა ხალხი შობის აღნიშვნისთვის ემზადებოდა და ნამდვილად არ იყო განწყობილი ტრაგიკული ფილმისთვის ამერიკელ ოფიცერებზე, რომლებმაც ნათესავებს ოჯახის წევრის ერაყში დაღუპვა უნდა შეატყობინონ. ამბობენ, რომ ამერიკაში ისედაც არაა მოთხოვნილება ერაყის თემაზე გადაღებულ ფილმებზე. ჰოდა, ამ შობა-ახალი წლის წინ ვინ დაინტერესდებოდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური განყოფილების (Casualty Notification) მუშაკთა საქმიანობით, იმ ადამიანების საქმიანობით, რომელთაც ამერიკაში ”სიკვდილის ანგელოზებს” ეძახიან? (ამ ხალხის მოვალეობაა, რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინონ ჯარისკაცის სიკვდილი ახლობლებს, რათა ნათესავებმა ტელევიზიიდან არ შეიტყონ ეს ამბავი.)

”მაუწყებელში” ადამიანთა რეაქციების მთელი გალერეა იქმნება; ”სიკვდილის ანგელოზებს” განსხვავებულად მასპინძლობენ; ზოგი თავს იკავებს, ზოგს გული ერევა... მამა, რომელსაც ერთადერთი შვილის დაღუპვას ატყობინებენ, სურათის ერთ-ერთ მთავარ გმირს, ტონის სახეში აფურთხებს.

ტონის, ამერიკელ ოფიცერს, რომელიც ”სიკვდილის მაუწყებლად” მსახურობს ჯარში, ვუდი ჰარელსონი თამაშობს (ამ როლისთვის ჰარელსონი ”ოქროს გლობუსზეა” წარდგენილი). მის უმცროს მეგობარს, ვილის, ბენ ფოსტერი. ვილი თვალში დაჭრეს ერაყში, რის გამოც მან ტირილის უნარი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ბენ ფოსტერი სწორედ თვალებით თამაშობს! ვაინ ვონგის ”ბოლის” მერე, უილამ ჰარტისა და ჰარვი კეიტელის დუეტის მერე (http://www.youtube.com/watch?v=f5Iv11DT-hs&feature=related), მე ვერ ვიხსენებ ფილმს, რომელშიც ორი მამაკაცი მზერის ასეთ ”ქორეოგრაფიას” ქმნიდეს ეკრანზე.

მზერათა თამაში მთავარია ”მაუწყებელში”. ”სიკვდილის ანგელოზები” ვალდებულები არიან დაიცვან ინსტრუქცია, რომელიც საგანგებოდ დააწესეს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა; მათ ეკრძალებათ, მაგალითად, დაღუპული ჯარისკაცის ნათესავებთან შეხება, რადგან ასე, შესაძლოა, გადაედოთ მწუხარება, რომელსაც განიცდიან ეს ადამიანები. დისტანციის დაჭერა აუცილებელია! წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიცერს სასჯელი ელის. ოფიცერს უნდა ესმოდეს, რომ დაღუპული ჯარისკაცის სიცოცხლე არაფერია ამერიკულ დემოკრატიასთან შედარებით, რომელსაც ერაყში საფრთხე დაემუქრა... რომ ამ ჯარისკაცებმა სამშობლოს, თავისუფლებას, ქვეყნის და, თუ გნებავთ, პლანეტის მომავალს შესწირეს თავი.

ოფიცერს უნდა ესმოდეს, რომ მსხვერპლის გარეშე არაფერი გამოდის. ასეა მოწყობილი ადამიანი და ისტორია.

ჰოდა, აბა ვის მოუნდება მსხვერპლებსა და სიკვდილის ანგელოზებზე ფიქრი შობის დღეებში, როცა ქრისტიანები წესით და რიგით უკანასკნელი მსხვერპლის, იესო ქრისტეს დაბადებას ზეიმობენ? არადა, ხომ გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? ასი წლის აბრამს ვაჟი შეეძინა, ისაკი. საკუთარი რწმენის სიძლიერის გამოსაცდელად აბრამმა შვილის მსხვერპლშეწირვა გადაწყვიტა. მაგრამ რიტუალის დაწყების წინ გამოეცხადა სიცოცხლის ანგელოზი და გააჩერა, უფრო მეტიც, დააწესა ტაბუ ადამიანის მსხვერპლშეწირვაზე. აქ ბარბაროსობიდან ცივილიზაციაზე გადასვლა გამოხატულია მამის სახით, მამისა, რომელიც შვილის მსხვერპლშეწირვით აპირებს გაანადგუროს ხალხი, რომელიც მისი შვილისგან უნდა ჩაისახოს. ხალხი და მომავალი!

მაგრამ ბარბაროსობა ასე ადვილად არ დანებდება ცივილიზაციას. მსხვერპლშეწირვა გაგრძელდება მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში. მსხვერპლშეწირვის ვნება ბობოქრობდა 2009 წლის საქართველოშიც, სადაც ძეგლის აფეთქებას უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

”ოპოზიციური მუხტის” ჩასახშობად, მითუმეტეს, მოახლოებული არჩევნების წინ, ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო მსხვერპლებით თამაშში; პრინციპში ამას ადრეც ადვილად აკეთებდა - საქართველოში, "რუსეთის აგენტის" ბრალდებით საკმაოდ ადვილი გახდა ადამიანის განადგურება, შესაძლებელია, ლიკვიდაციაც კი. გარდა ამისა, ჩვენი გულუბყვილო, როგორც წესი, დაუსაქმებელი და უსაქმურობისგან დაღლილი ამომრჩევლის გულის მოსაგებად, იმ ამომრჩევლისა, რომელიც საღამოებს ”პროფილის” მსგავსი სატელევიზიო გადაცემების ყურებაში ატარებს, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო იმის მტკიცება, რომ არ არის ”ეკლესიის დამანგრეველი”... ამას მოჰყვა სწორედ ფონდ ”ინკლუზივის” ბარბაროსული დარბევა და ასეთივე ბარბაროსული ჰომოფობია ქართულ ტელეარხებზე. დემოკრატიული ღირებულებები შეეწირა ნაციონალურ-მართლმადიდებლურს ისევ და ისევ ერთი მიზნით - ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!

ამასობაში შობა-ახალი წელიც მოგვიახლოვდა. სიცოცხლის, განახლების დღესასწაული. ამერიკის მსგავსად არც ჩვენ გვინდა ამ ახალ წელს მსხვერპლისა და ომის გახსენება. არ გვინდა და აგერ უკვე პუტინსაც კი ვართმევთ ხელს.

ბედნიერი მომავლისთვის!

მე კი... საშობაო-ოპტიმისტური სიუჟეტები არ გამომდის, მაგრამ მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ; სავსებით შესაძლებელია, 2010 წელს გამოჩნდეს ”სიცოცხლის ანგელოზი”, რომელიც ადამიანის და ადამიანური ფასეულობების მსხვერპლშეწირვაზე ტაბუს დააწესებს... იქნებ ამის შემდეგ მაინც აღარ მოინდომონ მამებმა შვილების დახოცვა, ისტორიის გაჩერება? იქნებ 2010 წელს მაინც მოიხსნან შვილებმა ბორკილები. თანაც ისე, რომ მამებს არ გაუსწორდნენ. მსხვერპლად არ შეწირონ, არ ”ჩარეცხონ” ბედნიერი მომავლისთვის!?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG