Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 31 დეკემბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული გაზეთების დიდი ნაწილი პირველ გვერდზე მკითხველს ახალ წელს ულოცავს , თუმცა არასადღესასწაულო თემებსაც მრავლად შეხვდებით. დავიწყებთ „რეზონანსით“, სადაც დღეს წაიკითხავთ სტატიას ცვლილებებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკოს უფლებამოსილება ამოწურულია და უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ვალდებულია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ორი ან სამი კანდიდატი წარადგინოსო. ”რეზონანსი” წერს, სამთავრობო კულუარებში იმაზე ლაპარაკობენ, რომ თარხნიშვილის შემცვლელად სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის წარდგენას გეგმავს. გაზეთი წყაროს არ ასახელებს და იმასაც წერს, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ხელისუფლებიდან არავინ ისურვაო.

”რეზონანსშივე” ნახავთ სტატიას ”ალიანსი საქართველოსთვის” მიერ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებაზე, რომ პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. გაზეთი ამ თემაზე პრაიმერში მონაწილე ზვიად ძიძიგურს გაესაუბრა, რომელმაც თქვა: ”პოლიტიკაში არის ასეთი ფორმულა: არასოდეს თქვა „არასოდეს“... და ”ალიანსის” პოზიცია, რომ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი არის მთავარი ამოსავალი, შეიძლება ჩვენ შორის შეხების წერტილი გახდეს, როდესაც ხელისუფლება აქტიურად დაიწყებს არჩევნების გაყალბებას და „ალიანსიც“ ახალი რელობის წინაშე დადგებაო.

”ახალი თაობა” წერს, ოპოზიციამ სააკაშვილს ახალი წელი ჩაუშხამაო. გაზეთის აზრით, ხელისუფლებას ახალი წელი ჩაშხამდა ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი მიმართვის გამო, სადაც პარტიები გაეროს სთხოვენ, თვითმმართველობის არჩევნებს უხელმძღვანელეთო. ”ძალიან დიდი ალბათობაა, რომ გაერო დაეთანხმება ამ მიმართვას და გაზაფხულის ადგილობრივ არჩევნებს ეს ორგანიზაცია წარუძღვება”, - წერს გაზეთი და აგრძელებს: ”ამ ალბათობას ამყარებს ის ფაქტი, რომ ლეიბორისტებს მიმართვის მომზადებამდეც ჰქონდათ კონსულტაციები გაეროში და, უფრო მეტიც, მიმართვაზე ხელმოწერა ჩატარდა გაეროს მიერ რეკომენდებული ფორმატით.”

”24 საათში”, რუბრიკაში ”თვალსაზრისი”, წაიკითხავთ სტატიას, სახელად ”ასე აგიხდეთ”. 2009 წელი - ”ეს იყო არათუ მოშუშების, არამედ წელში გამართვის წელი. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ქვეყანამ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად თითქმის შეუძლებელი შეძლოო”, - წერს ავტორი და მაგალითი მოჰყავს: ”დაიკოს ვუხსნიდი, თუ როგორ ხდება ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირება და რატომაა მაგარი, რომ მას, როგორც მასწავლებელს, წლის განმავლობაში, მიუხედავად ყველაფრისა, ხელფასი მაინც მოემატაო”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” კი ნახავთ ამავე ტიპის, მაგრამ საპირისპირო პათოსის პუბლიკაციას. „წელს ყველის ვაჭარივით აღარ იკრიჭება ცინიკოსი ბრაიზა, თავისი გზა ნახა უტარო კოვზმა ტეფტმა და არამკითხეთა მთელმა ამალამ. საქართველოს ძველი ”კეთილმოსურნეებიდან” აპატურაიღა აპანტურებს უშნოდ ყურებს”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის ავტორი”.
XS
SM
MD
LG