Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2010 - განათლების და ჯანდაცვის წელი


ნიკა გილაური,საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნიკა გილაური,საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის მთავრობის პრიორიტეტულ სფეროებად ჯანდაცვა და განათლება დაასახელა და თქვა, რომ ორივე სფეროში ბევრი სიახლეა დაგეგმილი.

რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა სოციალური სფეროს ამ ორ მნიშვნელოვან დარგში და რას უნდა ველოდეთ მომავალ წელს?

”მომავალ წელს დაფინანსება მხოლოდ ორ სფეროს გაეზრდება - ეს არის ჯანდაცვა და განათლების სექტორი.”

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეს სიტყვები ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ განათლების სამინისტროში თქვა, როდესაც იქ ახალი მინისტრი წარადგინა.

შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობა მხოლოდ ბიუჯეტის ზრდით არ გამოიხატება - იცვლება ზოგადად მიდგომა:

”არა მხოლოდ დაფინანსება გაიზრდება, არამედ კარდინალურად გაიზრდება დამოკიდებულება ჯანდაცვის მიმართ, ეს გამოიხატება იმაში, რომ აქცენტები გადატანილი იქნება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის, მომსახურების ხარისხის გაზრდაზე... მთავრობამ უნდა განახორციელოს ჯანდაცვის განვითარების 2010-2015 წლის განვითარების გეგმა, რომელშიც შედის ისიც, რომ რაოდენობრივად გაიზრდება დაზღვეულთა სია: დღეს თუ გვყავს მილიონ ექვსასი ათასი დაზღვეული, 2014 წელს ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის 80% იყოს დაზღვეული.”

კოკა ფრუიძე ჯანდაცვის სფეროში წარმატებულ პროექტებს შორის ასახელებს ორს - დაზღვევისა და ოჯახის ექიმის პროგრამებს - და ამბობს, რომ სამინისტროს ამბიციური - კარგი გაგებით - გეგმის მიხედვით, უახლოეს ორ-სამ წელიწადში საქართველოს ყველა სოფელში იქნება ექიმი და ექთანი ან ექთანი მაინც.

საქმეში იყო გარკვეული ნაკლოვანებებიც, თუმცა, ამ მხრივ, როგორც კოკა ფრუიძე გვპირდება, 2010 გარდატეხის წელი იქნება :

”ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვიქნებით კმაყოფილი საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების მდგომარეობით, იქ არსებული პირობებით, როგორც მატერიალური, ისე ვიზუალური მდგომარეობით. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ, ამ ხმრივ, 2010 წელი გარდამტეხი იქნება.”

2010 წლისთვის კი მთავარ მიზნად ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამის გაფართოება რჩება, რაშიც სახელმწიფოს უფრო დიდი დოზით ჩარევა იგულისხმება.

დაფინანსება ეზრდება განათლების სფეროსაც. განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინს კონკრეტული გეგმა - თუ რომელი სფეროები იქნება პრიორიტეტული, რომელი რეფორმები გაგრძელდება - 15 იანვრისთვის ექნება მზად. მანამდე კი მომავალ - 2010 წლის - გეგმებთან დაკავშირებით მისი კომენტარი ასეთია:

”ორ საკითხს გამოვყოფდი - მასწავლებლების ნებაყოფლობით სერტიფიცირებას და მისაღებ გამოცდებზე მეოთხე გამოცდის დამატებას.”


  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG