Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი მეამბოხეების სისხლიანი იერიში ყანდაარსა და ხოსტში


ავღანეთში 30 დეკემბერს მომხდარ ორ სისხლისმღვრელ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თალიბანის მოძრაობამ აიღო. თავდაპირველად ტერორისტი თვითმკვლელი ხოსტის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაში შეიჭრა და ამერიკის რვა მოქალაქე - სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები - დახოცა. ყანდაარის პროვინციაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად კი, ოთხი კანადელი სამხედრო პირი და ერთი ჟურნალისტი დაიღუპა.

34 წლის კანადელი ჟურნალისტი მაიკლ ლანგი ავღანეთის “კანვესტ ნიუს სერვისის” მიერ იყო გაგზავნილი. ეს მისი პირველი მივლინება იყო ავღანეთში, სადაც იგი 11 დეკემბრიდან იმყოფებოდა. მაიკლ ლანგი მესამე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში 2009 წლის განმავლობაში დაიღუპა. ყანდაარის პროვინციაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ავღანეთში განლაგებული კანადის სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალმა დანიელ მენარდმა 31 დეკემბერს განაცხადა, რომ კანადის სამხედრო ჯავშანმანქანა ყანდაარიდან 4 კილომეტრის დაშორებით პატრულირებისას ააფეთქეს:

“უსაფრთხოების მიზნით სამხედროები ახორციელებდნენ ადგილობრივი დასახლების პატრულირებას, რომ შეეგროვებინათ ინფორმაცია ცხოვრების მოდელისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ჟურნალისტი კი სამხედროებთან ერთად იმყოფებოდა, რათა მოეთხრო, როგორ მოქმედებენ კანადელი სამხედროები ავღანეთში.”

30 დეკემბრის თავდასხმის შედეგად, კანადის სამხედრო ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 138-მდე გაიზარდა. კანადის სამხედრო ბრიგადა ავღანეთში სიდიდით მესამეა და 2800 კაცს ითვლის, თუმცა კანადის სამხედრო მისია ავღანეთში იმდენად არაპოპულარულია სამშობლოში, რომ 2011 წლისათვის მისი უკან გაყვანა იგეგმება.

კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხოსტში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც ამერიკულმა მედიამ უწოდა ყველაზე თავზეხელაღებული თავდასხმა, რაც კი ოდესმე განხორციელებულა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინააღმდეგ. თვითმკვლელი ტერორისტი შეიჭრა ყველაზე დაცულ სამხედრო ბაზაში და ამერიკის რვა მოქალაქე მოკლა. ახალი ამბების სააგენტოებმა, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაღუპულები ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ, თუმცა თავად სააგენტოს კომენტარი არ გაუკეთებია.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მოჯაჰიდმა საინფორმაციო სააგენტოებს გაუგზავნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტერორისტული აქტი ხოსტში ავღანეთის ნაციონალური არმიის ოფიცერმა განახორციელა. თვითმკვლელმა, რომელსაც ფორმის ქვეშ ასაფეთქებელი ჯავშანჟილეტი ეცვა, მოახერხა სპორტდარბაზში შესვლა და თავის აფეთქება. ზუსტად წინა დღით, 29 დეკემბერს, ავღანეთის არმიის სამხედრო მოსამსახურემ ერთი ამერიკელი და ორი იტალიელი ჯარისკაცი მოკლა დასავლეთ ავღანეთში განლაგებულ სამხედრო ბაზაში. ნოემბერში ავღანელმა პოლიციელმა მოკლა ხუთი ბრიტანელი ინსტრუქტორი ჰელმანდის პროვინციაში, ოქტომბერში კი ასევე ავღანელი პოლიციელის ხელით ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.

ექსპერტები ამბობენ, რომ თალიბანის მოძრაობის წევრები, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების სახით, ახერხებენ შეღწევას საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში. ეს კი მიმართულია ჩასაფუშად დასავლეთის გეგმებისა, რაც ავღანეთის არმიისა და პოლიციის დახმარებას ითვალისწინებს. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა და აღჭურვა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი სტრატეგიის უმთავრესი კომპონენტია, ისევე როგორც ამერიკის 40 ათასკაციანი და ნატოს დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნა ავღანეთში, რაც მზარდი ამბოხების ტალღის ჩახშობას ითვალისწინებს. ნიშანდობლივია, რომ 30 დეკემბერს, მაშინ, როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს 8 თანამშრომელი მოკლა, ავღანეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ არმიის გაწვრთნისათვის ავღანეთის მთავრობას შეერთებულმა შტატებმა 16 მილიარდი დოლარის გამოყოფა აღუთქვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG