Accessibility links

logo-print
6 დეკემბერი, კვირა
თბილისის დილა გათენდა. შაბათის მძიმე დღის რევიზია გავაკეთე: მასწავლებელთა ყრილობა, ინტერვიუები, შეხვედრები, საუბრები, საუბრები, შეკითხვები, პასუხები, პირდაპირი ეთერი, ალმა-ატის მასალების გაცნობა... ცოტა წავივარჯიშე და ნინომ რძიანი ყავაც მაჯახა.
„საღამოს 5 საათზე აეროპორტში მიდიხარ და მანამდე...“, - ალბათ, აპირებდა შემოთავაზებას რამდენიმე საათი ოჯახთან ერთად როგორ გაგვეტარებინა, მაგრამ არ დავასრულებინე და უცებ ჩამოვურაკრაკე ჩემი დღის წესრიგი გაფრენამდე - თვითმფრინავის გაფრენამდე, თორემ ჩემს გიჟურ გრაფიკს მეც და ისიც ჯერჯერობით ვუძლებთ და, მგონი, არ ვაფრენთ.
ოთხივე შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა. თუმცა, ამ შეხვედრებზე ნაწილობრივ ალმა-ატაში გასაკეთებელ მოხსენებაზე ვფიქრობდი. შემდეგ გოჩასთან ერთად გავიარე კვირის გეგმები შრომის კოდექსთან და სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებით.
მარტო ვტოვებ და მეცოდება. ძალიან არ მინდოდა ალმა-ატაში წასვლა, მაგრამ ჯერ მსოფლიო პროფკავშირების ბრიუსელის ოფისმა მთხოვა, ოთხი დღის წინ კი ჟენევიდან მთხოვეს - გაეროს კონფერენციაა და რეგიონის 13 ქვეყანა შენ უნდა წარმოადგინოო. თანაც, ოთხი წუთი გაქვს მარტოო. ძალიან გავბრაზდი და ვიხტუნავე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
სახლში ექვსის ნახევარზე დავბრუნდი ისე, რომ მძღოლისთვის არც დამირეკავს. მხოლოდ ჩასახვევში გამახსენდა, რომ აეროპორტში უნდა წავეყვანე და თვითმფრინავი სახლში არ გამომივლიდა. მაგრამ, უშანგი თავისი ალალი ღიმილით სადარბაზოსთან დამხვდა. ისიც რაჭველია და იცის, რომ რაჭველებს მართლა გვიან გვახსენდება ხოლმე რაღაცები. სახლში შესულს ხუთი წლის ლუკა მომეგება და სირბილით გაიქცა ბებია-ბაბუასთან წინა დღის ფრაზით: „მომილოცეთ, მამა ჩემს დაძინებამდე დაბრუნდა!“ მისი სიხარული ნაადრევი გამოდგა - ზუსტად თხუთმეტ წუთში აეროპორტში წავედი.
აეროპორტში გავიცანი ხელისუფლების დელეგაციის წევრები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებს წარმოადგენდნენ და გაეროს ოფისის კოორდინატორი. ჩვენი აეროპორტის უაზრო გრაფიკების გადამკიდე, უკვე მერამდენედ, ჰაერში ვხვდები შემდგომ დღეს. ხუთ წუთში 7 დეკემბერი დაიწყება.
...აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო...

7 დეკემბერი, ორშაბათი
ყაზახეთის ძველ დედაქალაქში გამთენიისას, სამ საათზე ჩავფრინდი. მინუს 9 გრადუსი ყინვით და მოღიმარი სახეებით დაგვხვდნენ ყაზახები. ერთხელ პრეზიდენტმა თქვა: და აი, ჩამოვიდნენ საქართველოში ყაზახი ბიზნესმენები; ყაზახები ხომ ჩვენი ძველისძველი ნათესავები არიანო! ვაკვირდები მოღიმარ მასპინძლებს და კიდევ ერთხელ ვფიქრობ - ნეტა, რას გულისხმობდა პრეზიდენტი?
სასტუმროში მიგვიყვანეს და 2000 წელი გამახსენდა. სწორედ ამ სასტუმროში გავაკეთე პირველი პრეზენტაცია ენერგეტიკაზე ჩემი ამერიკული კორპორაციის სახელით. ურიგოდ არ გამოვიდა მაშინ. ვნახოთ, ახლა რა გამოვა. სხვაც ბევრი გამახსენდა, მაგრამ დანარჩენს მემუარების წერა თუ გადავწყვიტე, იქ მოვყვები.
კონფერენციას შევუერთდი. დარბაზს გადავხედე. არ ჰგავს ეს ხალხი კრიზისის დამმარცხებელს. მით უმეტეს, მოდერატორად ОРТ-ს ჟურნალისტი, ვინმე გურნოვი, ჰყავთ. ჟურნალისტი და კრიზისთან ბრძოლა? „ჟურნალისტი“ პირობითად, თორემ შუბლზე აწერია - „ქეი-ჯი-ბი“.
მსოფლიო ბანკი რა უცოდველი ბავშვივით გამოიყურება?!.. თითქოს, ჩემი წახალისებული იყოს კაზინოს ტიპის ეკონომიკები; საკუთარ ლაბორატორიად რომ იყენებენ ჩვენი ტიპის ქვეყნებს. აქ წარმოდგენილი 13 ქვეყანა თითქმის უპირობოდ ასრულებდა მათ მითითებებს და მიუხედავად ჩვენი და მსოფლიო პროფკავშირების არაერთი ანალიზისა და დასკვნისა, რომ კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა, ყურს არ გვიგდებდნენ - ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერსო. ჰა, რატომ არ არეგულირებს ბაზარი ყველაფერს?
ფიქრებს გაეროს ერთი ზორბა წარმომადგენელი მაწყვეტინებს და ყურში მეუბნება: მისტერ ირაკლი, თქვენი გამოსვლა 8 დეკემბრის მაგივრად 7-ში გადმოვიტანეთო. რატომ-მეთქი, და - არ ვიციო. „გაიხარე, მუშავ წამებულო!“ ვფიქრობდი, რვისთვის უკეთ მოვემზადებოდი, თან მაინტერესებს, ვის დაჭირდა ჩემი გამოსვლის გადმოტანა. ჩემი უცხოელი მეგობრები რუსებზე მიმანიშნებენ. აქაც რუსები! იციან, მხოლოდ ეკონომიკასა და მთავრობის შეცდომებზე არ ვილაპარაკებ და ჩემი გამოსვლის შემდეგ უნდათ, მათ გაანეიტრალონ ჩემი პოლიტიკური განცხადებები. არ გამოუვიდათ. 7-ში კი გამოვედი, მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვე, ჩემი გამოსვლა მათი გამოსვლის შემდეგ ჩაესვათ. თან, დებატებში მინდა ჩართვა, რადგან ოთხ წუთში 13 ქვეყნის პრობლემებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მით უმეტეს, ცალკე საქართველოსაც ხომ მინდა შევეხო.
გურნოვს სიტყვას ვთხოვ რეპლიკისთვის და ხაზს ვუსვამ, რომ ოფიციალური გამოსვლა შემდეგ მექნება. რეპლიკაში კი ვამბობ, ჩვენს ნეოლიბერალურ მთავრობასთან ერთად რუსეთის ფაშისტური რეჟიმის ეთნიკური წმენდით და ოკუპაციით რამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგა და ეკონომიკამ რა ზარალი ნახა. გურნოვს, როგორც ჭეშმარიტ „ფე-ეს-ბეს“, ძალიან ეწყინა და პროტოკოლით გათვალისწინებული სიტყვა საერთოდ აღარ მომცა. საერთოდ არ მინდოდა ჩამოსვლა, მით უმეტეს - გამოსვლა, დროის სიმცირის გამო, მაგრამ გურნოვმა თავისთან მოიძიოს ის ხალხი, ვისაც სიტყვას ჩამოართმევს. ერთი ამბავი ავტეხე. გურნოვს მოდერატორობა ჩამოართვეს და პროტოკოლი გადაალაგეს, რომ ჩემთვის სიტყვა მოეცათ, იმ პირობით, რომ გამოსვლისას ამ ყველაფერზე არაფერს ვიტყოდი. მაინც ვერ მოვითმინე და ერთი-ორი მაინც წავჩქმიტე. არ მესმის ადამიანების, რომლებიც მათთან კეთილმეზობლობაზე და არგაღიზიანებაზე ლაპარაკობენ და ვერც ვერასდროს გავიგებ. პრინციპი: დათვი, რომ მოგერევა, ბაბა დაუძახეო, ჩემთვის მიუღებელია.
საღამოს 7 საათია. ყაზახეთის მთავრობა მიღებას მართავს გაეროსთან ერთად. სუფრას ისე, როგორც საქართველოში გამართულ მიღებებზე, კრიზისის არაფერი ეტყობა. ყაზახი გოგონების მოცეკვავეთა გუნდი გამოგოგმანდა და აზიურ სტილში ცეკვები შეასრულა. ჩვენსავით ცეცხლოვანი ცეკვები არ აქვთ, მაგრამ ლამაზად ცეკვავენ. თვითონაც ლამაზები არიან. საერთოდ, ძალიან გულღია და სტუმართმოყვარე ხალხია. დემოკრატია არა აქვთ, მაგრამ არც სჭირდებათ. უბრალო ხალხი იმითაც კმაყოფილია, რაც აქვს. სუვერენიტეტი? თუ საქართველოს შეუძლია თქვას, დამოუკიდებელი ვარო, მათ ორჯერ მეტი ხარისხი აქვთ დამოუკიდებლობის. ნაზარბაევმა ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრობით, 20 წელიწადში ყაზახების სასარგებლოდ შეცვალა ყაზახების უარყოფითი ბალანსი რუსულენოვან მოსახლეობასთან - თუ უწინ 30%-70%-ზე იყო, დღეს 55%-45%-ზეა ყაზახების სასარგებლოდ.
ყაზახებზე ფიქრს ისევ გურნოვი მაწყვეტინებს და თავზე მადგება, უკვე აწითლებულ-გაბიჟვინებული სახით მეუბნება: „Ну, что? Всё-таки достиг своего, да?“ შუაში შეშინებული შმაკოვი გვიდგება, რომელსაც ვამშვიდებ და გვერდზე ვწევ, რათა კარგად გავიგო, ნახევარი საათის წინ დაწყებულ მიღებაზე რით მოასწრო დათრობა ამხანაგმა გურნოვმა. შმაკოვი მიხვდა, სიტუაცია იძაბებოდა. ლამის ძალით, ოდნავ გვერდზე გაიყვანა გურნოვი. თან, ყურში რაღაცას ეჩურჩულება. ალბათ, იმას - ბრიუსელის აღმოსავლეთის პარტნიორობის კონფერენციაზე რუსეთის საელჩოს ერთმა თანამშრომელმა ჩემი „ტკბილი“ ხელის გემო როგორ გაიგო.
სასტუმროში მივდივარ. დავწექი.
...აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო...

8 დეკემბერი, სამშაბათი
კონფერენცია დასრულებისკენ მიდის. 16 საათზე ყაზახი კოლეგა დამადგა, სიაზბეკი, და მთხოვა - ყველა ქვეყნის პროფკავშირებს რეზიდენციაში ვეპატიჟები და აუცილებლად წამოდიო.
დაახლოებით წყნეთამდე სავალ მანძილზე ვიარეთ. ულამაზესი პეიზაჟი, ნამდვილად მოვლილი და სუფთა. მდიდრული რეზიდენცია-სასტუმრო დაგვხვდა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტიც ხშირი სტუმარი ყოფილა. ყაზახური კერძებით დამშვენებულ მდიდრულ სუფრას ნაზარბაევის მიერ გამოგზავნილი, პროფკავშირის ლიდერების დასაჯილდოებელი სამი მედალიც დაემატა. თან გამეღიმა, თანაც, სადღაც გული დამწყდა. ყაზახური პროფკავშირები მსოფლიო პროფკავშირების წევრი არ არის ჩვენსავით. მედლები და წერილები კი არა, ვატყობ, ჭირის დღესავით ვერ გვიტანს მთავრობა პროფკავშირებს. არადა, რა უნდათ? ქვეყანა მათზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ გვიყვარს. ომში უკან არ დაგვიხევია და დემოკრატიის შენებაში. მედალი არ მითხოვია და ჯილდო. თუ ვაკრიტიკებთ, მათი სკამები არ გვინდა, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ვიბრძვით. უგუნურებას რომ გუნდრუკს არ ვუკმევთ, ჩვენი ბრალია, თუ უგუნური რეფორმების და კიდევ უფრო უგუნური ჩინოვნიკების, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ოპოზიციაშია? არა უშავს, სანთელ-საკმეველი თავის გზას ყოველთვის იპოვნის და პოულობს კიდეც. ყველა ჩვენი პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა და ამ ბრძოლამ ჩვენი ადგილი, საკმაოდ ავტორიტეტიანი ადგილი დაგვიმკვიდრა მსოფლიო პროფკავშირებში.
სასტუმროში ტელევიზორს ვრთავ და პერმის ტრაგედიას აჩვენებენ რომელიღაც რუსულ არხზე. ასზე მეტი დაღუპული და რუსეთის მთავრობის 80-იანი წლებისთვის ჩვეული რეაქცია - ფოიერვერკს კრძალავენ რუსეთში. არაყი რომ აკრძალეს, ხომ გადააჩვიეს რუსები სმას?!.. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის ხელისუფლება რას აკეთებს? დანარჩენში ხომ მაგარი ადეკვატურები არიან. მათ რას ვერჩი? საკუთარი თავი მაქვს სადარდებელი. მე რა, ადეკვატური ვარ ამ ტრაგედიის მიმართ? საქართველოში პანაშვიდებზე ხანდახან ძალიან არაბუნებრივი, ყასიდად ტირილი რომ იციან, მეც, ამ ამბის გაგებისას - ნწუ, ნწუ, ნწუ - ორჯერ აქეთ-იქით გადავიქნიე თავი. მორჩა. მერე, უფრო მოგვიანებით დავფიქრდი და შემეშინდა. საკუთარი თავის შემეშინდა. რამ გამიქვავა ასე ეს გული? რამდენი ახალგაზრდა სიცოცხლე ჩაქრა, რამდენი დედა ატირდა. აგერ, დიქტორი ამბობს - მორგის მორიგეს გული გაუსკდაო. მე რამ დამიშრო ეს ცრემლი? უფალო, შემიწყალე! ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიტირე და თითქმის ერთდროულად მახსენდება ორი ამბავი: ერთმა ომში შვილმკვდარმა მასწავლებელმა მცხეთაში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე ისე ამატირა, სცენაზე ვეღარ გავჩერდი და კულისებში გავედი. მეორედ, რუსი ცოლ-ქმრის მიერ გადაღებული ფილმი რომ ვნახე სამაჩაბლოს, აფხაზეთის ომზე, სიმწრისგან ვიტირე. ხო, სიმწრისგან. ახლა კი, სინანული უნდა დამუფლებოდა. იქნებ, ჩემს მიერ გახსენებული ეს ორი და არა მხოლოდ ორი სიმწრის ტირილია ჩემი დღევანდელი სიმშვიდისა და უცრემლობის მიზეზი? არა, სისულელეა. უბრალოდ, თავის გამართლებას ვცდილობ. ომზე ფილმი ხომ რუსებმა გადაიღეს. იქნებ, იმ დაღუპულებში სწორედ ასეთი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ქართველებს მეგობრებად გამოადგებოდნენ. მიმტევებლობის არქონა ჩემი დიდი მინუსია და ამიტომაც, ვერ ვარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. „ვალს“ ყოველთვის ვაბრუნებ, სიკეთესაც და სიავესაც. იმ წუთში თუ ვერ მოვახერხე, შემდეგ - აუცილებლად. ჰოდა, ვალი ვერ გადავუხადე რუსებს ჩემი ქვეყნის ძაძით შემოსისთვის, სულში ჩაფურთხებისთვის, საჯიშე ბიჭების გაწყვეტისთვის, დაცინვისთვის, ჩემი თეკლას ზეცაში შიშით აპყრობილი თვალებისთვის და ასე თითქმის ყველა ოჯახში შეტანილი უბედურებისთვის.
...აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო...

9 დეკემბერი, ოთხშაბათი
ლაინერი ყაზახეთის მიწას მოწყდა და ღრუბლებში ისე შეცურა, როგორც კალაპოტიდან შემთხვევით გადმოსული წყალი მთავარ მდინარეს უბრუნდება. მისი ადგილი კია ცაში და მშვენივრადაც იხდენს ამას, მაგრამ ჩემზე რა მოგახსენოთ... 50-მდე ქვეყანა და, მინიმუმ, ორი ამდენი ქალაქი მაქვს მოვლილი და ფრენას მაინც ვერ შევეჩვიე.
კონფერენციამ ისე ჩაიარა, როგორც უნდა ჩაევლო. კრიზისის დაძლევის რა გითხრათ, მაგრამ ამ შობის თვეში, წლის ბოლოს, როცა მთელი მსოფლიო შობისთვის ემზადება, მე კი ვიცი, რატომ ტარდება კონფერენციები.
კრიზისი ღვთის რისხვაა. მდიდრების, ქონებით დაბრმავებული ხალხისა და სახელმწიფოებისადმი, რომლებიც მუდამ ისეთ კანონებს და სქემებს აწყობენ, რომ უფრო გამდიდრდნენ ღარიბების ხარჯზე. დაახლოებით ასე წერს სერბი წმინდანი - ნიკოლოზი...
დედა გამახსენდა. ოპერაცია სჭირდება. ნაწილი მეუბნება, გაამართლებსო, ნაწილი - არ ამართლებსო. ვერ გადამიწყვეტია, რა ვქნა. არადა, ძლიერი ტკივილები აქვს. ალბათ, მაინც, გავუკეთებ...
ერთი ებრაელი მიხსნიდა, რა კარგი მოგონება არის მოხუცებულების თავშესაფარიო; დედა იქ ჩავაბარე და ისიც და მეც ბედნიერები ვართო. არადა, ყველა შეხვედრაზე კაზინოს „ფიშკებს“ ათამაშებდა ხელში. ვკითხე, კაზინოში ხშირად დადიხარ-მეთქი? ყოველდღე, გამყიდა მაგ შობელძაღლმაო. სკოლაში აქ სწავლობდი და გოდორი თუ გახსენდება-მეთქი? ყველაფერი არაო, - მიპასუხა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს კაცი საქართველოში წარმატებული არ ყოფილიყო. ასეც მოხდა. ექვს თვეში „დაახვია“ აქედან.
არასოდეს ასე არ მყვარებია მშობელი დედა, ჩემი მშობელი ქვეყანა და ჩემი უბედური ქვეყანა. ავადმყოფი, ალბათ, უფრო გიძლიერებს სიყვარულის გრძნობას.
გვანცა, თეკლა (ჩემი ბითვინა), ლუკა, ნინო, მამა და ჩემი და ირმა - ყველა ძალიან მომენატრა. ყოველთვის ასე მემართება, ქვეყანას ცოტა ხნით რომ ვტოვებ და კიდევ უფრო მეცოდება ჩემი სვებედგამწარებული თანამემამულეები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იძულებული არიან, მიატოვონ ყველა და ყველაფერი და ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, სად მიდიან ლუკმა-პურის საშოვნელად, რა გზას გადიან, რა მონატრებას და ნოსტალგიას იტანენ, საკუთარი თავი და აქ მყოფები რომ გამოკვებონ.
...აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო...

10 დეკემბერი, ხუთშაბათი
10 დეკემბერსაც თვითმფრინავში შევხვდი. თბილისისკენ მოვფრინავ სტამბოლიდან. ათში გამთენიისას ჩამოვდივარ და ძალიან ბევრი საქმე მაქვს. 11 საათზე „მერიოტში“ პრეზენტაცია უნდა გავაკეთო ტრეფიკინგთან და იძულებით შრომასთან დაკავშირებით პროფკავშირების მიერ გაკეთებული წიგნისა. 14 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გვაქვს.
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა. დეკლარაცია, რომელიც 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღეს, საქართველოსაც აღიარებული აქვს, მაგრამ მისი მუხლები ირღვევა ისე, როგორც ბევრი სხვა საერთაშორისო ვალდებულება არის იგნორირებული - დაწყებული ევროპის სოციალური ქარტიით, დამთავრებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით.
ბავშვები გამახსენდა. ისევ ძალიან ვაკლივარ. მათ აღზრდაში, ფაქტობრივად, ვერ ვმონაწილეობ. არის კი ამაზე მნიშვნელოვანი ის, რასაც ვაკეთებ? ერთხელ ლუკამ მკითხა, შენ ხო პრეზიდენტობა არ გინდა და რატომ ჩხუბობ ტელევიზიით და მიტინგებზეო?
...ვატყობ, ჯანმრთელობა მიუარესდება. ხელებზე ტოქსიკური მოწამვლის ნიშნები მაქვს და უფრო მიძლიერდება. თან, გაციებული ვარ. ღორის გრიპი მძვინვარებს და ყველა სიკეთესთან ერთად ღრუტუნიც თუ დავიწყე, მაგარი იქნება.
ფაქტობრივად, უძინარმა ჩავატარე მიტინგიც და პრეზენტაციაც, მაგრამ ვატყობ, გადაადგილება მიჭირს. ცუდად ვარ. საღამოს „კავკასიაში“ პირდაპირი ეთერი მაქვს, მაგრამ არაფრის თავი არ მაქვს. დათო აქუბარდიასთან მანანა მიმყავს. მგონი, ცუდი არ გამოვიდა ეთერი.
...აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო...

11 დეკემბერი, პარასკევი
მოწამვლა უფრო გამიძლიერდა. საავადმყოფოში გადამიყვანეს. სასწრაფოდ გადასხმები დამჭირდა. მოწამვლაა თუ ალერგია, ჯერ ვერ დაადგინეს. სისხლის ანალიზის პასუხს დრო სჭირდება. ექიმი, წაშლილი სახის მიუხედავად, მაინც მცნობს და თან მყვება. ფულს არ მართმევს. მთავრობას რომ ვუყვარდე, ამათ აღარ ვეყვარებოდი. ამათი სიყვარული მირჩევნია.
ფეხზე თუ ვერ დავდექი, რა მეშველება, არ ვიცი. სიღნაღში სემინარი მაქვს ჩასატარებელი ჟურნალისტებთან. თან, შაბათს პირდაპირი ეთერი მაქვს კიდევ. თან, რადიო თავისუფლება და ეს დღიურები! თანდათან მახსენდება და ვნერვიულობ. არ მიყვარს, როცა ვინმეს რამეს ვპირდები და ვერ ვასრულებ.
...აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო...

12 დეკემბერი, შაბათი
სიღნაღში ვერ წავედი. გოჩა ჩაატარებს სემინარებს. მასაც ჩემსავით ძალიან მძიმე რეჟიმი აქვს. პროფკავშირები ჩემთვისაც და მისთვისაც მთავარია ისევე, როგორც ბევრი ჩვენი თანამებრძოლისთვის, რომლებიც დღითიდღე ვმრავლდებით და, დუმბაძის არ იყოს, მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. მჯერა, რომ ამ ქვეყანას, რომელსაც გარე საფრთხე ბევრი აქვს, ძლიერი პროფკავშირის, ანუ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე გაუჭირდება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების მოწესრიგება.
დღიურები მთავრდება. რთული ყოფილა სულის ფორიაქის ქაღალდზე გულწრფელად გადმოტანა. სანამ დავიწყებდი წერას, ვიფიქრე, პროფკავშირების ნაფიქრალ-ნააზრევს გადმოვიტან, რადგან ხშირად არ მეძლევა მედიასაშუალებებით ჩვენი შეხედულებების მოსახლეობისთვის მიწოდების შესაძლებლობა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რაც ჩემი ყოველდღიურობაა, იმას აღვწერდი. გულწრფელად, მომგებიანი ფრაზებით არ გამიჯერებია. ეს დღიური ჩემს მინუსსაც ბევრს აღწერს, რაც შემდგომში, ალბათ, პრობლემებს შემიქმნის, მაგრამ ეს სიმართლეა.
ხშირად კითხულობენ: „ვის მხარესაა პროფკავშირი, ვისია პეტრიაშვილი?“ არავისი არა ვარ. მე ბებიაჩემის შვილიშვილი ვარ - პაშა-ნატალია ცაგურიშვილი-პეტრიაშვილისა, რომელსაც სამი ობოლი სახლში ჰყავდა და სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიოდა და სხვისი გაჭირვებული, უმამო ბავშვებისთვის ომის წლებში სიმინდს და ლობიოს, ვინც რას გაიმეტებდა, იმას აგროვებდა. სამართლიანობისა და სიმართლის მქადაგებელი იყო და ზუსტად ვიცი, რაც უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, მისი სწორად გავლილი ცხოვრება და კეთილი საქმეები ყოველთვის დამიცავს ყველა საფრთხისგან.
...აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო, აფხაზეთი-სამაჩაბლო...
ებრაელმა ერმა ორი ათასი წელი იფიცა იერუსალიმი და დაბრუნდა იქ!
იქნება სოლიდარობა - ყველაფერი გამოვა.
XS
SM
MD
LG