Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარალეთელი დევნილები ახალ წელს ახალ კოტეჯებში ვალით ხვდებიან


დევნილების დასახლება, კარალეთი
დევნილების დასახლება, კარალეთი

კარალეთში ჩასახლებული დევნილების უმრავლესობა პირველ ახალ წელს ვალით ხვდება. ისინი წუხან, რომ ხელისუფლებამ დენის გადასახადის ქვითრების სახით მათ ორიგინალური საახალწლო საჩუქარი გაუკეთა. დევნილთაგან უმეტესობის დავალიანება 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც 100 კილოვატიანი შეღავათით გათვალისწინებული ელექტროენერგია იმყოფინეს. დავალიანების მქონე დევნილები აცხადებენ, რომ გადასახადს ვერ გადაიხდიან. გარდა ამისა, მათი თქმით, ხელისუფლების დაპირების თანახმად 18 თვის განმავლობაში ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უფასოდ უნდა ესარგებლათ.



კარალეთში ჩასახლებული დევნილები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან, თუ ენერგოკომპანია მათ ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.

კარალეთის დასახლებაში დევნილები იანვარში ჩაასახლეს. ახალ 2010 წელს ისინი პირველად ხვდებიან საკუთარ კოტეჯებში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დევნილებს შაქარი, ფქვილი, ზეთი, მაკარონი, შედედებული რძე და ცოტაოდენი ტკბილეული დაურიგა, მათი საახალწლო სუფრა განსაკუთრებული ვერ იქნება.

დევნილები მიიჩნევენ, რომ ცოტაოდენი შეღავათი მათთვის მხოლოდ ის არის, რომ გამუდმებული სროლის ხმა აღარ ესმით. ახალ წელს მათი პირველი სადღეგრძელო მშვიდობისა და საკუთარ სოფლებში დაბრუნების იქნება. კოტეჯებში ჩასახლებულთა მთავარ საახალწლო სურვილად კი კვლავ დასაქმება რჩება.

XS
SM
MD
LG