Accessibility links

logo-print

ეკონომიკური ვარდნიდან ეკონომიკური თავისუფლების აქტამდე


საქართველოს ეკონომიკისთვის 2009 რთული წელი იყო. გლობალურმა ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, შინაპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და რუსეთთან დაძაბულმა ურთიერთობამ საქართველოს საინვესტიციო ხიბლი დაუკარგა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის თითქმის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა - ის გასულ წელს მხოლოდ 4 პროცენტით შემცირდა. ამან სტიმული მისცა საქართველოს მთავრობას, რომელმაც ლიბერალური რეფორმების გაგრძელება გადაწყვიტა.

ეკონომიკა საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრებაა. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ აფასებენ რიგითი მოქალაქეები გასული წლის ეკონომიკურ მოვლენებს. რადიო თავისუფლება თბილისის ქუჩაში გამვლელებს გაესაუბრა.

ავტომაგისტრალის მშენებლობა
”მნიშვნელოვანი მოვლენა არის, გორამდე რომ გაიყვანეს კარგი გზა...” ”მე კიდევ მიმაჩნია ჰიდროელექტროსადგურების პროექტი...” ”არაფერიც არ მომხდარა”, - ამბობენ რიგითი თბილისელები.

თბილისი-გორის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულებას წინ უსწრებდა რთული ეკონომიკური პროცესები წლის დასაწყისში. საგადასახადო შემოსავლების 20 პროცენტიანმა ვარდნამ 2009 წლის გაზაფხულზე ქვეყნის ეკონომიკის ერთპროცენტიანი ზრდის იმედებიც კი დაასამარა. თუ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ზრდის პერსპექტივას ისევ ინარჩუნებდა, 2009 წლის გაზაფხულზე უეცარი ვარდნა შიდაპოლიტიკურმა არასტაბილურობამ განაპირობა. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის კომენტარი:

”ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, თუ ეს დაძაბულობა ხანგრძლივვადიანია.”

მაშინ ბევრს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეკონომიკური ვარდნის მიზეზი მრავალათასიანი პერმანენტული საპროტესტო აქციები იყო. თუმცა, როგორც კი საპროტესტო მოძრაობა მინელდა, ეკონომიკამ გამოცოცხლება იწყო და ეს საბანკო ანაბრების ზრდის მაჩვენებლებით, უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის რაოდენობის ზრდითა თუ გადასახადების მობილიზების დონით გამოჩნდა. უკვე ზაფხულის დასაწყისში საქართველოს მთავრობა ოპტიმისტურად იყო განწყობილი და საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ- მინისტრს ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის წინადადებების მომზადება დაავალა. მთავრობის წინადადებების საფუძველზე, წლის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური თავისუფლების აქტის ინიციატივით გამოვიდა:

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
„ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი ლიბერტალიანელი. ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს. ეკონომიკურ ლიბერალიზმს იგი “ფრიტრეიდერობას” ეძახდა და განმარტავდა როგორც აღებმიცემობის თავისუფლებას.“

ეკონომიკური თავისუფლების აქტით იკრძალება ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნა, საკონსტიტუციო კანონით განისაზღვრება მთავრობის მოცულობა, რომლის დაფინანსების გაზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის გარეშე შეუძლებელი იქნება. ასევე, რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდება იმ ხელისუფლებას, რომელიც გადასახადების გაზრდას გადაწყვეტს.

საქართველოს მთავრობის ესა და სხვა ეკონომიკური ინიციატივები დადებითად შეაფასა საქართველოში ვიზიტად მყოფმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო ივეალამ. მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორია.

ნგოზი ოკონჯო ივეალა, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი
„ამ თანხების ნაწილი ჩაიდო ინფრასტრუქტურაში იმისთვის, რომ უზრუნველეყო მოსახლეობის დასაქმება. ზომები იქნა მიღებული მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენების დასახმარებლად და ნაწილი ღონისძიებებისა იყო გადასახადების შემცირება, რომელიც ემსახურებოდა ეკონომიკის სტიმულირების მიზანს. ჩვენი აზრით, ეს არის კრიზისის დაძლევის ძალიან კარგი გზა.“

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიით კმაყოფილმა მსოფლიო ბანკმა საქართველოს დახმარების მოცულობა 400 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა. ამ და სხვა საერთაშორისო დახმარებამ, რომელიც საქართველომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო, საშუალება მისცა მთავრობას მთავარი ინვესტორის როლში გამოსულიყო.

ომისა და გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2004 წლის დონეს დაუბრუნდა. ისინი მთავრობამ ჩაანაცვლა, თუმცა კი გაჩნდა ეკონომიკაში მთავრობის ზედმეტი ჩარევისა და უპასუხისმგებლობის საშიშროება, რასაც უცხოური დახმარება, ის ფული იწვევს, რომელიც მთავრობისთვის საკუთარ გადასახადის გადამხდელებს არ მიუციათ.

მიუხედავად ამისა, საქართველომ ბიზნესის წარმოების მსოფლიო რეიტინგში არათუ შეინარჩუნა ძველი ადგილი, არამედ შედეგი გააუმჯობესა კიდეც და 183 ქვეყანას შორის მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

მაგრამ პოლიტიკური ოპოზიცია თავად რეიტინგის შედეგსაც ეჭვქვეშ აყენებს, რასაც არ იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები, მათ შორის ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი
”მაგ კრიტერიუმებით, მაგ მეთოდოლოგიით საქართველო მანდ უნდა იყოს სწორედ. და კიდევ ერთი პლუსი: საქართველოს მთავრობა ცდილობს მოერგოს მაგ კრიტერიუმებს. მანდ თუ ჩაიწერება ის, დაცულია თუ არა კერძო საკუთრება, მაშინ დავინახავთ ყველა, რომ მთავრობა შეეცდება ამ კრიტერიუმების შესრულებას.”

კერძო საკუთრების ხელშეუხებლობისა და სასამართლოს პრობლემები ძირითადად ის საკითხებია, რომლებიც საქართველოში მოქმედ ბიზნესს აწუხებს და კვლავაც ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებლად რჩება. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ 2010 წელს საქართველოს ეკონომიკა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც - დაახლოებით, 2 პროცენტით - გაიზრდება.
XS
SM
MD
LG