Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულომ 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტი ადგილობრივმა საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა თემურ აფხაზაშვილმა ახალ ბიუჯეტს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდი უწოდა. მისი აზრით, ბიუჯეტში მოსახლეობის ინტერესები ნაკლებად არის ასახული.

ოქრუაშვილის პარტიის 3 წევრის გარდა, სხდომას არც რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი დავით რაზმაძე დასწრებია. მისი თქმით, საკრებულოს დანიშვნის შესახებ მას შეტყობინება არ მისვლია.

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საკრებულოს ნაციონალურმა უმრავლესობამ უპრობლემოდ დაამტკიცა ახალი ბიუჯეტი, რომელიც 10 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, 2010 წლის ბიუჯეტი მიზნობრივი და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ხარჯზე თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ოპოზიციის მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ახალ ბიუჯეტში პრიორიტეტად ნაგულისხმევია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამიტომ ფინანსების დიდი ნაწილი კომუნიკაციების მოწესრიგებას მოხმარდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო.

გორის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ინფრასტრუქტურის აღდგენისას შეიძლება ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი, შეწერილი წილების სახით, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ყულაბაში მოხვდეს.
XS
SM
MD
LG