Accessibility links

logo-print
პარასკევს იწურება ირანისათვის მიცემულ საბოლოო ვადა, უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი სანქციები. მაგრამ ირანმა არათუ უარყო საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეთავაზებული წინადადება, არამედ, როგორც ირკვევა, საიდუმლო გარიგებებსაც აწარმოებს ყაზახეთთან ურანის ელემენტების ტრანსპორტირების შესახებ.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ერჟან აშიკბაევმა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში უარყო ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს ირანისათვის ურანის მიყიდვის გეგმა. უფრო ადრე ახალი ამბების სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესმა”, მსოფლიო ატომის სააგენტოსათვის სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ მოხსენებაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ირანი და ყაზახეთი საიდუმლოდ შეთანხმდნენ ირანს 450 მილიონ დოლარად მიჰყიდონ 1 350 ტონა გაწმენდილი ურანის კონცენტრატი. სააგენტოს თანახმად, მსგავსი გარიგება მხარეებს უახლოეს ხანებში უნდა გაეფორმებინათ.

მანამდე ირანმა უარყო საერთაშორისო საზოგადოების შეთავაზება, მოეხდინა გაუმდიდრებელი ურანის ექსპორტირება და სანაცვლოდ მიეღო საწვავი სამეცნიერო რეაქტორისათვის. ირანის უარის გამო შეერთებულ შტატებში კვლავ ალაპარაკდნენ საპასუხო სანქციებზე. შეერთებული შტატების სენატორმა ჯოზებ ლიბერმანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იგი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია იმ კანონპროექტისა, რომელიც ირანის ნავთობზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს:

“ეკონომიკური სანქციების თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო პროექტი, რაც იანვარში განიხილება, არ იქნება უბრალო რეაქცია ირანის მთავრობის უარზე, პატიოსნად მოელაპარაკა ბირთვული პროგრამის შესახებ. ეს ასევე იქნება სპეციფიკური უფლებამოსილება პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისათვის, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ირანის დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს.

ლიბერმანის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს მოთმინების ფიალა აევსო და ის ყველა ზომას მიმართავს, რომ გატარდეს ეკონომიკური სანქციები ირანის რეჟიმის მიმართ და იმედოვნებს, რომ მას მხარს დაუჭერენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია.

ბარაკ ობამა კვირის დასაწყისში, მართლაც, მკაცრად გამოეხმაურა ირანის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, რასაც 10 ადამიანი შეეწირა.

“თუ რა დაემართება ირანს, ეს არ არის არც შეერთებული შტატების და არც რომელიმე ქვეყნის გადასაწყვეტი, – ეს არის გადასაწყვეტი მხოლოდ ირანელი ხალხისა, რომელიც მიისწრაფვის სამართლიანობისაკენ და იმისკენ, რომ შექნას უკეთესი ცხოვრება. მაგრამ ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება, მართოს შიშსა და ტირანიაზე დამყარებული მეთოდებით, ვერ იქნება წარმატების მომტანი ასეთი მისწრაფებების განსახორციელებლად.”

გასულ კვირას ოპოზიციის აქტივისტებზე ირანში მომხდარი ძალადობა დაგმეს ევროპის ქვეყნებმა და რუსეთმა, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, შეერთებული შტატების ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან, მართალია, ასევე მოუწოდებენ ირანს, შეწყვიტოს ურანის გამდიდრების სამუშაოები, მაგრამ არ ეთანხმებიან ირანის მიმართ სანქციების გატარების მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG