Accessibility links

2009 წლის დასრულებამდე ერთი დღით ადრე მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის კანცელარიაში გასულ წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. იმ 31 საკითხის განხილვა, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის უმთავრესი კი იმ დავალიანებების განულებაა, რომელიც მოსახლეობას დაუგროვდა. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ელექტროენერგიის დავალიანებაზე, რომელიც მოსახლეობას 2007 წლამდე დაუგროვდა.გარდა ამისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობას „თბილგაზის“ მიმართ არსებული დავალიანებაც ჩამოეწერება, რომელიც, ჯამში, 2,5 მილიონ ლარს აღემატება.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, კიდევ ერთი განულება დავალიანებებთან დაკავშირებით ასევე თბილისის მოსახლეობას შეეხება და ის 2010 წლის პირველ იანვრამდე ნარჩენების გატანისათვის დაგროვილ დავალიანებას გულისხმობს, რომელიც, ჯამში, 18 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის დავალიანებას, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას, გარდა თბილისისა და კახეთის რეგიონების მცხოვრებლებისა, 2007 წლამდე დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანება ჩამოეწერება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღევანდელ შემაჯამებელ სხდომაზე გამოიკვეთა, იყო ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ზედამხედველობის სამსახურის გაუქმება, რის მიზეზადაც პრემიერ- მინისტრმა ნიკა გილაურმა მსგავსი ტიპის სამსახურებში არსებული კორუფციული საქმიანობა დაასახელა.

ზედამხედველობის სამსახურის გაუქმებას პროცედურულად, დაახლოებით, თვე-ნახევარი დასჭირდება. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

პოლოლიკაშვილის თქმით, სწორედ მან მიაწოდა პრემიერ-მინისტრს აღნიშნული სამსახურის გაუქმების იდეა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2009 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ დღეს უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ ილაპარაკა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, წლევანდელი შედეგებით მისი უწყების წარმომადგენლები ბოლომდე კმაყოფილები ვერ იქნებიან, თუმცა მთელი 2009 წლის განმავლობაში მათ მიერ გამოჩენილი მონდომება და ძალისხმევა პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს:

”ჩვენი სამინისტროს მთავარი თემები 2009 წლის განმავლობაში - ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატოში გაწევრიანება, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოჩენა და სხვ. ბევრი შედეგი არის მიღწეული, მაგრამ კმაყოფილები მაინც ვერ ვიქნებით, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ გავა საქართველოდან.”

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე წლის ეკონომიკური მოვლენები შეაფასა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, 2009 წელი საკმაოდ რთული იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად მსოფლიოსათვის, თუმცა, მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა და ყველა მიმართულებით პოზიტიური ციფრები შეინიშნება. გილაურის განცხადებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მინუს 4%-ზე დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG