Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში ქართული ოპოზიციის მიმართვა 3 იანვრამდე გაიგზავნება


ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოიწონეს. 30 დეკემბერს კი გაეროს გენერალური მდივნის სახელზე დაწერილ მიმართვას „თბილისი მარიოტში“ შეკრებილმა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მოაწერა ხელი.

“ახალი მემარჯვენეები”, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა თეთრები”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “თავისუფლება“, “საქართველოს გზა”, “ეროვნული ფორუმი”, “კონსერვატიული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის”, “ქალთა პარტია”, “ქართული დასი”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” და “ხალხის პარტია”, აგრეთვე “დაიცავი საქართველო”, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები გია ცაგარეიშვილი და კარლო კოპალიანი და, რა თქმა უნდა, საქართველოში გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარების იდეის ავტორი ლეიბორისტები - გაეროს გენერალული მდივნის სახელზე დაწერილ მიმართვას ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერმა მოაწერა ხელი. თუმცა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა დოკუმენტის ხელმოწერის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ამ იდეას არ ჰყავს მხოლოდ ერთი ავტორი და რომ ოპოზიცია შეიკრიბა იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს მიმართვას საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების თაობაზე.

საარჩევნო გარემოს შეცვლა - ეს არის “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ნინო ბურჯანაძისათვის ერთადერთი წინაპირობა ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

”დაიცავი საქართველოს” ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, ამ დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დასმის მოტივაცია კი ასეთი იყო: ”თუ ვერ დავაბრუნებთ ყველაზე დიდ უფლებას, რასაც არჩევანის უფლება ჰქვია, ვერც ვერაფერს გადავარჩენთ და ვერც დავიცავთ.”

”რესპუბლიკელების” ლიდერი დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ ამ წერილით ქართული ოპოზიციური სპექტრი გაეროს კონსულტაციების დაწყებას სთხოვს და, რაც მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას: ”ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება არის ხოლმე ნაკლები, ჩვენი ამ წერილით კი ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არჩევნები კიდევ ბევრ სხვა დატვირთვასაც ატარებს.”

”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერის ირაკლი ალასანიასათვის მნიშვნელოვანია თავისთავად ის ფაქტი, რომ ყველა ოპოზიციური ძალა თანხმდება შემდეგზე: ”ჯერჯერობით საქართველოში არის არასამართლიანი გარემო არჩევნების ჩატარებისათვის და ამიტომაც მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს კონსულტაციები მათი მონაწილეობით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის. მონაწილეობის მრავალი ფორმა არსებობს: ექსპერტული მხარდაჭერა, დამკვირვებლების მომზადება და თავადაც მონაწილეობის მიღება, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ გაერომ ჩაატაროს არჩევნები.”

დოკუმენტს ხელი მოაწერა „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამაც:

”გაეროს ხშირად უწევს მხარეთა დაშორიშორება და კონფლიქტურ სიტუაციებში ჩარევა... საქართველოში კი არჩევნები დიდი ხანია ომს დაემსგავსა. ამიტომ ვფიქრობ, რომ უპრიანია ახლა მივმართოთ გაეროს, იქნებ რამე კონსულტაციები დაიწყოს, რომ ერთობლივად საარჩევნო გარემოს და პოლიტიკური სიტუაციის მოწესრიგებაზე ვიმსჯელოთ ქვეყანაში.”

კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა კი ამ მიმართვას სხვაგვარად - ხელისუფლების მიერ არჩევნების ჩატარებისადმი უნდობლობის აქტი დაარქვა.

საარჩევნო კოდექსზე ხელისუფლებასთან 11 თვიანი ერთობლივი მუშაობის მიუხედავად, შედეგს ვერც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია ხედავს: ”გამოვიდა ის, რომ წარმოდგენილი პროექტით ხელისუფლება კვლავ ინარჩუნებს ტოტალურ კონტროლს ყველა საარჩევნო ადმინისტრაციაზე.”

ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ ოპოზიციის საუბრები არჩევნების გაყალბებაზე მხოლოდ საკუთარი მოსალოდნელი მარცხის წინასწარი გამართლებაა. რაც შეეხება გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარების თემას - პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი განმარტავს, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო და ის თავად, საკუთარი რესურსებით ჩაატარებს არჩევნებსაც და განახორციელებს სხვა შიდა საქმიანობებსაც: ”წარმოუდგენელი რაღაცაა. მსგავსი პრაქტიკა იყო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ესა თუ ის ტერიტორია არ იყო ჩამოყალიბებული სახელმწიფოდ. ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი ოპონენტების პიარკამპანია, რომ გაამართლონ საკუთარი მარცხი არჩევნებში.”

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ხელმოწერილ მიმართვას, ის გაეროს გენერალურ მდივანს 3 იანვრამდე გაეგზავნება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG