Accessibility links

ქრისტეშობის დღეებში ამერიკის სამგზავრო ლაინერის აფეთქების განზრახვას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა “უსაფრთხოების კატასტროფული ნაპრალი” უწოდა და პირობა დადო, რომ ყველაფერი ამომწურავად იქნება გამოძიებული.

29 დეკემბერს გვიან ღამით ჰავაიში მყოფმა ბარაკ ობამამ სატელევიზიო მიმართვაში მკაცრად ილაპარაკა უსაფრთხოების სისტემის ნაკლოვანებაზე, რამაც შესაძლებლობა მისცა ალ-ყაიდასთან თანაmშრომლობაში ეჭვმიტანილ 23 წლის ნიგერიელს მოხვედრილიყო თვითმფრინავის ბორტზე. უმარ ფაროუკ აბდულმუტალაბი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და თვითმფრინავში ხანძრის გაჩენის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

ბარაკ ობამას უკვე მეორედ მოუხდა ამ ინციდენტის შესახებ სიტყვით გამოსვლა, რადგან 25 დეკემბრის ინციდენტმა სერიოზული კამათი გამოიწვია იმაზე, თუ რამდენად სანდოა აეროპორტში დამონტაჟებული დეტექტორული და სათვალთვალო სისტემები. განსაკუთრებით აკრიტიკებენ ხელისუფლებას რესპუბლიკელი პოლიტიკოსები.

სატელევიზიო მიმართვაში ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული მიღებული ინფორმაციის დამუშავების პერიოდში:

“ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაცვლილი რომ ყოფილიყო, ის, შესაძლოა, შედარებულიყო სხვა სადაზვერვო ინფორმაციასთან, რაც შეავსებდა და ნათელს გახდიდა სურათს, რომ ეჭვმიტანილი მოდის. გამაფრთხილებელი ნიშანი შეძლებდა მოქმედებაში მოეყვანა წითელი სიგნალი, რაც არ მისცემდა შესაძლებლობას ეჭვმიტანილს მოხვედრილიყო ამერიკის თვითმფრინავზე.”

მართლაც, არსებობდა ძალიან ბევრი წინასწარი ინფორმაცია, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ნიგერიელი უმარ ფაროუკ აბდულმუტალაბი თვითმფრინავის ბორტზე ვერ უნდა მოხვედრილიყო. მისი მამა ჯერ კიდევ ნოემბერში მივიდა ნიგერიაში, შეერთებული შტატების საელჩოში, და განაცხადა, რომ მის შვილი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ძალიან რადიკალური შეხედულებების მიმდევარი გახდა. გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსის” თანახმად, საელჩომ, თავის მხრივ, ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელმაც უმარ ფაროუკ აბდულმუტალაბი შეიტანა იმ 550 ათასი კაცის სიაში, რომლებიც ტერორისტებთან შესაძლო კავშირში მოიაზრებიან. მაგრამ, როგორც სხვა პუბლიკაციებით გახდა ცნობილი, ნიგერიელი ეჭვმიტანილი არ შეიტანეს იმ 4000 კაცის სიაში, რომელთაც ფრენის უფლება არა აქვთ. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურებმა უმარ ფაროუკ აბდულმუტალაბი 23 დეკემბერს დაუბრკოლებლად აუშვეს თვითმფრინავში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ასეთ მიდგომას დაუშვებელი უწოდა და 29 დეკემბერს პირობა დადო, რომ ვითარება კარდინალურად შეიცვლება. ობამას თანახმად, მისი ბრძანების მიხედვით, სრულად იქნება გამოძიებული, თუ რომელი უწყება აგროვებდა დოსიეს ნიგერიელ ეჭვმიტანილზე. მეორე განკარგულება კი უშუალოდ აეროპორტებში საავიაციო ვიდეოკონტროლის სისტემის შემოწმებას ეხება.

მომხდარი ინციდენტის გამო, რესპუბლიკელთა კრიტიკის ობიექტად იქცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო, რომელმაც თავდაპირველად განაცხადა, რომ “სისტემამ კარგად იმუშავა”. შემდგომში მან შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
XS
SM
MD
LG