Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 დეკემბერი 2009


ქართულ გაზეთებს წინასაახალწლო იერიც აქვს და მათში დიდი ადგილი გასული წლის შეჯამებასა და ანალიზსაც ეთმობა.

”ვერსიამ” შიდასარედაქციო კენჭისყრა ჩაატარა და პირველ გვერდზე მკითხველს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების ვინაობას სთავაზობს. მაგალითად, ”ვერსიის” „რჩეულ რესპონდენტებად“ დასახელდნენ: ლევან ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე. ”წლის სიმპათიად” ”ვერსია” გოგა ხაინდრავასა და დავით ბაქრაძეს ასახელებს. ”წლის ამტანის” ნომინაცია კი ასეა წარმოდგენილი: ”გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე (დიტო გელოვანმა სისხლი გაუშრო) და შოთა ცანავა (ღორის გრიპსაც გაუძლო და ჟურნალისტების შემოტევასაც). ”ვერსია” პოლიტიკოსებს წლის ”სკანდალისტი” პოლიტიკოსის დასახელებას სთხოვს. გამოკითხულთა უმრავლესობა ოპოზიციონერია და მათი უმრავლესობა ყველაზე სკანდალურად მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. გაზეთი ”ვერსია” ასეთი სათაურითაც აქვეყნებს გამოკითხვას: ”ვის მიუმტვრევდით სიამოვნებით ცხვირ-პირს?”. რესპონდენტები არიან: ირინა სარიშვილი, გიორგი გუგავა, გიორგი ასანიძე, კობა დავითაშვილი, გუგული მაღრაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ნუგზარ ერგემლიძე და გოგა ხაინდრავა. მართალია, მათი ნაწილი სასურველ კონკრეტულ ობიექტებს ასახელებს, მაგრამ ამ საქმიანობისთვის მყისიერ მზადყოფნას ყველა არ გამოთქვამს.

”რეზონანსი” მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის წინასაახალწლო მიმართვას აქვეყნებს, სათაურით ”ისმინეთ, ქართველებო”. გაზეთის კორესპონდენტი წლის ეკონომიკურ შეჯამებასა და მომავალი წლის პროგნოზს სთხოვს ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს. ის ფიქრობს, რომ 2010 წელი საკმაოდ მძიმე იქნება ქვეყნისთვის, ”რადგან, საუკეთესო შემთხვევაში, მთლიანი შიდა პროდუქტის ოპტიმისტური ორპროცენტიანი ზრდა, ცხადია, 2009 წლის დანაკარგების კომპენსირებას ვერ მოახდენს, მაგრამ ორპროცენტიანი ზრდაც თავისთავად არ მოხდება. ამასაც მთავრობის საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება”, - ამბობს გიორხელიძე.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავასთან: ”2009 წლის შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი: ეს იყო ეკონომიკური კრიზისის წელიწადი და საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში, ძირითადად, ასეთი შეფასებით შევა. ეს არის წელი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ეროვნულ ნიადაგზე ეკონომიკური კრიზისი.” ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტი ნოღაიდელის რუსეთში ვიზიტებსა და პრაიმერზეც ეკითხება. პაპავას აზრით, ნოღაიდელი ”თავიდან ბოლომდე სახელისუფლებო პროექტია”, რადგან, მისი აზრით, ეს პროექტი ხელს აძლევს სააკაშვილსაც და პუტინსაც. რაც შეეხება პრაიმერს, ლადო პაპავა მას ხელისუფლების თამაშად თვლის. ”ახალ თაობაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ადვოკატ ლალი აფციაურთან: ”ზუსტად ვიცი, რომ ზაზა ხატიაშვილი არ დაუშვებს ადვოკატების დაჩაგვრას. ნამდვილად ვიცი, რომ ის მონდომებულია ადვოკატის ინსტიტუტი განვითარდეს. ხელისუფლებას უნდა ყველაფერი თავიდან ბოლომდე ხელში ჩაიგდოს”, - ამბობს ლალი აფციაური.

”რა მოაქვს ვეფხვის წელიწადს?” - ამ სათაურს ”საქართველოს რესპუბლიკის“ პირველ გვერდზე ნახავთ. ”ნუ დაიჯერებთ ბრიყვულ მტკიცებას, რომ ჩვენს ”ღვთისმშობლის წილხვედრ” ქვეყანას მძვინვარე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მორცხვად გვერდი აუარა. ასეთი რამ ბუნებაში ჯერ არ მომხდარა და კიდევ დიდხანს არ მოხდება”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG