Accessibility links

logo-print

ზუგდიდში სააკაშვილის ვიზიტს ინციდენტი მოჰყვა


ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტუმრობას და ყინულის მოედანზე სრიალს ინციდენტი მოჰყვა. პრესა.გე-ს კორესპონდენტის ნანა ფაჟავასა და რეგიონალური ჟურნალის "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ისინი სააკაშვილის დაცვის წევრებმა სცემეს. მათი მტკიცებით, ნანა ფაჟავა პრესა.გე-სთვის ვიდეოსიუჟეტს ამზადებდა, როცა მას სააკაშვილის დაცვის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვიდეოკამერა ჯერ დაუზიანეს, შემდეგ კი წაართვეს. განსხვავებულად აღწერს სურათს საქართველოს ხელისუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებმა "სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა" მიაყენეს ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას და დააზიანეს მისი ავტომანქანა, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს. პოლიციამ დააკავა ნანა ფაჟავა და ილია ჩაჩიბაია. “ერთის მხრივ, დაკავებულებთან დაკავშირებით პოლიცია სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა მათ სასჯელის სახით შეეფარდოთ ჯარიმა, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, მეორეს მხრივ პოლიცია მოუწოდებს ყველას, მათ შორის ჟურნალისტებსაც, რომ მათ თავისი ქმედება მოაქციონ კანონის ჩარჩოებში და იყვნენ კანონმორჩილნი”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG