Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეზღუდულია


ენგურის ხიდი, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
ენგურის ხიდი, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ დღეს დილით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის ე.წ. საზღვართან მიკროავტობუსი გააჩერეს და მძღოლს სცემეს, რის შემდეგაც მძღოლი მგზავრებთან ერთად გალში გადაიყვანეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავასთვის არ არის ცნობილი, მიაყენეს თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა მიკროავტობუსის მგზავრებსაც

ე.წ საზღვარზე მიკროავტობუსის გაჩერებისა და მგზავრების გალის მილიციაში გადაყვანის ფაქტი რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურა რესპონდენტმა, რომელიც ოკუპირებული საბერიოს მკვიდრია. თუმცა ქალბატონმა საუბრისას აღნიშნა, რომ ე.წ. საზღვარი უკვე ორი დღეა ჩაკეტილია დ მოსახლეობა წალენჯიხაში გადასვლას ვერ ახერხებს.

ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას ადასტურებს ოკუპირებული გალის რაიონის იმ სოფლების მოსახლეობაც, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურისა და ხურჩის მოსაზღვრედ ცხოვრობს. მათი ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე გადაადგილება მხოლოდ მალულადაა შესაძლებელი, რადგან იქ რუსი სამხედროები არიან ჩასაფრებულები და დაკავებული ადამიანები გალში გადაჰყავთ. რადიო თავისუფლების რესპონდენტები, რომლებმაც უსაფრთხოების მიზნით ჩაწერის დროს ხმის შეცვლა ითხოვეს, ასევე ამბობენ, რომ 15 იანვრიდან ზუგდიდში გადასვლას შეძლებენ სპეციალური საშვებით, რომელსაც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში მიიღებენ. ამის შესახებ მათ აფხაზი სამხედროებისგან შეიტყვეს.

თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს, რომ სამეგრელოსთან ადმინისტრაციული საზღვარი 15 იანვრამდე დაიკეტა. თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ გალის რაიონის მოსახლეობისთვის აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ მონაკვეთებს, სადაც სასაზღვრო საგუშაგოები არ არსებობს. ”საზღვარს საგანგებოდ 15 იანვრამდე არავინ კეტავს. სინამდვილეში საზღვარი ისედაც დიდი ხანია დაკეტილია, თუმცა უცხოელებისთვის და არა გალის რაიონის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება აკრძალვას, ის მოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც საგუშაგოები არ არსებობს.”

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია ირწმუნება, რომ ახალი საგუშაგოების ამოქმედების შემდეგ გალის რაიონის მოსახლეობისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა გამარტივდება, გადასახადი კი, ღვინჯიას თქმით, საკმაოდ მცირე მოცულობის იქნება. კერძოდ, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სამეგრელოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად სპეციალური საშვები უნდა მიიღონ. გარკვეული დროით მოქმედი ფასიანი საშვები მოსახლეობამ ან გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში, ან უშუალოდ ე.წ. საზღვარზე განთავსებულ პუნქტებში უნდა მიიღოს.

დე ფაქტო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ცნობილია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობისთვის, მაგრამ, როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, ყველა გადასასვლელთან, სადაც გადაადგილება აიკრძალა, საგუშაგოები ახლაც არსებობს. დევნილი მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით, სადაც საახალწლოდ რუსმა მესაზღვრეებმა ფულადი გადასახადი 10 ლარი დააწესეს.
XS
SM
MD
LG