Accessibility links

ბაზარში ყველაფერს "ცეცხლი უკიდია", მაგრამ მყიდველებით სავსეა



წინასაახალწლოდ ყველაზე ხალხმრავალი ადგილი თბილისში ყოფილი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაა. თბილისელების უმრავლესობა სწორედ აქ ყიდულობს საახალწლო სანოვაგეს. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე საათი მყიდველებთან და გამყიდველებთან ერთად გაატარა.

მერე რა, რომ გამყიდველებიც და მყიდველებიც წელსაც სიძვირეზე ჩივიან. ახალი წელია და თბილისში ყველა ბაზართან მისასვლელი გზა გადატვირთულია. წელიწადში ერთხელ ღირს ხელფასის დიდი ნაწილი საახალწლო განწყობის შექმნას მოხმარდეს. 2010 ვეფხვის წელია. თბილისელების დიდი ნაწილი სავაჭროდ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას სტუმრობს. აქ ყველაფერი შედარებით იაფია, ვიდრე სუპერმარკეტებში.


კანფეტების და შოკოლადების რიგი - ფასები 4 ლარიდან 20 ლარამდეა. ვის როგორ შეუძლია.
- რამდენ კილოს ყიდულობთ?
- ვნახოთ, როგორ გავწვდები... ოთხლარიან შოკოლადს ვყიდულობ.

ხურმის ჩირი ერთი კილო სამი ლარი ღირს, მის გამყიდველს სთხოვენ ცოტა დაუკლოს. ხალხს ფული არა აქვსო, ჩივის. ირგვლივ კი ტევა არ არის.
- ხალხს არა აქვს ფული - ძვირიაო, ყველა ამბობს, ვერ ყიდულობენ...
- ცოტა დაუკელი.
- აი, ჯერ შაქრის ფასმა დაიკლოს და მერე...
- თქვენ თუ იყიდეთ, საახალწლო სუფრისთვის რაც გინდოდათ.
- კი, ვიყიდე, სადღაც 100-150 ლარი უკვე დავხარჯე... გოჭს ხვალ ვიყიდი, მაინც ახალი წელია და...

საახალწლო გოჭის ფასები - 60-70 ლარიდან იწყება.
- დღეს რამდენი გაყიდეთ?
- ჯერ მხოლოდ ორი ცალი, რაღაც არ არის ვაჭრობა...


ჩურჩხელების გამყიდველს კლიენტების ნამდვილი შემოსევა აქვს. კმაყოფილია ვაჭრობითაც. ჩიჩილაკი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ - ორლარიანიც და ათლარიანიც. სათამაშოების გამყიდველი ქალი გვეუბნება, რომ წელს ხალხს უფულობა უფრო დაეტყო: ”ვწვალობთ, რა ვქნათ.. აი, მე დასავლეთიდან ვარ ჩამოსული. 100-150 ლარს რომ ივაჭრებ, არაფერში არ გეყოფა... მოგება კაპიკებია. მე ნაძვის ხის სათამაშოებს ვყიდი.. აი, ესენი ლარი ღირს, ისინი - ორი ლარი...

საახალწლო მაშხალები, ასაფეთქებლები ყველანაირ ფასადაა - 50 თეთრიდან 15 ლარამდე.

დედა-შვილი საახალწლო სუფრის სიას ჩაჰყურებს. ჩვენც დრო ვიხელთეთ და ვკითხეთ, რა წერია ამ სიაში. ამბობენ, რომ მაქსიმალურად შეეცადნენ საახალწლო სუფრას არაფერი დაჰკლებოდა.

წელს ნიგოზი 12 ლარი ღირს. აქ რეკლამაც თავისებური აქვთ: ”სუპერნიგოზი რაჭიდან“.

Georgia -- New Year in Tbilisi, 29Dec2009
ბავშვთა სამყაროს წინ ნაძვის ხეებს ყიდიან. ტოტებისგან აწყობილი საახალწლო ნაძვის ხეების ფასი 5 ლარიდან იწყება. ცოცხალი ნაძვის ხე 50 ლარიც ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ სიძვირეზე ყველა ჩივის, მაინც ყველა ცდილობს ახალ წელს სავსე სუფრით შეხვდეს.



XS
SM
MD
LG