Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა სოხაძე - მომღერალი


11 იანვარი, კვირა
დღიური არასდროს დამიწერია, თუ არ ჩავთვლით ბავშვობისდროინდელი საგასტროლო მოგზაურობების მოკლე და მშრალ ჩანაწერებს, რაც შემდგომ, როგორც წესი, მეკარგებოდა. პირადი განცდებისა და აზრების აღწერას კი ყოველთვის გავურბოდი, ალბათ იმის შიშით, ვინმეს არ წაეკითხა. ეს დღიურიც, ვფიქრობ, ერთგვარ ანგარიშს უფრო დაემსგავსება, ვინაიდან გამოსაქვეყნებლად იწერება. ვეცდები, გულწრფელი ანგარიში იყოს.
დილით მაქსიკას ვეთამაშე. 2008 წელი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტით დაგვირგვინდა – ბებია გავხდი. პრაღაში დაიბადა ჩემი პირველი შვილიშვილი – მაქსიმილიან ბრისკუ. საოცარი განცდა ყოფილა შვილიშვილი. 31 დეკემბერს ყველანი თბილისში დავბრუნდით, ახლა დედაჩემთან და მამაჩემთან ვართ და დიდი მხიარულება და აურზაური გვაქვს. თვის ბოლოს სალომე და ადრიანი პრაღაში დაბრუნდებიან და მაქსიმეს წაიყვანენ. ამას რომ წარმოვიდგენ, ძალიან ცუდად ვხდები.
რაც თბილისში ჩამოვედი, ვცდილობ, I არხს ვუყურო. ჯერ ერთი, საბჭოს წევრებს გვევალება ახალი მაუწყებლის თაობაზე ჩვენი აზრის წერილობით ჩამოყალიბება და მეორეც, მართლა მაინტერესებს, რა გამოვიდა. ვიმედოვნებ, რეალობას აცდენილი, ფსევდოოპტიმისტური და ცოტა ეიფორიული სიხალისე ჯერ კიდევ საახალწლო განწყობითაა განპირობებული. მაგრამ არხის ესთეტიკის, ანუ გემოვნების, რბილად რომ ვთქვათ, თავისებურებანი კი რით ავხსნა და რას დავაბრალო, უბრალოდ, არ ვიცი. როგორც ამიხსნეს, ამ ეტაპზე მაყურებლის არხისკენ შემობრუნების ამოცანას ვწყვეტთ. მეტად რთულ და მნიშვნელოვან ამოცანას!

12 იანვარი, ორშაბათი
11 საათზე რადიო “ნაცნობში” მამაჩემი და მე “კორკოტას დილის” სტუმრები ვიყავით. “ნაცნობი” და “უცნობი” ნატუკას (ჩემი უმცროსი ქალიშვილის) “მშობლიური” რადიოებია, შვილების ხათრით კი რას არ გააკეთებს ადამიანი! კორკოტა ცოტა დაბნეული და გულნატკენი ჩანდა – რამდენიმე დღის წინ თამრიკო ჭოხონელიძეს ძალიან გაუკრიტიკებია ორივე პროექტი – რადიოც და სატელევიზიოც. როგორც შევძელი, შევარბილე, შევეცადე თამრიკოს ხასიათის თვისებებით ამეხსნა მისი კატეგორიულობა, კორკოტას მეორე ლოყის მიშვერა შევთავაზე... მოკლედ, გადაცემის ბოლოს თამრიკომ დარეკა, ყველაფერი გაირკვა, ყველანი შერიგდნენ და სიყვარულით და ჩახუტებით დამთავრდა ესე ამბავი. ბავშვობიდან ვგიჟდებოდი მშვიდობის მტრედის ფუნქციის შესრულებაზე! მართლა!
13 საათზე სამეურვეო საბჭოს სხდომა გვქონდა, ცხადია, ახალ საეთერო ბადესთან დაკავშირებით. სულ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლიტერატურული გმირის სიტყვები მახსენდება – სიმართლის ლაპარაკი ადვილი და სასიამოვნოაო. ჰოდა, ვილაპარაკე მეც სიმართლე. ადვილი იყო, სიამოვნების რა მოგახსენოთ! საერთოდ, ამ ბოლო დროს სიმართლის ლაპარაკი მართლა უსიამოვნო და უხერხული გახდა. რა უცნაურია, არა? მაგალითად, ბოლო ომზე (ჩვენსას ვგულისხმობ) შენს აზრს თუ გამოთქვამ და ეს აზრი ოფიციალურს არ ემთხვევა, შესაძლოა, სამშობლოს მტრად გამოგაცხადონ. ყოველ შემთხვევაში, ამის ლაპარაკის დრო არ არისო, ნამდვილად გეტყვიან. ასევე, როდესაც ვთქვი, საზოგადოებრივი ტელევიზია თავის ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ჩემი აზრით, ჯერ ვერ ასრულებს-მეთქი, მიპასუხეს, ხალხს მოსწონსო! მაყურებელი დავიბრუნეთო, ყველა კმაყოფილი და გახარებულია, ეს რა კარგი ტელევიზიააო და შენ რა გინდა მეტიო?
მართლა, რა მინდა მეტი?!

13 იანვარი, სამშაბათი
დღეს მინდა ძირითადად სახლში ვიყო. დილიდან მაქსის საზოგადოებით ვტკბები, ვუმღერი, ვუკრავ. მგონი, მისმენს. რაღაცები მოსწონს კიდეც. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვებს მოცარტი უნდა ასმენინოთო – ჩვენსას კლასიკური მუსიკა ჯერ მაინცდამაინც არ იზიდავს. საწოლში საერთოდ აღარ იძინებს, დედ-მამამ ხელში დაძინებას მიაჩვია – ბავშვი უფრო თბილი და ადამიანური გამოდისო. შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა – მაქსი უკვე საყვარელი ტირანი და პატარა დიქტატორია.
ამაღამ ჩემი უახლოესი მეგობარი ეთერ ანჯაფარიძე ჩიკაგოში ბრუნდება. ცინცაძის მე-6 კვარტეტის პორტატული პარტიტურა იშოვა და გადამწერს პარტიები გადააწერინა. გავყევი და ნოტები წამოვიღეთ. გზაში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ – სულ „საცობები“ იყო და საბჭოს ქუჩამდე დიდხანს მივდიოდით. თუმცა, ეთერისთან დროს ვერასდროს ვგრძნობ. უფრო იმ დროს ვგრძნობ, მის გარეშე როცა ვარ. აი, ახლაც, დაახლოებით 9 თვე ვეღავ ვნახავ. როგორ მენანება ეს 9 თვე! სადა გვაქვს ამდენი უერთმანეთოდ გასატარებელი დრო?!..
...და, საერთოდ, მეგობრებში ძალიან გამიმართლა. ჩემი “გოგოები” – ჩემი კლასელები არიან, შემდგომში ასეთი აღარავინ შემიძენია, მაგრამ მთავარი ისაა, ერთმანეთი რომ შევინარჩუნეთ. მეტიც, თანდათან ერთმანეთის აბსოლუტურ შეუცვლელობას ვგრძნობთ. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები.
გუშინ, გვიან საღამოს, ნატუკას მეგობრებმა ლაბრადორის ლეკვი გამოუგზავნეს – ერთი თვის წინ ჩვენი საყვარელი კოკერი, ბობი რომ დაგვეღუპა, იმის სანაცვლოდ... არაფერი გამოვა. ჩვენი ოჯახის ვერც ერთი წევრი ასე მალე ბობის მაგიერი ძაღლის შეყვარებას ვერ შევძლებთ. ბობი ოჯახის წევრი იყო, უთბილესი, უკეთილესი არსება. ამიტომ დღეს, ბავშვების მსუბუქი პროტესტის მიუხედავად, ლაბრადორი იმ ფირმაში დავაბრუნეთ, საიდანაც მოგვიყვანეს.

14 იანვარი, ოთხშაბათი
წუხელ ძველით ახალ წელს შევხვდით. მამა, დედა, რეზო, სალომე, ადრიანი, მაქსი და მე. ნატუკა, როგორც ყოველთვის, მეგობრებთან იყო, პირველი საათისთვის მოვიდა და მეკვლეობაც გამოუვიდა. რატომღაც, ლაპარაკს შევყევით და დილის 5 საათზე დავიძინეთ. დღეს მთელი დღე თავი მტკივა და მეძინება. ახლა სასწრაფოდ საბუთებს ვაგროვებ ჩეხეთის ერთწლიანი ვიზისთვის, რეზო მეხმარება. უფრო სწორად, რეზო მიგროვებს. საოცარი ადამიანია! რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები. 34-ე წელია, მეუღლეები ვართ და თანდათან კიდევ უფრო თბილი და საინტერესო ხდება.
ტელევიზიაში ვიყავი, შეხვედრები მქონდა. ძირითადად დახმარებებს და სამსახურში დაბრუნებას ან მიღებას ითხოვენ. ხალხი მართლა საშინელ დღეშია, ხვალ ბავშვებს რა აჭამონ, არ იციან. ამავე დროს, რესტორნები სავსეა, ქეიფობს საზოგადოების ნაწილი, საუკეთესო ნაწილი. ელიტა! მათ არც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ეხებათ, არც წაგებული ომი და არც არაფერი! კარგ ხასიათზეა ჩემი თანამოქალაქეების ერთი წყება. გრიალებს. მათ არაფერი აწუხებთ.
ნეტავ, მართლა არაფერი აწუხებთ?

15 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს ბედობაა. ძველი სტილით, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ეს შობისშემდგომი ძველი ახალი წელი და ბედობა რატომღაც ძალიან მწამს და მიყვარს. მაღაზიებში მოკლესახელოებიან პულოვერს ვეძებდი. უშედეგოდ. შოპინგი დამებედა, უფრო სწორად, მაღაზიებში სიარული.
საღამოს სალომეს უამრავი მეგობარი მოვიდა – სტუმრებიც დაგვებედა. რეზომ და მე ერთ-ერთ ტელეარხზე ამერიკულ “ანა კარენინას” ვუყურეთ. რატომ აქვთ ამერიკელებს კლასიკის და, განსაკუთრებით, რუსული კლასიკის ასეთი სწორხაზოვანი და პრიმიტიული გაგება, არ ვიცი. და კიდევ, თუ ტოლსტოია, აუცილებლად ჩაიკოვსკის მუსიკით უნდა გაფორმდეს, ყოფითი სცენები “მაკნატუნათი”, ხოლო ტრაგიკული მომენტები – მე-6 სიმფონიით.
მანამდე, დაახლოებით 5 საათზე, ლევან გახელაძემ დამირეკა, ხვალ 12 საათზე ვიკრიბებით, პროექტ “საქართველოს დიდ ათეულთან” დაკავშირებითო.
ამ პროექტს რაღა დაემართა ნეტავ?..

16 იანვარი, პარასკევი
პროექტ “საქართველის დიდ ათეულს”, როგორც გულმა მიგრძნო, კარგი არაფერი დამართნია! სამეურვეო საბჭოს თათბირზე გაირკვა, რომ 3 საათზე საპატრიარქოში ვართ მისასვლელი; საპატრიარქოს თხოვნაა, პროექტიდან ამოვიღოთ წმინდანები, რათა არ მოხდეს მათი ერთმანეთთან შედარება, რანჟირება და საერო პირებთან შეჯიბრი. ეს ნაყიდი, BBC-ის ფორმატია, უამრავ ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული, მათ შორის მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც: რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში ხალხმა თავისი არჩევანი – შესაძლოა, არცთუ უშეცდომო – გააკეთა. მაგრამ ამ პროექტის მიზანი მოცემული ქვეყნის დღევანდელი საზოგადოების, მისი სულიერი თუ ინტელექტუალური მდგომარეობის გამოვლენა უფროა, ვიდრე ობიექტური სურათის დახატვა. წმინდანების ამოღებით კი პროექტი აშკარად თავსმოხვეულ, დეფორმირებულ, დამახინჯებულ სახეს მიიღებს. და, საერთოდ, როგორ უნდა გაგრძელდეს პროექტი, როდესაც თითქმის ყველა დიდი ერისკაცი ჩვენმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა?!
წარმოვიდგინოთ დიდი ათეული ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ექვთიმე თაყაიშვილის გარეშე! ძნელი წარმოსადგენია.
საპატრიარქოში შეხვედრამ ამ მოთხოვნის მოტივი და საფუძველი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. თუმცა, არგუმენტების ნაკლებობის მიუხედავად, ცხადი გახდა, რომ ეს თხოვნა თუ მოთხოვნა საკმაოდ კატეგორიული იყო. ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი ტელევიზია, რომ კანონი ნებისმიერი გავლენისგან გვიცავს და გვათავისუფლებს, რომ მსგავსი პრეცედენტის დაშვება არც ერთი მხარისთვის არ ვარგა, რომ ზეწოლა დაუშვებელია და სხვა, გაზიარებული არ იქნა, ან უფრო სწორად, გაზიარების მიუხედავად, დაჟინებული თხოვნა წმინდადების ამოღების შესახებ არაერთგზის განმეორდა. სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ასეთი არასრულფასოვანი და დამახინჯებული სურათის მიღებას, პროექტის საერთოდ გაჩერება ამჯობინა.
ისე, ცოტა უცნაურია, პროექტი თვენახევარია, ეთერშია, რატომ გამახვილდა ყურადღება ახლა და არა თავიდანვე? ეს ფაქტი დროში უცნაურად დაემთხვა ქ-ნი მანანა არჩვაძის რამდენიმე დღის წინანდელ საპროტესტო აქციას საპატრიარქოსთან. მოთხოვნა სწორედ ეს იყო – პროექტიდან წმინდანების ამოღება. მართლა უცნაური დამთხვევაა.

17 იანვარი, შაბათი
წუხელ “დიდ ათეულში” სამეურვეო საბჭოს ხუთი წევრი გამოვედით და ჩვენი აზრი გამოვთქვით პროექტის გაჩერების შესახებ. ეთერზე უშუალო ზეგავლენის ბერკეტი საბჭოს კანონით არ გააჩნია, ჩვენ მენეჯმენტს მხოლოდ რეკომენდაცია მივეცით. უნდა ვაღიარო, ესეც მხდალი და კომპრომისული გადაწყვეტილებაა, საბჭო გადაცემაში საკმაოდ უნიათოდ და ულაზათოდ გამოიყურებოდა. მაგრამ თუ მენეჯმენტი ჩვენს ამ რეკომენდაციას ყურად არ იღებს, ჩვენს შორის სერიოზული ბზარი გაჩნდება. საპატრიარქოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისა და, პირადად, პატრიარქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ პროექტი წმინდანებად შერაცხული პირების გარეშე გავაგრძელეთ, როგორც უნდა შევალამაზოთ, ფაქტი ჯიუტია - ჩვენ ამ მოთხოვნას დავემორჩილებით. ხვალ სხვას მოუნდება სხვა ბერკეტების ამუშავება და, საბოლოოდ, ვეღარავინ გაიგებს, პარლამენტის ტელევიზია ვართ, მთავრობის, პრეზიდენტისა თუ საპატრიარქოსი. არადა, ჩვენ ხალხის ტელევიზია ვართ, საზოგადოების. ასე გვეწოდება – საზოგადოებრივი არხი. თუმცა, ჯერ მხოლოდ გვეწოდება. ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ნურავინ მიწყენს და, ალბათ ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოება.
ორშაბათიდან მამაჩემის ჯანმრთელობას უნდა მივხედო. ვიდრე ადამიანს დედა და მამა ჰყავს, ახალგაზრდა და ბედნიერია. ძალიან მინდა, დედა და მამა დიდხანს მყავდნენ კარგად. კიდევ რეზო, სალომე, ნატუკა, ადრიანი (ჩემი არაჩვეულებრივი სიძე!) და - მთავარი ადამიანი: ჩემი შვილიშვილი, ჩემი მაქსიმე, რომელმაც პრიორიტეტები სულ თავდაყირა დამიყენა! მერე ჩემი მეგობრები, ახლობლები და ჩემი ქვეყანა მინდა კარგად მყავდეს. ეს უმნიშვნელოვანესი ყოფილა! ფინალი ორდინარული, შეიძლება, ბანალურიც გამომდის – მაგრამ, როგორც თავში დაგპირდით, მართლაც ვეცადე, ეს დღიური თუ ანგარიში, გულწრფელი ყოფილიყო. “არაფერი გულწრფელი კი კაცს (და არც ქალს!) არ გაემტყუნება”. ხომ ასეა?
XS
SM
MD
LG